დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„როცა მივედი იმ ადგილამდე, სადაც მამა ხელში ჩამკვდარ შვილს ეუბნება, დედაშენს რა ვუთხრა, ბიჭო? პატარა ბავშვივით აუთამაშდა სახე ზაქარიაძეს, ცრემლები მოაწვაო და ატირდა, ტიროდა ზაქარიაძე“ 09.05.2020 18:48

თამრო ოქრუაშვილის გვერდიდან:

 

არ ვიცი, როგორ ითამაშებდა ამ როლს სპარტაკ ბაღაშვილი, მაგრამ ფაქტია, რეზო ჩხეიძემ თავისი გაიტანა და როლზე სერგო ზაქარიაძე დაამტკიცეს, და დღეს ძნელია წარმოიდგინო სხვანაირი ჯარისკაცის მამა. უბრალოდ შეუძლებელია, ხო.. საგრიმიოროში დავადექიო თავზე, იხსენებდა ჩხეიძე, გრიმს უკეთებდენო და ეტყობა არ მოსწონდაო რაღაც, და მე არც მომაქცია სალამზე ყურადღებაო. არც მაშინ გამომხედაო, რომ ვუთხარი, ბატონო სერგო, სცენარი მოგიტანეთო. და ავდექიო მეც, და უნებართვოდ, იქავე დავიწყეო ამბავის მოყოლა. მხოლოდ მაშინ ასწია თავი ზაქარიაძემ, როცა იმ ადგილამდე მივედი, ჰოსპიტალში რომ არ დახვდაო მახარაშვილს შვილი. მხოლოდ აქ ამომხედაო, დაინტერესებულმა. და მერე რა ჰქნა შენმა მახარაშვილმაო, მკითხაო. და გავაგრძელეო მეც, თუ როგორ მოხვდა კახელი გლეხი ომის წინა ხაზზე, როგორ დაატოვებინა თავი გენერალს ნაწილში , როგორ ომობდა და როგორ დაეძებდა მთელ ფრონტზე შვილს, დღეები, თვეები, წლები, და როგორ იპოვა ბერლინში, ნანგრევებში, როგორ იცნო ხმაზე, სიმღერაზე.. მერე? მერე რა მოხდაო? აქ სერგო უკვე ფეხზე წამოდგაო და მომიახლოვდაო, და გავაგრძელეო მეც, და როცა მივედი იმ ადგილამდე, სადაც მამა უკვე ხელში ჩამკვდარ შვილს ეუბნება, დედაშენს რა ვუთხრაო, ბიჭო? პატარა ბავშვივით აუთამაშდა სახე ზაქარიაძეს. ცრემლები მოაწვაო და ატირდაო , ზაქარიაძე. ტიროდაო ზაქარიაძე. და მივხვდიო, ჩხეიძემ, რომ არ შევმცდარვარო და რომ მან, და მხოლოდ მან უნდა ითამაშოსო ეს როლი, და ვუთხარიო კიდეც სათქმელი და მეო? ჩამეკითხაო ზაქარიაძე. წუთით გაჩუმდაო და რო გაიაზრა კიდევ ერთხელ ყველაფერი გრიმი გვერდით გადადო და კვლავ ტირილი დაიწყოო და ავტირდიო მეც.. ამ ცრემლებიდან დაიწყო ყველაფერი. მის შემდეგ 55 წელი გავიდა და ამ წლების განმავლობაში მილიონობით სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ფილმის ნახვისას ზუსტად ისევე იქცეოდა, როგორც იმ დღეს ის ორი დიდი ნიჭის, უზარმაზარი ნიჭის მქონე ქართველი. ქართველი, ხო, ქართველი, შენი სისხლი და ხორცი.


მეგობრის კედლიდან

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ