დღე: 20

ღამე: 12

USD 2.6755

EUR 2.8837

„გაქნილი კანდელაკის ტყუილი - აი, ასე ცრუობს გიორგი კანდელაკი და ცდილობს, მორთხმით დაჯდეს მისი ფანტაზიორი ბელადის - სააკაშვილის ხელმარცხნივ!“ 10.05.2020 16:10

ბონდო მძინარაშვილის ბლოგი:

 

კორონაცები რომ თარიღებს თავისებურად აღიქვამენ, უცხო აღარავისთვისაა. ამ მხრივ გამონაკლისი არც გიორგი კანდელაკია. მაგალითად, ამ სტატუსში, რომლითაც ტელეეთერშიც მოიწონა თავი, ისეთ მამალ სისულელეს წერს, რომ მისი სიცრუით ცნობილი და იგავმიუწვდომელი ფანტაზიორი ბელადის - სააკაშვილის ხელმარცხნივ ადგილსაც მალე დაიკავებს. გახსოვთ, ალბათ, სააკაშვილმა სტუდენტი პაპამისი სამედიცინო უნივერსიტეტის დამფუძნებლად და პირველ რექტორად რომ "განაწესა". რა თქმა უნდა, იცრუა, რადგან პაპა მიხეილი არც სამედიცინო უნივერსიტეტის დამფუძნებელთა შორის მოიხსენიება და რექტორად (დირექტორად) სამედიცინო ინსტიტუტის დაარსებიდან (1930 წელი) 20 წლის შემდეგ დაინიშნა.

 

თუმცა, დავუბრუნდეთ გიორგი კანდელაკის ფანტაზიორობას. როგორც მის ამ სტატუსში ვკითხულობთ, ანდრიუს კუბილიუსი თურმე საბჭოთა კავშირს ანგრევდა და მას კომპეტენციას უწუნებდნენ გორბაჩოვი, სუსლოვი და კრიუჩკოვი! ბიჯოს! - გაიფიქრებთ, - ეს კუბილიუსი ყოფილა, ვინც ყოფილა! გაიფიქრებთ, თუკი საბჭოთა ეპოქაზე წარმოდგენა არ გაქვთ. ანდა არაფერსაც არ გაიფიქრებთ. წარმოდგენა თუ არ გაქვთ, არც ის გეცოდინებათ, ვინ არიან გორბაჩოვი, სუსლოვი და კრიუჩკოვი. აი, გიორგი კანდელაკს კი სმენია მათ შესახებ და კუბილიუსის მებრძოლ რაინდად წარმოსაჩენად სუსლოვის და კრიუჩკოვის სულებიც კი გამოიხმო ჯოჯოხეთიდან, გორბაჩოვის სული და გზიდან მოაბრუნა! ჯერ გავიგოთ, ვინ არის ეს დიდი მებრძოლი და საბჭოთა კავშირის დამანგრეველი კუბილიუსი.

 

1956 წელს დაბადებული ანდრიუს კუბილიუსი ლიტველი პოლიტიკოსი და ლიტვის სეიმის წევრია. ახლა ევროპარლამენტის წევრიცაა. 1999-2000 და 2008-2012 წლებში იყო ლიტვის პრემიერ-მინისტრი, 2003-2015 წლებში კი ლიტველ კონსერვატორებს მეთაურობდა. მაინც, სად გადაიკვეთა მისი და გორბაჩოვ-სუსლოვ-კრიუჩკოვის გზები, რატომ უწუნებდნენ კომპეტენციას?! ჩავხედოთ კუბილიუსის საბჭოთა ბიოგრაფიას. კუბილიუსი1979 წელს დაამთავრა ვილნიუსის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1981-84 წლებში ასპირანტურაში სწავლობდა, 1984-90 წლებში კი მუშაობდა ვილნიუსის უნივერსიტეტში - ლაბორანტად, ინჟინრად და მეცნიერ-თანამშრომლად. კუბილიუსი 1988 წელს შეუერთდა საიუდისს - ლიტვის გარდაქმნის მოძრაობას (Lietuvos persitvarkymo sąjūdis), რომელიც ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად ტრანსფორმირდა. კუბილიუსი ამ მოძრაობის პასუხისმგებელი მდივანი იყო 1990-1992 წლებში. საიუდისი თანამშრომლობდა ლიტვის კომპარტიის რეფორმატორულ ფრთასთან, რომელსაც ალგირდას ბრაზაუსკასი მეთაურობდა. 1989 წლის 25 ნოემბერს საიუდისის სეიმმა თავჯდომარედ აირჩია ვიტაუტას ლანდსბერგისი. 1990 წლის 24 თებერვალს საიუდისმა უმრავლესობა მოიპოვა ლიტვის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში და პირველივე სხდომაზე, 1990 წლის 11 მარტს ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. 1993 წლის 25 თებერვალს ლიტველებმა ხუთი წლის ვადით მე-5 პრეზიდენტად აირჩიეს ალგირდას ბრაზაუსკასი, რომელიც მანამდე იყო ლიტვის რესპუბლიკის სეიმის მე-12 თავმჯდომარე (1992), ლიტვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მე-6 თავმჯდომარე (1990) და... სკამზე კარგად დაჯექით, არ გადმოვარდეთ: ლიტვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მე-4 პირველი მდივანი (1988-1989)! ბრაზაუსკასი ლიტვის 30-ე პრემიერ- მინისტრი იყო 2001-2006 წლებში. დაჯილდოებილია საბჭოთა ორდენებით - ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის, და ვლადიმერ ილიჩ ლენინის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო მედლით. ასევე მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის საპატიო ნიშნის ორდენი, რომელიც 1994 წელს დაარსდა. ბრაზაუსკასი 2010 წელს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

დავუბრუნდეთ გიორგი კანდელაკის სტატუსს. როგორც ხედავთ, ბატონი კანდელაკი ხაზს უსვამს ბატონი ვოლსკის საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცეკას ინსტრუქტორობას. არადა, მისი მოწონებული ანდრიუს კუბილიუსი მშვენივრად თანამშრომლობდა კომპარტიის ცეკას პირველ მდივან ბრაზაუსკასთან ჯერ საიუდისში, ხოლო მოგვიანებით დამოუკიდებელ ლიტვას ერთად აშენებდნენ საბჭოთა კავშირის "დამანგრეველი" კუბილიუსი და იმავე საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი თვალსაჩინო პარტიული ლიდერი ბრაზაუსკასი! კი მაგრამ რა შუაშია აქ გორბაჩოვი, სუსლოვი და კრიუჩკოვი?! აქაც მოგვიწევს თარიღების გახსენება. როგორც უკვე იცით, კუბილიუსი 1988 წელს შეუერთდა საიუდისს, ანუ ლატვიასა და ესტონეთში და იმავე პერიოდში საქართველოში შექმნილი "სახალხო ფრონტის" მსგავს ორგანიზაციას.

 

ვინ იყვნენ ამ დროს გორბაჩოვი და კრიუჩკოვი, რომლებიც, კანდელაკის თქმით, კომპეტენციას უწუნებდნენ კუბილიუსს? გორბაჩოვი 1988 წელს უკვე იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, ხოლო კრიუჩკოვი - სსრკ კაგებეს თავმჯდომარე. მანამდე, 1988 წლამდე, კრიუჩკოვი კაგებეს პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი იყო 14 წლის განმავლობაში. ეს სამმართველო საგარეო დაზვერვას კურირებდა და კუბილიუსთან საქმე ვერ ექნებოდა, რადგან შიდა საქმეები არ ეკითხებოდა, ხოლო "კუბილიუსებთან" მეხუთე სამმართველო მუშაობდა. თუ ჩემი არ სჯერა, ჰკითხოს რომან გოცირიძეს და ეტყვის! ახლა ერთი წუთით წარმოიდგინეთ, როგორ ინტერესდებიან კუბილიუსის კომპეტენციით სსრკ გენერალური მდივანი და კაგებეს თავმჯდომარე. ან რატომ უნდა დაინტერესებულიყვნენ, ვინ იყო ამ წლებში კუბილიუსი? - საიუდისის პასუხისმგებელი მდივანი! (არ გეგონოთ, ამ სტატუსს ვაკნინებ, - მე თვითონ წლების განმავლობაში გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" პასუხისმგებელი მდივანი ვიყავი. მანამდეც და შემდგომაც - სხვადასხვა გაზეთების რედაქციებშიც!) გორბაჩოვი და კრიუჩკოვი ფიზიკოსები არ იყვნენ, რომ კუბილიუსის, როგორც მეცნიერის კვალიფიკაცია და კომპეტენცია დაეწუნებინათ, ხოლო 32 წლის უსახელო მეცნიერის პოლიტიკური კომპეტენცია სსრკ მეთაურის განსჯის თემა არც იქნებოდა, როგორ ენერგიულადაც უნდა ექნია საბჭოთა კავშირის დამანგრეველი ჩაქუჩი! თან საბჭოთა კავშირის დანგრევის სურვილით ვის გააკვირვებდა, - გორბაჩოვს?!

 

ალბათ, მიაქციეთ ყურადღება, რომ ჯერ არაფერი მითქვამს სუსლოვზე .ეს მართლაც ძალიან სასაცილო რამ ბრძანა ბატონმა კანდელაკმა. თურმე სუსლოვი კომპეტენციას უწუნებდა კუბილიუსს! კარგად ჟღერს: სუსლოვი უწუნებდა! თორემ კანდელაკი ასეთი სულელიც არ არის, სუსლოვი ვინ იყო, არ იცოდეს! ალბათ, დაავიწყდა. რაც ვიზამთ, ევროპარლამენტში საჩივრების წერით გადაიღალა და ჩვენ გავახსენოთ. სსრკ "რუხი კარდინალი" მიხეილ სუსლოვი სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო 1947-82 წლებში. ანუ კუბილიუსის დაბადებამდე 9 წლით ადრე დაინიშნა ამ თანამდებობაზე და როცა გარდაიცვალა, კუბილიუსი იყო... 26 წლის! კუბილიუსის ასაკსაც რომ არ მივაქციოთ ყურადღება, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა სსრკ მთავარ იდეოლოგს - სუსლოვს ვილნიუსის უნივერსიტეტის ასპირანტურის პირველი კურსის სტუდენტის მიმართ, რა კომპეტენცია უნდა დაეწუნებინა მისთვის?! თან, გაითვალისწინეთ, 1982 წელს კუბილიუსი ჯერ არ ანგრევდა საბჭოთა კავშირს (სუსლოვის გარდაცვალებიდან 6 წლის შემდეგ წამოუარა ამ სურვილმა) და რით მიიქცევდა სასტიკი ასკეტის ყურადღებას?! სუსლოვი კუბილიუსს არა მხოლოდ კომპეტენციას არ უწუნებდა, არამედ მისი არსებობის შესახებაც კი არაფერი სმენოდა, ისე გარდაიცვალა! აი, ასე ცრუობს გიორგი კანდელაკი და ცდილობს, მორთხმით დაჯდეს მისი ფანტაზიორი ბელადის - სააკაშვილის ხელმარცხნივ!

 

P. S. წუხელ, "ობიექტივში" სტუმრობისას, გადაცემის დაწყებამდე, ბატონ გიორგი ვოლსკის კანდელაკის ამ სტატუსზე და სატელევიზიო კომენტარზე ვკითხე. გაიცინა და, "- ახლა კანდელაკზე ხომ არ ვილაპარაკებთ?" - კითხვა შემომიბრუნა.
რასაკვირველია, გადაცემაში კანდელაკზე არ გვისაუბრია. რა უნდა გვეთქვა?! ანდა მე რამ დამაწერინა ამხელა სტატუსი და, თუ უკვე ამ აბზაცს კითხულობთ, თქვენ რაღამ წაგაკითხათ?!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ