12:04 11.05.2020
დიპლომატიური ინციდენტი: რატომ უნდა "დააჭიროს ენას კბილი" ელჩმა
პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:
"დიპლომატიური ინციდენტი:
რატომ უნდა "დააჭიროს ენას კბილი" ელჩმა
-----------
მალტის ელჩმა ფინეთში მაიკლ ტაბონამ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე 8 მაისს თავისი პოზიცია გერმანიის მიმართ "გულწრფელად" გამოხატა და დაწერა: "75 წლის წინათ ჩვენ ადოლფ ჰიტლერი შევაჩერეთ, მაგრამ ახლა ვინ შეაჩერებს ანგელა მერკელს? მან ჰიტლერის ოცნება განახორციელა - გერმანია მთელ ევროპას აკონტროლებს!".
ჟურნალისტებს აბა რა გამოეპარებოდათ და მაიკლ ტაბონას ნაფიქრმა სოციალური ქსელიდან მასმედიის ქსელში გადაინაცვლა...
ატყდა დიპლომატიური ვაი-უშველებელი..
ჩანაწერი კი წაშალა ელჩმა, მაგრამ როგორც ჩვენებურ "შერეკილებშია" - "აქედან ვერ წაშლიო" და მალტის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევარისტ ბარტოლომ ელჩს განუცხადა - კაცო, შენ, გეტყობა, დიპლომატი არა ხარ, ასეთ რაღაცეებს რომ წერ საჯაროდ... ეს რა შარში გაგვხვიე, წადი, თავის დაგვანებე, თანამდებობიდან გადადექიო.
როგორც გაზეთი Times of Malta იუწყება, მინისტრმა ყველა დიპლომატი გააფრთხილა - ენას კბილი დააჭირეთ და კორექტულად მოიქეცით, სანამ რამეს იტყვით ან საჯაროდ დაწერთ, მანამ ასჯერ გაიფიქრეთო.
გუშინ მალტის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: "ელჩის სიტყვები გერმანიის კანცლერის მისამართით არ ასახავს ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტ დამოკიდებულებას გერმანიისადმი, პირიქით - ჩვენი ურთიერთობა მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება".
რაც შეეხება აწ უკვე ელჩყოფილს, იგი ჩუმადაა და ხმას აღარ იღებს. როგორც ირკვევა, მაიკლ ტაბონა ფინეთში მალტის ელჩად 2014 წლიდან მუშაობდა, თუმცა იგი კარიერული (პროფესიონალი) დიპლომატი არ არის და მისი დანიშვნა თავის დროზე პოლიტიკური თვალსაზრისით მომხდარა.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge