21:48 11.05.2020
Deutsche Welle - „მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ ზელენსკის რეფორმებისთვის „საქორწინო გენერლად“ გადაიქცა“

სიმონ კილაძის პოსტი:

 

Deutsche Welle» (გერმანია), 11 მაისი

„მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ ზელენსკის რეფორმებისთვის „საქორწინო გენერლად“ გადაიქცა“

სერგეი რუდენკო,
პოლიტიკური მიმომხილველი

 

მცირე შემოკლებით:

„მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა სახელისუფლო თანამდებობაზე, როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის სურვილს უკავშირდება - ჰყავდეს გვერდით ისეთი ადამიანი, რომელსაც სახელმწიფოს რეფორმირებაში პოზიტიური გამოცდიოლება აქვს. იბადება კითხვა: როცა გვახსოვს, თუ რით დასრულდა პეტროს პოროშენკოს გვერდით მიხეილ სააკაშვილის ყოფნა, ხომ არ განმეორდება იგივე? სამწუხაროდ, ეს არავინ იცის და როგორც ჩანს, თვით ვლადიმერ ზელენსკიმაც. 2014 წლიდან მიხეილ სააკაშვილისა და პეტრო პოროშენკოს მეგობრობას, რომელიც უნივერსიტეტიდან იყო დაწყებული, თითქოსდა ბოლო არ უჩანდა. შესაბამისად, ვერავინ ვერ წარმოიდგენდა იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის ძველ მეგობარს საქვეყნოდ წამოაძახებდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით - „ბარიგა, ბარიგაო“ და უკრაინელებს თავისი მეგობრის დამხობისაკენ მოუწოდებდა, პოროშენკო კი მას საზღვარგარეთ გააძევებდა. მაგრამ ეს მოხდა. თავისმა ფეთქებადმა ხასიათმა, აგრეთვე მისმა კონფლიქტმა მაშინდელ თითქმის მთელ სახელისუფლო „ზედაფენასთან“მიხეილ სააკაშვილი იმ დონემდე მიიყვანა, რომ მან შენობების სახურავებზე სირბილი დაიწყო, უკრაინის სპეცსამსახურების შიშით.

 

აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დრო ერთ-ერთი ყველაზე რთულ და დრამატულ პერიოდს წარმოადგენს. გავიხსენოთ მის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრეებიდან ფულის აღებასა და სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, იზოლატორში მოთავსება და პოლონეთში დეპორტაცია. საბოლოოდ, „ქართული სასწაულების“ ერთ-ერთი ავტორი, რომლისგანაც პეტრო პოროშენკოს - ისევე როგორც ახლა ვლადიმერ ზელენსკის - უკრაინის რეფორმების „საქორწინო გენერლად“ გამოყვანა სურდა, იძულებული გახდა გარკვეული დრო ევროპაში გაეტარებინა, უკრაინის მოქალაქეობის გარეშე.

 

შემდეგ კი, როცა პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტად აღარ იქნა არჩეული, მისმა მემკვიდრემ საქართველოს ექს-პრეზიდენტს და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მოქალაქეობა დაუბრუნა. ვლადიმერ ალექსანდროვიჩი დარწმუნებული იყო, რომ პეტრო ალექსეევიჩი მიხეილ ნიკოლოზოვიჩს უსამართლოდ მოექცა. თავდაპირველად თითქოს ისეთი აზრი არსებობდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ისევ ოდესაში გაგზავნიდნენ სამუსაოდ, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებაში დაწყებული საკადრო არეულობა, წაჯექ-უკუჯექობა და ორომტრიალი არასტანდარტული გადაწყვეტილებებს ითხოვდა. ახალი პრემიერი დენის შმიგალი აშკარად ვერ ართმევდა ტავს რეფორმების დაწყების საკითხს. პრეზიდენტს ისეთი გამოცდილი პოლიტიკური მოთამაშე ჭირდებოდა, რომელსაც დასავლეელი პარტნიორები კარგად იცნობდნენ. და მან ის იპოვა - მიხეილ სააკაშვილი, რომლის ფონზე თვით მისი მპოვნელის ვლადიმერ ზელენსკის სახეც კი იჩრდილება.

 

თავდაპირველად ვლადიმერ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ვიცე-პრემიერის პოსტზე სურდა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა - ექსპრეზიდენტისა და ექს-გუბერნატორის წინააღმდეგ წავიდნენ მმართველი პარტიის დეპუტატები და საქართველო, რომელიც კიევიდან ელჩის გაწვევით დაიმუქრა. საბოლოოდ კი მიხეილ სააკაშვილის იმ ორგანოში დასაქმება გადაწყდა, რომელიც ადრე პეტრო პოროშენკომ შექმნა.

 

თბილისმა საბოლოოდ თავისი ელჩი მაინც გაიწვია კონსულტაციებისთვის, მიხეილ სააკაშვილი კი ვლადიმერ ზელენსკის გუნდში „საქორწინო გენერლის“ როლის შესრულებას დათანხმდა, რაც დიდ მედიაშესაძლებლობებს (მედიაპიარს) ითვალისწინებს, მაგრამ რეალური უფლებამოსილება შეზღუდული აქვს. ალბათ, ყველასთვის ცნობილია, რომ რეფორმების საკითხში რჩევების მიცემასა და მათ რეალიზებას შორის საკმაოდ დიდი განსხვავება არსებობს.

 

რით დასრულდება მიხეილ სააკაშვილის მეორედ მოსვლა უკრაინის პოლიტიკაში?

 

საქართველოს ექს-პრეზიდენტი ბოლო სამი კვირის განმავლობაში მუდმივად იმეორებს ერთი და იგივეს, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ ექნება უთანხმოება უკრაინის პრეზიდენტთან - „ამაზე ხმებს ბოროტი ენები ავრცელებენო“. მაგრამ როგორც ამბობენ ხოლმე, - „არასოდეს არ თქვა „არასოდეს“. გარდა ამისა, ვლადიმერ ზელენსკის უკრაინა არაფრით განსხვავდება პეტრო პოროშენკოს უკრაინისგან, რომლის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილი გამოდიოდა. ხელისუფლებაში ისევ რჩება შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი, ისევ რჩებიან „ქვეყნის პატრონები“ - იგორ კოლომოისკი, რინატ ახმეტოვი, ვიქტორ პინჩუკი, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე მწვავედ აკრიტიკებდა. იგივე რჩება ქვეყნის მართვის სიტემა, რომელიც კორუფცია-„ბარიგობას“ ეფუძნება და რაც ესოდენ აღიზიანებს მიხეილ ნიკოლოზოვიჩს.

 

ალბათ, ვლადიმერ ზელენსკის მართლაც Zალიან სურს წარმატებული პრეზიდენტი იყოს, მაგრამ მას ამაში მუდმივად ვიღაცა უშლის ხელს - ხან მისი გარემოცვა, ხან სუსტი პრემიერ-მინისტრი და საკუთარი პარტიის დეპუტატებიც კი. პარადქი იმაშია, რომ ყველა ისინი ხელისუფლებაში სწორედ თვითონ ვლადიმერ ზელენსკიმ მიიყვანა, მაგრამ დღემდე ერთიანი გუნდით მოქმედება ვერადავერ ისწავლეს. ახლა, როგორც ცანს, მოტამაშე მწრთვნელის როლს მიხეილ სააკაშვილი შეასრულებს. არავინ იცის ზუსტად, როგორ იმოქმედებს გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი. არაა გამორიცხული, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზედმეტი აგრესიულობა პრეზიდენტის ჭრელ გუნდს აქეთ-იქით დაფანტავს. საკითხი დღეს ასე დგას: რამდენად არის მზად გარდაქმნებისათვის ვლადიმერ ზელენსკი და ხომ არ აშინებს მას ის, რომ ადრე თუ გვიან მიხეილ ნიკოლოზოვიჩი შეიძლება მისი კონტროლიდან გამოვიდეს. და მაშინ „ბარიგად“ უკვე თვითონ ვლადიმერ ალექსანდროვიჩი შეიძლება გადაიქცეს...“.



კარიკატურა "დოიჩე ველეს" ვებ-გვერდიდან




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge