დღე: 20

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

„თვითკმარი ეკონომიკა - ახალ რეალობაში, მშპ-ის სტრუქტურა უნდა იყოს გადახრილი არა ტურიზმის მიმართულებით, როგორც აქამდე იყო, არამედ, პირველ რიგში ადგილობრივი წარმოების გაფართოებაზე“ 11.05.2020 22:24

გიორგი ცუცქირიძის ბლოგი:

 

დღეს, შედგა მეტად საინტერესო ონ ლაინ კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ქალბატონ ნათია თურნავასთან, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს წამყვანმა ეკონომისტებმა მიიღეს. ეს შეხვედრა ბევრი რამით იყო საინტერესო და პირველ რიგში ალბათ იმ თვალსაზრისით, რომ დაისვა კითხვები პრაქტიკულად ყველა იმ მიმართულებით, რაც მთავრობის ანტიკრიზისულ გეგემასთან და ეკონომიკის პოსკრიზისულ პერიოდთან არის დაკავშირებული და ჩვენი საზოგადოების მზარდ ინტერესსაც წარმოადგენს. მოთხოვნის და მიწოდების შოკების გავლენამ გლობალურ ეკონომიკაზე, შეცვალა საერთაშორისო ინვესტორების დაფინანსების სტრატეგიაც. დღეს გვქვს უნიკალური შესაძლებლობა შიდა მოთხოვნის საკუთარი რესურსებით დასაკმაყოფილებლად, მით უმეტეს ჩინეთიდან ამერიკული, ევროპული და აზიური კომპანიების დიდი ნაწილის საწარმოო სიმძლავრეების გადატანის გამო, შეგვიძლია საქართველოში რელოკაცია შევთავაზოთ, თუნდაც იმ კომპანიებს, რომლებსაც გასაღების ბაზარი აქვთ ევროკავშირში და აქ თავიანთ წარმომადგნელობებს ისედაც ფლობენ!

 

ნიშანდობლივია, რომ მთავრობის ხედვა ემთხვევა ქართველი ეკონომისტების მოსაზრებებს ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიაზე. ახალ რეალობაში, მშპ-ის სტრუქტურა უნდა იყოს გადახრილი არა ტურიზმის მიმართულებით ან მომსახურების სერვისებზე, როგორც აქამდე იყო, არამედ პირველ რიგში ადგილობრივი წარმოების გაფართოებაზე. თავად ტურისტული ინფრასტრუქტურაც ტურისტული პროდუქტებიც და ქვეყნის პოზიციონირებაც უნდა შეიცვალოს ისეთი მიმართულებების განვითარებით, რომლებიც შედარებით მაღალ დამატებულ ღირებულებას გამოიმუშავებს. მაგალითად, რეკრეაციული და სამედიცინო ტურიზმი თუ მას მწვანე ეკონომიკის კონცეფციაშიც ჩავსვამთ, რასაც ბუნებრივ-კლიმატური პირობები და ნიადაგი იძლევა, შევძლებთ მაღალხარჯვიან ბაზრებზე გასვლასაც. ეს სტრატეგია საშუალებას მოგვცემს, შემცირდეს იგივე ტურიზმის მომსახურებაზე უცხოური ვალუტის ქვეყნიდან გადინება, რაც საკმაოდ დიდ 35-40 %-იან მაჩვენებელში იყო ასახული. ეს ასევე ეხება ინვესტიციების მოზიდვას შედარებით მაღალტექნოლოგიურ სექტორებში, თუნდაც აგროსექტორში თანამედროვე სასათბურე მეურნეობების განვითარებით და სამაცივრე და შემნახველი ინფრასტრუქტურის გაფართოებით, რაც სხვა დროსაც აღმინიშნავს.

 

ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება სასურსათე პროდუქციის დიდი ნაწილის წარმოებით, ხორბლის მარაგების შექმნითაც კი. დამამუშავებელ მრეწველობაში ასევე შეგვიძლია პრაქტიკულად მთელი სამედიცინო პროფილის პროდუქციის წარმოება, ფარმაცევტულ მრეწველობასთან ერთად, პირბადეებით დაწყებული, სპეც ტანსაცმლით და აპარატურით დამთავრებული; რაც მთავარია, აქცენტები უნდა გადავიდეს ისეთ წარმოებაზე, მათ შორის საშენი მასალების წარმოებაზე, სადაც გვაქვს ფარდობითი უპირატესობა და რომელიც შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან ერთად, ამ სახის პროდუქციას ექსპორტსაც უზრუნველყოფს, ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით; თვითკმარ ეკონომიკაზე და დამატებული ღირებულების სტრატეგიაზე გადასვლით, და სატრანსპორტო არტერიების მზარდი მოდერნიზაციით, რისი ბაზისიც ნამდვილად გვაქვს, თუნდაც მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სახით, თავისუფლად შეგვიძლია ეკონომიკური ზრდის პოტენციური დონის მნიშვნელოვანი დაჩქარება, რაც სამუშაო ადგილების ზრდასაც ხელს შეუწყობს, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებსაც და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა იქნება მეტად ინკლუზიური.

 

და ბოლოს, ამ ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რაც საერთო საქმეს მხოლოდ დადებითად წაადგება, ასევე დიდი მადლობა ბატონ ვახო ჭარაიას ამ შეხვედრის მოდერატორობის და მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ