დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

აზარტი, რომელიც კლავს! 12.05.2020 13:17

წაგებული ფული, დკარგული სიმშვიდე, დანგრეული ოჯახი, ცხოვრება  ტყუილში, განადგურებული ფსიქიკა, დაპირებული მოგება, თუმცა, წაგებული მომავალი დაძალიან ხშირად, - თვითმკლვლელობამდე მისვლა - ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რომელსაც, აზარტული თამაშები და მასზე დამოკიდებულება იწვევს.

 

რატომ ხდებიან ადამიანები თამაშდამოკიდებულები და აქვს თუ არა მათი ქცევის აკრძალვას აზრი? როგორ უნდა გავუმკლავდეთ „უცნაურ სატყუარას“ და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს? - ამ კითხვებზე საპასუხოდ, „ჯორჯიან თაიმსი“  ფსიქოკოსულტანტ - ნათია ბაციკაძეს დაუკავშირდა.

 

თქვენი აზრით, რა უბიძგებს ადამიანებს აზარტული თამაშისაკენ?

 


ამის ყველაზე გავრცელებული მიზეზი სურვილია. ვიღაც ცდის იღბალს ინტერესის გამო. ზოგი გამოირჩევა  რისკიანობით, - მათ იციან, რომ ჩადებულ თანხას დიდი ალბათობით წააგებენ და რისკის განცდა, რომელიც იწვევს გარკვეულ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, არის მათთვის ბიძგის მიმცემი. არიან ისეთებიც, ვისთვისაც აზარტული თამაში უბრალოდ,  დასვენებისა და  სტრესის მოხსნის საშუალებაა და ა.შ. რაც შეეხება  თამაშზე  დამოკიდებულებას, ამის  წინა პირობას ქმნის პიროვნების აზარტულობის დონე.  ის, თუ რამდენად  შეუძლია ადამიანს, რაციონალურად მართოს საკუთარი ქმედებები. როდესაც ინდივიდს  ამ ფსიქოლოგიური  ჩიხიდან თავის დაღწევა საკუთარი ძალებით არ შეუძლია,  უკვე საქმე გვაქვს პათოლოგიურ აზარტთან, ანუ „მანიასთან“. ასეთი ადამიანის მანიპულირება კი ძალიან ადვილია, მით უმეტეს, თუ „მონადირე“ ბევრად უფრო მომზადებულია,  ვიდრე  -  „მსხვერპლი“. 

 

ფსიქოლოგიურად როგორ შეიძლება დავახასითოთ აზარტი?

 

ფსიქოლოგების ნაწილი თანხმდებიან, რომ „აზარტი“/ „აზარტულობა“  არის პიროვნების ისეთივე დამახასიათებელი თვისება, როგორიცაა: ღიაობა, კეთილმოსურნეობა, აგრესიულობა, კომუნიკაბელურობა და ა.შ.  სხვები კი თვლიან, რომ აზარტი არის მდგომარეობა, რომელიც უკავშირდება გარკვეულ სიტუაციას და ხასიათდება ძლიერი ემოციური აღგზნებადობით. ეს არის ადამიანის ნატურის სიცოცხლისუნარიანობის მტკიცებულება, რაც გამოიხატება მის სურვილში მიაღწიოს რაღაც  მიზანს  ამ სამყაროში.  წარმოუდგენელია ბიზნესის არსებობა აზარტის გარეშე.  საინტერესოა ის ფაქტიც, რომ უმეტესობა დიდი არქეოლოგიურ აღმოჩენებისა, გაკეთებულია არადიპლომირებული სპეციალისტების მიერ, სწორედაც რომ „აზარტის“ ხარჯზე.

 

როგორ მოქმედებს აზარტი ადამიანის ფსიქიკაზე და რა შედეგებამდე მივყავართ მას?

 

პათოლოგიური მოთამაშეებისთვის დამახაიათებელია ქცევის ირაციონალური მოტივები, რის გამოც, ადამიანი გამუდმებით ან რეგულარული პერიოდულობით, თამაშისას კარგავს კონტროლს საკუთარ ქცევაზე. ისინი შეპყრობილები არიან მომდევნო თამაშზე ფიქრით, - სად იშოვონ სათამაშოდ ფული. მათთვის დამახასიათებლებია რეალობის აღქმის სურვილისა და უნარის არ არსებობა, რწმენა, რომ მან  მოიგონა/ შეიმუშავა თამაშის უნიკალური მეთოდი, რაც მისცემს „კუშის“ მოხსნის საშუალებას. თამაშებს შორის, შესვენებებისას მათ აქვთ ემოციური დაუცველობის შეგრძნება, ახასიათებთ ინფანტიულობა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის სურვილი. აქვთ  მოთხოვნილება გარშემო მყოფნი აღიქვამდნენ მათ, როგორც მნიშვნელოვან პიროვნებას. ნელ-ნელა, მატულობს აგრესიაც, რაც ხშირად, ფსიქოლოგიურიდან ფიზიკურ ძალადობაშიც კი გადაიზრდება. პიროვნების ფუნდამენტური ცვლილება და მოთამაშის ქცევა უკონტროლო ხდება. როგორც წესი, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ხშირად თან სდევს ალკოჰოლიზმი და ნარკომანია, საბოლოო „გამოსავლად“  კი თვითმკვლელობა აღიქმება.


ლუდომანია შეიძლება მივიჩნიოთ როგორც ფსიქიკური აშლილობა?

 

1980 წელს, ამერიკულმა ფსიქიატრიულმა ასოციაციამ, აზარტულ თამაშებზე  პათოლოგიური დამოკიდებულება აღიარა ფსიქიკური დარღვევის ფორმად,  ეს დაავადება ხასიათდება, როგორც აზარტული თამაშების მოთხოვნილების   მიმართ,  ქრონიკული და პროგრესირებადი შეწინააღმდეგების  უუნარობა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ხანდახან, ლუდომანების პიროვნების სტრუქტურა დეგრადირდება და პათოლოგიურ სახეს იღებს, რაც ეჭვს ბადებს სხვა ფსიქიკური აშლილობების არსებობაში. თამაშდამოკიდებულები,  ხშირად მანიპულირებასაც ახდენენ და ცდილობენ ნებისმიერი გზით მიაღწიონ სანუკვარ ადგილს, სადაც ისევ მოახერხებენ თამაშს და ამისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამბობენ, რომ თავს გრძნობენ ძალიან ცუდად, რომ ეს არის მათი დაავადება, რომლისგანაც ვერ იკურნებიან, უძლურნი არიან ამ მოთხოვნილების წინაშე, თუნდაც სიკვდილის საფრთხე შეექმნათ.

 

რა ზეგავლენას ახდენს რეკლამა ადამიანის ფსიქოლოგიაზე?

 

ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ მოთამაშეებს ჰქონდეთ  მაქსიმალური კომფორტის განცდა, რათა მათი ყურადღება მიმართული იყოს მხოლოდ თამაშის მიმართ. მომხიბვლელი და დამაიდებელი  ლოზუნგები, რომელიც აღძრავს ადამიანში მოგების  ახალ იმედს და დამატებით სტიმულს აძლევს სათამაშო აპარატთან დასაბრუნებლად. რეკლამაში გამოყენებული ფერები და განათება, რომელიც ღუზის ეფექტით ახსენებს მოთამაშეს თამაშის პროცესში განცდილ კომფორტს და უდიდეს სიამოვნებას. საერთოდ, რეკლამების აგებისას გათვალისწინებულია მისი ფსიქოლოგია, რაც გულისხმობს,  მაქსიმალურად მიიპყროს ადამიანების ყურადღება და დიდხანს დაამახსოვროს თავი, კრიტიკული აზროვნების გვერდის ავლით, მის ემოციურ სფეროზე ზეგავლენით. ასეთი მეთოდებით შესაძლებელია გარკვეული ზეგავლენა იქონიოს და ინტერესი აღძრას იმ ადამიანებშიც, ვისაც აქამდე არ ჰქონია შეხება აღნიშნულ რეკლამირებად პროდუქტთან.

 

როგორ გავუმკლავდეთ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას?

 

იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ ზეგავლენას, მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ საკუთარ კეთილდღეობაზე, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ადამიანი, რომელიც არის თავდაჯერებული, რეალიზებული, ცხოვრობს საინტერესოდ, -  ძნელად თუ მოექცევა მავნე ზეგავლენის ქვეშ. ამ ყველაფრის მიღწევა კი მტკიცე ნებისყოფის ქონით აბსოლუტურად შესაძლებელია. ხოლო თავის მხრივ, ნებისყოფა გავარჯიშებადია და მაშინაც კი, თუ ადამიანს აღენიშნება სუსტი ნებისყოფა, ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ არის. თუ თვლით, რომ თქვენ, ან თქვენს გარემოცვაში მყოფთ, მსგავსი პრობლემები გაქვთ, მინდა გითხრათ: იმედიანად იყავი! გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.

 

რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ არ გავხდეთ აზარტის მსხვერპლი?


აზარტული თამაშებისადმი ინტერესი იწყება ადრეული მოზარდობის პერიოდში, მამაკაცებში. მოგვიანებით - ქალებში, რაც ხასიათდება ქრონიკული, პროგრესირებადი მსვლელობით, თამაშისგან თავშეკავებისა და რეციდივების პერიოდული მონაცვლეობით.  სტატისტიკურად, იმ ოჯახების შვილები, სადაც აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების პრობლემაა, ასევე ხდებიან თამაშდამოკიდებულები. ამის მიზეზია უფროსების მაგალითი და გენეტიკა. იმისთვის, რომ მოზარდები არ გახდნენ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულები,  აუცილებელია ეკოლოგიური  სოციალური გარემო, კანონმდებლობით მკაცრად დარეგულირებული სათამაშო ბიზნესი და მშობლების სწორი მიდგომა, დღის რეჟიმის საინტერესოდ დაგეგმვა შემეცნებითი, საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობებით, რომ მოზარდებს არ ჰქონდეთ დრო და სურვილი ჩაერთონ, თუნდაც კომპიუტერულ თამაშებში.

 

/თამარ ტოჩილაშვილი/

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ