23:10 12.05.2020
„ფერმერებისთვის გაიცემა კოდირებული ბარათი, რომლითაც შეუძლიათ, ისარგებლონ ან ბენზინგასამართ სადგურზე, ან კონკრეტულად ბაზებში იმ შემთხვევაში, თუ დიზელის რაოდენობა საკმაოდ დიდია“

პლასტიკური ბარათის არსებობის შემთხვევაში ფერმერები შეძლებენ, სპეციალიზებულ მაღაზიებში მიიღონ ის ძირითადი მასალები, რომლებიც მათ წარმოებაში სჭირდებათ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

 

„ეს არის როგორც მცენარეთა დაცვის საშუალებები, აგროქიმიკატები, ასევე შეიძლება, იყოს სათესი მასალა, სარგავი მასალა და მომსახურება სხვადასხვა ტიპის აგროტექნიკაზე, რომელსაც სახელმწიფო კომპანია განახორციელებს. ასევე შეიძლება, იყოს ხვნის ან სხვა სამუშაოები. ანუ, ფაქტიურად ის ყველაფერი, რაც ფერმერს კვლავწარმოებისთვის სჭირდება, რაც წარმოებას გაუიაფებს და, რაც მას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის“, – განაცხადა დავითაშვილმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი პირობაა ის, რომ ფერმერები მიწას ლეგალურად ფლობდნენ და ეს საჯარო რეესტრში იყოს დადასტურებული. „სხვა შემთხვევაში, გვაქვს დამატებითი მოთხოვნა, რომ ისინი რეგისტრაციას გაივლიან უკვე ჩვენთან, ფერმერთა რეესტრში. ეს არის ფაქტობრივად, მონაცემთა ბაზა იმ ადამიანებისა, ვინც პროფესიონალურად აწარმოებს სოფლის მეურნეობას და ჩვენ ამ ინფორმაციას პროაქტიურად ფერმერებისგან მივიღებთ. ჩვენ თვითონ დავუკავშირდებით და მათ მონაცემებს შევკრებთ. ეს არის უკვე ფერმერობისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ სპეციალური კატეგორია გვყავდეს ადამიანებისა, რომლებიც სოფლის მეურნეობაში არიან ჩართული და უკვე პროფესიონალი ფერმერები არიან“, – განაცხადა დავითაშვილმა.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პირებს, რომლებსაც მიწა ჯერ კიდევ არ აქვთ რეგისტრირებული, საშუალება აქვთ, ის წლის ბოლომდე დაარეგისტრირონ და შეღავათები მიიღონ. „ეს არ ნიშნავს, რომ შეღავათი მხოლოდ დღეისთვის რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე გაიცემა. ასევე, ჩვენ სპეციალურად შევქმენით პაკეტი, რომელიც რეგისტრაციას ამარტივებს. ანუ, თუ ადამიანს აქვს სურვილი, რომ მიწა დაარეგისტრიროს და გარკვეული საბუთი გააჩნია, ყველა დოკუმენტი, რომელიც შეიძლება, სხვადასხვა ტიპის არქივში, ან რეესტრში მოიძებნებოდეს, იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სააგენტო პროაქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ პაკეტი, რომელიც რეგისტრაციისთვის არის საჭირო, გამზადდეს ფერმერისთვის. ასევე, რეგისტრაციაც საკმაოდ ხელმისაწვდომია. ეს ფაქტობრივად, უფასო იყო წლების განმავლობაში და ბევრმა ფერმერმა ისარგებლა ამ შეღავათით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სად და რა პირობებით მოხდება საბაზრო ფასთან შედარებით ერთი ლარით იაფი აგროდიზელის შესყიდვა და მოიცავს თუ არა სუბსიდირების პროგრამა მხოლოდ პანდემიის პერიოდს, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ შეღავათის მიცემა სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების მეშვეობით იქნება შესაძლებელი და ფერმერებს ამ შეღავათით სარგებლობა წლის განმავლობაში შეეძლებათ, თუმცა, დიზელის ფასი ყოველთვის შეღავათიანი იქნება და მიმდინარე საბაზრო ფასთან შედარებით ყოველთვის მნიშვნელოვანი განსხვავება იქნება.

„საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები გადაამოწმებენ რეესტრში არსებულ მიწის ნაკვეთს და იმ შემთხვევაში, თუ მიწის მფლობელი ლეგალურად არის წარმოდგენილი, ჩვენ მათ მივცემთ სპეციალურად კოდირებულ ბარათს, რომლითაც შეუძლიათ, ისარგებლონ ან ბენზინგასამართ სადგურზე, ან კონკრეტულად ბაზებში იმ შემთხვევაში, თუ მათი დიზელის შეძენის რაოდენობა საკმაოდ დიდია და ისინი საბითუმო ფასით ისარგებლებენ“, – განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, მიმდინარე თვის განმავლობაში ასეთ ბაზებში დიზელის ფასი ერთი ლარი და რვა თეთრი იქნება, რაც ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge