დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზარდა: თავის დროზე მისი მშენებლობის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო 14.05.2020 12:48

თურქეთის პრესაში ფართოდ გაშუქდა ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ადილ ყარაისმაილოღლუს ინტერვიუ, რომელიც მან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მისცა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა თურქეთის ტრანსპორტის მდგომარეობაზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით კი ხაზი გაუსვა „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის მაგისტრალის მნიშვნელობას.


გაზეთებში „დეილი საბაჰ“-სა («Daily Sabah») და „სთარ“-ში («Star») გამოქვეყნდა სტატიები სათაურით „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზარდა: თავის დროზე მისი მშენებლობის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო“.


პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის „კოვიდ-19“-ით გავრცელებით გამოწვეული პანდემიის ფონზე განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნილება რკინიგზაზე, რადგან ტრანსპორტის ამ სახეობით ტვირთების გადატანა უსაფრთხოებით გამოირჩევა. ამასთან დაკავშირებით, ტვირთბრუნვის გაზრდის მიზნით, საქართველოს საზღვართან მდებარე სადგურ ჯანბაზთან დაინერგა კონტეინერების გადაადგილების ახალი სისტემა.


როგორც ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ ყარაისმაილოღლუ აცხადებს, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის დავალებით, მიღებულია გადაწყვეტილება „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის პოტენციალის გაზრდის თაობაზე. სადგურ ჯანბაზთან შექმნილი ახალი სისტემა ხელს შეუწყობს ტვირთების ტრანსპორტირების 3,5 ათასი ტონით გაზრდას - აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის მიმართულებით.


მინისტრმა ჟურნალისტებს შეახსენა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუსეთის და სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების რკინიგზაზე რელსებს შორის არსებული სიგანე განსხვავდება თურქეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების რკინიგზის სიგანისაგან, ამიტომ აუცილებელია ვაგონების გოგორწყვილების შეცვლა. შესაბამისად, ახალი სისტემის დანერგვა საშუალებას იძლევა ოპერაციების უფრო სწრაფად განხორციელდეს.


„დღეისათვის ბაქო-თბილისის-ყარის რკინიგზით თურქეთიდან ექსპორტირებულია 240 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო იმპორტირებულია 280 ათასი ტონა, მათ შორის ის ტვირთებიც, რომლებიც ტრანზიტით ევროპისაკენ მიდის. ეს იმას მოწმობს, რომ თავის დროზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა სწორი გადაწყვეტილება იყო“, - ხაზი გაუსვა მინისტრმა.


წყარო: https://www.dailysabah.com/business/transportation/transport-capacity-on-baku-tbilisi-kars-railway-increased

 

მოამზადა: სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ