15:12 14.05.2020
პანდემიის შესუსტების პარალელურად პოლიტიკური ბრძოლა აქტიურდება – ოპოზიცია აქციებს დისტანციის დაცვით ჩაატარებს

“ოპოზიციამ გადაწყვეტილება მიიღო და ერთობლივი შეთანხმების შედეგად გადაწყვიტა, რომ თუ მმართველი გუნდი პატიმრებს არ გაათავისუფლებს, ისინი საპარლამენტო ბოიკოტს გააგრძელებენ და მთელი პასუხისმგებლობა საარჩევნო სისტემის ვერშეცვლაზე ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება. ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა შეთანხმება შედგეს და ყველა ცვლილება მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში, მშვიდობიანად განხორციელდეს, რათა საქართველო დემოკრატიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს და ხელისუფლება არჩევნების გზით მეორედ შეიცვალოს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შეთანხმების პირობის დარღვევა ივანიშვილს 2020 წლის არჩევნებზე დამარცხებისგან ვერ იხსნის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით პანდემიის შესუსტების პარალელურად პოლიტიკური ბრძოლა აქტიურდება - ოპოზიცია აქციებს დისტანციის დაცვით ჩაატარებს.


„პოლიტპატიმრების არგამოშვების შემთხვევაში, საარჩევნო სისტემის მორიგ ჯერზე ვერშეცვლაზე სრული პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება. პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების მთლიანად ჩაშლას. ამ პირობებში ის ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, გააგრძელებენ საპარლამენტო ბოიკოტს. ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში დაზიანდება საქართველო იმ დროს, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგობრებისგან ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიღება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი. ამ პირობის დარღვევა მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარცხისგან ვერ იხსნის. ჩვენი ამოცანაა, რომ შეთანხმება შედგეს, რომ ყველა ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს”, - ნათქვამია ოპოზიციის ერთიან განცხადებაში. გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ კი “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ თქვა, რომ შეხვედრაზე ოპოზიცია იყო ერთსულოვანი და სანახევროდ განხორციელებული შეთანხმება არ განიხილება. მისი თქმით, მათი სამოქმედო გეგმაა, რომ ნებისმიერი სისტემის პირობებში, მათ შორის - დღევანდელი სისტემის პირობებშიც, ხელისუფლება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაამარცხონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჩვენ ვიმუშავებთ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ მოხდეს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, ოღონდ მობილიზება იმისთვის, რომ აიძულონ ხელისუფლება, 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს. არ გვინდა, რომ 8 მარტის შეთანხმება ჩავარდეს, ქვეყანა შევიდეს კიდევ ერთხელ კრიზისში და დარჩეს დღევანდელი საარჩევნო სისტემა. გვინდა, რომ შესრულდეს ეს შეთანხმება. ამიტომ საზოგადოებირივი აზრის მობილიზებას მოვახდენთ იმიტომ, რომ შიდა და გარე ზეწოლის ქვეშ ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმების მისი ნაწილი”, - განაცხადა ბაქრაძემ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავას თქმით, “ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავგეგმოთ, მათ შორის - სოციალური დისტანციის დაცვით, საპროტესტო სხვადასხვა ტიპის მოქმედებები იმისთვის, რომ წნეხი, საერთაშორისო წნეხთან ერთად მათ შორის იყოს ქვეყნის შიგნით, რომ ივანიშვილს ვაიძულოთ 8 მარტის შეთანხმების შესრულება”. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული „ქართული ოცნება“ 2019 წელს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული სცენარის გათამაშებას კვლავ აპირებდეს. თუკი მოხდა ისე, რომ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა, მაშინ ხელისუფლებას კარგი საშუალება ეძლევა იმისთვის, ხელი პირდაპირ მათკენ გაიშვიროს და, საერთოდ, მიღწეული შეთანხმება ჩავარდეს, თუმცა ამ შემთხვევაში ორ მნიშვნელოვან გარემოებას უსვამს ხაზს, რომელთა გამოც „ოცნებამ“ შესაძლოა, ასე ვერც გარისკოს.”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია დათმობაზე არ მიდის, მაგრამ მაინც მგონია, რომ კანონში ცვლილებები მაინც განხორციელდება. შესაძლოა, “ოცნებას” წინა სცენარის გათამაშება უნდა, მაგრამ ვეღარ გაბედავს. ახლა საერთაშორისო თანამეგობრობიდან საკმაოდ დიდი ზეწოლა წამოვიდა. ამიტომაც ხელისუფლების მოქმედება უფრო ფრთხილი იქნება. ოპოზიციის მხადაჭერის მიუხედავად, მათ ხმების რაოდენობა მაინც ეყოფათ, რომ ეს ცვლილებები კანონში განახორციელონ, თუმცა ორივე მხარეს, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც, ამ ცვლილებების გატანა აუცილებლად სჭირდება. რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხს, აქაც ორივე თამაშობს და ცდილობს, საკუთარი პოზიციები გაიტანოს. თუ ხელისუფლება პატიმრებს გაათვისუფლებს, მაშინ გამოდის, რომ ოქრუაშვილს, უგულავასა და რურუას პოლიტპატიმრებად აღიარებს. მეორეც, გამოვა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას უგულებელყოფს და მის კომპეტენციაში ერევა. ამას, რა თქმა უნდა, არ იზამს. ამიტომაც ამბობენ, რომ ამ პატიმრებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართონ. თავის მხრივ, ეს ადამიანები ამას არ გააკეთებენ, რადგანაც მაშინ გამოვა, რომ დანაშაულს აღიარებენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაღაც შუალედი მაინც მოიძებნება, რადგანაც ორივეს, როგორც აღვნიშნე, ამ ცვლილებების გატანა უნდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

 

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე სჯობს, ოპოზიცია საპროტესტო აქციების მაგივრად წავიდეს იმ მიმართულებით, რომ უფრო მეტ საერთაშორისო პარტნიორთან იმუშაოს, რათა მათი ზეწოლა ხელისუფლებაზე კიდევ უფრო გაძლიერდეს. ფიქრობს, რომ აქციების ჩატარების უფლება ოპოზიციას აქვს, მით უმეტეს, თუ სოციალურ დისტანციას დაიცავენ. არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გააგრძელოს და ოპოზიციას ამ მიმართულებით აქტივობა ჩაეშალოს. რადგანაც საზოგადოება პანდემიის შოკის ქვეშაა, საზოგადოებრივი აქტივობა და რეზონანსი ნაკლებად მოსალოდნელია”, - დასძენს გამოცემა.

 

“ოპოზიციამ მუშაობა ჩვენს მეგობარ ქვეყნებთნ, საელჩოებთან აქტიურად უნდა გააგრძელოს და შესაძლოა, ამ ფონზე, ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამ მიმართულებით მუშაობა უფრო მეტ შედეგს მოიტანს, ვიდრე - აქციები ან პროტესტი, რომელიც ნაკლებად რეზონანსული იქნება. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება წავა იმ ვარიანტზე, რომ პარლამენტში კანონში შესატანი ცვლილებები გაიტანოს და მხარდასაჭერად ხმების რაოდენობაც საკმარისი ჰქონდეს, თუმცა პატიმრები მაინც არ გაათავისუფლოს. ეს სცენარი ყველაზე რეალურად იმიტომ მეჩვენება, რომ ხელისუფლებას, უნდა თუ არა, დასავლეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში რაღაც პოზიტიური ნაბიჯის გადადგმა სჭირდება. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებები პოზიტიური ნაბიჯი იქნება. ეს საპროტესტო მუხტს შეანელებს და დასავლეთის თვალში ქულებს დაიწერენ. თუმცა მხოლოდ განცხადებებით ევროპარლამენტარები და სენატორები ხელისუფლებას ვერ შეაშინებენ“, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“მისივე თქმით, თუ მმართველმა გუნდმა, განცხადებებთან ერთად, ქმედითი ნაბიჯებიც დაინახა და, მაგალითად, დაფინანსება შეუწყვიტეს ან კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნების ლეგიტიმაცია დადგება, მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდება, ამ დათმობაზე წავიდეს და პატიმრებიც გაათავისუფლოს. თუმცა თუ საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შემთხვევაში არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დადგება, დარჩება მხოლოდ მეორე, ფინანსური მექანიზმი, რომელიც ევროპარლამენტარებზე დამოკიდეებული არ არის”, - წერს სტატიის ავტორი.




ავტორ(ებ)ი : რეზონანსი