16:06 14.05.2020
"ნებისმიერი ახალი ტალღის წარმოქმნისას ზომების ისევ გამკაცრება იქნება საჭირო" – ირაკლი ხმალაძე

“ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული შეზღუდვები იმაზე ადრე მოიხსნას, ვიდრე მთავრობის გეგმის მიხედვით არის გაწერილი. ამის შესახებ “რეზონანსთან” ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე საუბრობს. მისივე თქმით, საქართველოში გამოსწორებული ეპიდვითარება ამის რეალური საფუძველს გვაძლევს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ნებისმიერი ახალი ტალღის წარმოქმნისას ზომების ისევ გამკაცრება იქნება საჭირო – რას ამბობს ინფექციონისტი შეზღუდვების მოხსნაზე.

 

“ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ეპიდემიის კუთხით საკმაოდ დადებითი დინამიკა შეინიშნება. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ თქვა, თუკი ეს დინამიკა გაგრძელდა, შესაძლოა შეზღუდვების მოხსნის პროცესი დაჩქარდეს. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, აჩქარება არცერთ საქმეში არ არის პოზიტიური შედეგის მომტანი, თუმცა ამ შემთხვევაში დროზე ადრე შეზღუდვების შემსუბუქება აუცილებელია, რადგან ქვეყანაში დაიწყო ეკონომიკური კრიზისი”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ზოგადად, სიჩქარე მართალია კარგი არ არის, მაგრამ დინამიკა თუ იქნება დადებითი, ხელს არ შეუშლის. ძალიან მეშინოდა ეკლესიებში სააღდგომოდ ხალხის შეკრების, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისე არ არის მოდებული და ინფიცირებულთა რაოდენობამ დიდად არ მოიმატა. თუ დინამიკა გვექნება დადებითი და შემცირდება შიდა კლასტერებიდან გადადების მომენტი, ამასთან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზრდება (შეზღუდვების ადრეულ მოხსნას) მივესალმები, რადგან ქვეყანა ისეთ მდგომარებაშია, რომ ადამიანს შიმშილი მოკლავს თუ კორონავირუსი, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს სპონტანურად და კონტროლის გარეშე. ნებისმიერი პატარა ტალღის წარმოქმნის შემთხვევაში, ისევ ისეთი გამკაცრებული ზომების შემოღება იქნება საჭირო”, - თქვა ხმალაძემ.

 

“ცნობისთვის, არჩილ თალაკვაძემ 13 მაისს პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა და ეს იმის ფონზე, როდესაც პანდემია გრძელდება. მისივე თქმით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შენარჩუნდა და კლებითი რეჟიმი იქნება მომავალი დღეების განმავლობაში, ეს მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი დააჩქარონ”, - წერს სტატიის ავტორი.




ავტორ(ებ)ი : რეზონანსი