დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„ქართველები კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს გმირულად უმკლავდებიან“ 15.05.2020 12:50

ამერიკულმა საინფორმაციო სააგენტომ „იუნაითიდ ფრეს ინთერნეიშენელ“-მა («UPI - United Press International») გამოაქვეყნა სტატია საქართველოს შესახებ სათაურით „ქართველები კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს გმირულად უმკლავდებიან“ (ავტორი - ჯეიმს გრანტი).


„იმ დროს, როცა მსოფლიო გლობალურ პანდემიით გამოწვეულ სიკვდილიანობასა და ეკონომიკურ ნგრევას ებრძვის, არის ერთი პატარა ქვეყანა შავიზღვისპირეთში, რომელიც კრიზისს დღემდე ძალიან კარგად უმკლავდება: ეს ქვეყანა საქართველოა, რომელმაც ეს თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირის - ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით შეძლო“, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - ჯეიმს გრანტი).


პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში „კოვიდ-19“-ით დასნებოვნებული პირველად იქნა გამოვლენილი, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, დღემდე ძალზე მცირე რაოდენობით დაავადებული და გარდაცვლილია. კორონავირუსის გავრცელებისა  და სიკვდილიანობის დაბალი დონე შემთხვევითი არ არის: მთავრობა დიდ ძალისხმევას ახმარს მოქალაქეთა უფასო სკრინინგს და აქტიურად მოუწოდებს მათ დაიცვან საკარანტინო წესები.


„საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებათაშორისო სამტავრობო საბჭო ჯერ კიდევ იანვარში შეიქმნა. იმავე ხანებში შეწყდა ავიამიმოსვლა ისეთ „ცხელ კერებში“, როგორებიცაა ირანი და იტალია. საქართველო ერთ-ერთი პირველთაგანი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც აეროპორტებში დაინფიცირებულთა სკრინინგი დაიწყო. მასმედიისა და ჯანდაცვის სპეციალისტთა ერთობლივმა კამპანიამ გაზარდა მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე და პანიკა თავიდან იქნა აცილებული“, - ხაზგასმულია სტატიაში.


„საქართველოს წარმატება პანდემიასტან ბრძოლაში მსოფლიოში მისმა საიმედო მოკავშირეებმაც უზრუნველყვეს, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. ამ კოორდინირების ფოკუსში იმყოფება აშშ-ის დაფინანსებით აგებული რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი - მსოფლიო კლასის დაწესებულება, რომელიც საქართველოს კუთვნილებაა და მას ქვეყნის მთავრობა მართავს“, - აღნიშნავს ავტორი.


პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა იმ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც, ცივი ომის პერიოდის მსგავსად, რუსეთის ხელისუფლება და რუსული მასმედია ეწევა რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ. „აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა შეაქო საქართველოს მთავრობა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ გადადგმული აქტიური ნაბიჯებისთვის. სამწუხაროდ, პირიქით აკეთებს რუსეთის საგარეოპოლიტიკური უწყება, რომელიც, შეთქმულების თეორიის მომხრეთა მსგავსად, დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს აღნიშნულ დაწესებულებაში კვლევები ბიოლოგიური იარაღის შექმნის მიზნით მიმდინარეობს“.


„ეს არ არის პირველი გლობალური კრიზისი, რომელშიც კავკასიური სახელმწიფო აშშ-ის გვერდით აღმოჩნდა“, - მიუთითებს ავტორი და იხსენებს, რომ 2001 წლის სექტემბრის ტერორისტული შეტევის შემდეგ საქართველომ თავისი სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში გაგზავნა. 11 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი მსახურობდა ავღანეტში, უფრო ადრე კი 7800 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ერაყში ამერიკელების მხარდამხარ მსახურობდა.


„შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს საპასუხო კეთილი მოქმედება თავისი შავიზღვისპირა პარტნიორის მხადასაჭერად, დაეხმაროს მას უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეკონომიკური განვითარების სფეროში. ეს ეხება „კოვიდ-19“-თან ბრძოლასაც, რაშიც ქვეყანა აშკარად წარმატებას აღწევს. დღეს, როცა გეოპოლიტიკური რყევების დროს ჯანმრთელობის დაცვა საფრთხეშია, საიმედო პარტნიორის ყოლა ისე აუცილებელია, როგორც არასდროს“, - აღნიშნულია სტატიის დასასრულს.


 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.upi.com/Top_News/Voices/2020/05/14/Nation-of-Georgia-punches-above-its-weight-in-COVID-crisis-and-beyond/7871589459897/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ