დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"პრეზიდენტის წინაშე უმძიმესი და ურთულესი დილემები იდგა, არა მხოლოდ პოლიტიკური და სამართლებრივი, არამედ მორალურ-ზნეობრივიც" 16.05.2020 13:04

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"პრეზიდენტის წინაშე უმძიმესი და ურთულესი დილემები იდგა. არა მხოლოდ პოლიტიკური და სამართლებრივი, არამედ მორალურ-ზნეობრივიც.


პოლიტიკურად: ნაცებმა მაინც შეძლეს და „პოლიტიკური პატიმრების“ პრობლემა ქვეყნის საშინაო და საერთაშორისო დღის წესრიგის ცენტრალურ საკითხად აქციეს; ბუნებრივია, ეს მკაფიო ინდიკაციაა, რომ ქვეყნის პარტიულ-პოლიტიკური სისტემა ღრმა კრიზისშია: როცა პოლიტიკის მთავარი თემა, მთავარი წყალგამყოფი და ძირითადი დილემაა  მსჯავრდებული,  ბოროტმოქმედია თუ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, თავისთავად ნიშნავს და ამას დამატებითი არგუმენტაცია აღარ სჭირდება, რომ  პარტიულ-პოლიტიკური სისტემა მხოლოდ მტრობით იკვებება და უკვე „გაჭედილია“; ამ დილემას პრეზიდენტმა მკაფიო პასუხი გასცა: პრეზიდენტის პოზიცია და განმარტება აბსოლუტურად ცალსახა იყო - ქვეყანაში არ არსებობენ პოლიტპატიმრები და,  რასაკვირველია, მან სწორედაც მსჯავრდებული ბოროტმოქმედები  შეიწყალა.  ამით, ეს დილემა, ცხადია, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა: ბუნებრივია, ნაცებისთვის უგულავაც, ოქრუაშვილც, მერაბიშვილიც, ახალაიაც და ა.შ. „პოლიტპატიმრებადვე“ რჩებიან; თუმცა ეს ცრუ დილემა: „ბოროტმოქმედი თუ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი“, აღარ არის მთავარი, განმსაზღვრელი და  მაშასადამე, ისეთი დამანგრეველი  ფაქტორი პოლიტიკური პროცესისა (რაც უწინარესად საარჩევნო სისტემის კონსტიტუციური ცვლილების რეალიზაციით გამოიხატება) და უარესიც- სახელმწიფოსთვის.  საბედისწერო დარტმის ქვეშ ამ დილემის განსაკუთრებული გამწვავების გამო არც არსებული ხელისუფლებისა და არც არჩევნების ლეგიტიმურობა უკვე ვეღარ დადგება. 


გაცილებით უფრო მძიმეა სამართლებრივი დილემა: პოლიტიკური  თუ მართლმსაჯულების ინტერესებია გადამწყვეტი? ამ დილემას პრეზიდენტმა ასეთი პასუხი გასცა: ორი ბოროტმოქმედი სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესების გამო გათავისუფლდა მხოლოდ სასჯელისგან და არა მსჯავრისგან. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მართლაც გაიწირა მართლმსაჯულების ინტერესი - ჩადენილი დანაჩაულისთვის სასჯელის გარდაუვლობა; თუმცა, არ იქნება სწორი, რომ ეს კანონის უზენაესობის პრინციპის გაწირვადაც შევაფასოთ, რადგან საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციურად აქვს დამნაშვის სასჯელისგან, თუნდაც მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციის გამო, გათავისუფლების უფლება. ეს სწორედ ის გამონაკლისია, რაც წესს უფრო მყარს ხდის. 


საქართველოს პრეზიდენტისთვის, პიროვნულად განსაკუთრებით რთული იქნებოდა მორალურ-ზნეობრივი დილემა: პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მსოფლმხედველობრივადაც - პირადი მტრების, შეწყალება; მაგრამ, ეს, მიუხედავად სიმძიმისა, მაინც მხოლოდ  პიროვნული დილემაა; გაცილებით უფრო რთულია  პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურისა და სახის, დამოკიდებულება  არა პირადი, არამედ სწორედაც სახელმწიფოს მტრების მიმართ; ხომ არ არის მტრების შეწყალება სახელმწიფოს უკანდახევა და უარესიც - სულაც კაპიტულაცია? არა, არ არის! რადგან სახელმწიფო ამ ნაბიჯით ტოვებს შესაძლებლობას, რათა ეს მტრობა დასრულდეს. ბუნებრივია, ნაცებისგან იმის მოლოდინი, რომ ხვალიდან საკუთარი სახელმწიფოს   წინააღმდეგ მტრულ მოქმედებებს შეწყვეტენ, სულ ცოტა - გულუბრყვილობაა; მაგრამ სახელმწიფოს ღირსებაც ხომ სწორედ ეს არის - მტრებს ყოველგვარი, იოტისოდენა იმედი და საყრდენი რაიმე მორალური უპირატესობისა მოუსპო!


შეწყალებული ბოროტმოქმედი „პოლიტპატიმარი“ არ არის. სასჯელისგან გათავისუფლება მსჯავრისგან არ ათავისუფლებს. მტრულ ძალას - ნაცებს აღარ აქვთ „პოლიტიკური პატიმრების“ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბინძურ იარაღად გამოყენების შესაძლებლობა. სახელმწიფოს ამ მტრების არ ეშინია. პოლიტიკა, პარტიულ-პოლიტიკური სისტემა ამ მტრობას კი არა, არამედ ქართველ ხალხს, რომელიც არჩევნებში, დარწმუნებული ვარ, ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს, უნდა დაეყრდნოს. 


სწორედ ასე და არა სხვაგვარად უნდა გავიგოთ პრეზიდენტის ეს რთული და მძიმე გადაწყვეტილება. 


კეთილი ნების თითოეული ადამიანი,  ვინც ამ გადაწყვეტილებაში ნაცების შანსს ხედავს, მეტად უნდა იყოს მოტივირებული, რათა ამ არჩევნებით დასრულდნენ ნაცები და მათთან ერთად   - მტრობაზე მომართული პარტიულ-პოლიტიკური სისტემა, რომელიც ქვეყნის მთავარ საფრთხედ იქცა!" - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ