დავით ზარდიაშვილის პოსტი:
თუ ეს კონგრესმენები და სენატორები არ უფრთხილდებიან საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ "ჰიბრიდულ ომში" საქართველოსთვის რუსული იმპერიალიზმი გაიმარჯვებს?! ეს კითხვა სულ უფრო მძაფრად ისმის საქართველოში. რაც მეტი იქნება ამ სენატორებისა თუ კონგრესმენების მსგავსი არამეგობრული წერილი და აქ არა მხოლოდ ლობიზმის პრობლემაა, არამედ, გაცილებით უფრო ღრმა, სულ უფრო მეტი ქართველი დაფიქრდება და გაიხსენებს ძველ სიბრძნეს: "გინდ მგელს შეუჭამიხარ და გინდ მგლისფერ ძაღლსაო." ამ ბოლო დროს რუსეთს არ მიუყენებია იმ მასშტაბის უშუალო ვნება ქართულ-ამერიკული სტრატეგიული ურთიერთობებისთვის, რაც ამ კონგრესმენებმა და სენატორებმა მიაყენეს: მათთან "გაშინაურებული ძაღლიშვილების" მიმართ ქართული მართლმსაჯულების "პოლიტიკურ დევნად", ხოლო "ფრონტიერას" აფერისტობისა - ბიზნესად, არა მხოლოდ "აღქმა", არამედ უტიფრად გასაღებაც და მათი მფარველობაც, არაფრით განსხვავდება ჩვენთვის კარგად ნაცნობი რუსული "ძერჟავნიკული" თავხედობისაგან, რომელიც მარტივ პრინციპს ემყარება: როცა "უფროსი ძმა" გეტყვის ბუხარი ხარო, უნდა გაჩუმდე და უკნიდან ბოლი გამოუშვა. ეს -უგულავას, ოქრუაშვილის და ალბათ მალე მკვლელი რურუას, ციხიდან გაშვება, სწორედ უკნიდან გამოშვებული ისეთი ბოლია, რამაც შეიძლება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანი გახადოს.
ერთხელაც იქნება ყელში ამოგვივა ეს ყველაფერი და მიუხედავად ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობების გაცნობიერებისა, ისტორიული მეხსიერება ნამდვილად არ დაგვიკარგავს და მშვენივრად გვახსოვს: რა არის, რა განსხვავებაა მტრობასა და მეგობრობას შორის. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს კონგრსმენები და სენატორები რუსული "რბილი ძალის" ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ და "ჰიბრიდულ ომში" მათი მოკავშირეები გახდნენ; თუმცა სხვაგვარად, ვშიშობ, შეუძლებელია მათი მოქმედება ავხსნათ, რადგან, ჯერჯერობით მაინც, ვერ წარმოგვიდგენია: იქნებ თავად არიან ჩვენი ქვეყნის მტრები და ეგებ, მათგან უფრო რთულიც კია თავის დაცვა, ვიდრე იგივე რუსული აგრესიისგან?!
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge