23:12 17.05.2020
„სტოკჰოლმში, სასამართლომ ქართული მხარის ოთხივე მოთხოვნა დააკმაყოფილა და რამე სახის დავის გაგრძელება უსაფუძვლოა - ვიმედოვნებთ, ფრონტერა შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას“

„იმედის კვირამ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საერთაშორისო იურიდიული კომპანია „ჰოგან ლოველსის“ პარტნიორ, იურისტ კარლ პიორნ ბახერთან, რომელიც „ფრონტერას“ წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო საარბიტრაჟო დავისას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინტერესებს იცავდა. იურისტი განმარტავს, რომ ქართული მხარის მოთხოვნები 4 ძირითად საკითხს ითვალისწინებდა: პირველი ეხებოდა ტერიტორიების თითქმის 99% დათმობის თაობაზე განკარგულების გაცემას, რაც „ფრონტერას“ ჯერ კიდევ 2017 წლის ნოემბერში უნდა გაეკეთებინა და იმ დროიდან მოყოლებული უარს აცხადებდა ამაზე. მეორე იყო იმის დადასტურება, რომ „ფრონტერამ“ არსებითად დაარღვია კონტრაქტი. მესამე - პროცესთან დაკავშირებული იურიდიული ხარჯების ანაზღაურების დაკისრება „ფრონტერასთვის“. ამას გარდა, „ფრონტერამ“ საქართველოს წინააღმდეგ აღძრა 3.5 მილიარდის დოლარის ოდენობის მოთხოვნა და ჩვენი მეოთხე ამოცანა საქართველოს ამ სარჩელისგან დაცვა იყო“, - ამბობს ბახერი.

 

მისივე თქმით, სტოკჰოლმში, სასამართლომ ქართული მხარის ოთხივე მოთხოვნა დააკმაყოფილა, ამიტომ რაიმე სახის დავის გაგრძელება უსაფუძვლოა. ბახერი ამბობს, რომ „ფრონტერას“ არასოდეს ჰქონია კონტრაქტის შესრულების განზრახვ და ახლა კომერციული დავის პოლიტიზირებას ცდილობს. „ჩვენი დავა წმინდა კომერციული ხასიათისაა, შეეხება კომერციულ კონტრაქტს. იგი განიხილა საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, რომელიც შედგებოდა 3 ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო დონის არბიტრისგან. პროცესის ჩატარების ადგილად განსაზღვრული იყო სტოკჰოლმი. არცერთი არბიტრი ანუ მოსამართლე არ იყო ქართველი. ერთ-ერთი მათგანი იყო შვეიცარიელი, მეორე გერმანელი, რომელიც ლონდონში მოღვაწეობს, და მესამე აშშ-ის მოქალაქე. სამივე მათგანმა გამოიტანა გადაწყვეტილება ამ კომერციულ დავაზე. ამ გადაწყვეტილების აღსრულება სურს ახლა საქართველოს მხარეს. „ფრონტერა“ დასაწყისიდანვე ცდილობდა ამ საქმის პოლიტიზირებას თუმცა ეს არ არის პოლიტიკური საკითხი და დავა, ეს კომერციული დავაა და ის გადაწყვეტილი იყო კანონიერების პრინციპზე დამყარებული. ქართულმა მხარემ დასაწყისშივე გამოთქვა მზადყოფნა, დათანხმებოდა ნებისმიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას. ახლა გადაწყვეტილება გამოტანილია და ვიმედოვნებთ, რომ ფრონტერა შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას“, - ამბობს ბახერი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge