კახი კენკაძის ბლოგი:
დღეს, რომის პაპის, იოანე პავლე მეორეს, დაბადების 100 წლისთავია. ამ თარიღის საზეიმო აღნიშვნასთან დაკავშირებით, წმინდა საყდართან აკრედიტირებული საელჩოები, რომში, პაპის მიერ მათ ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების ამსახველი ფოტოსურათების გამოფენას აწყობენ. ვატიკანში საქართველოს საელჩოს თხოვნით, გავუგზავნე იოანე პავლე მეორეს საქართველოში ყოფნის ფოტოები, რომელთაც გთავაზობთ ამ ისტორიული ვიზიტის ჩემს მოგონებასთან ერთად.
იოანე პავლე მეორეს ვიზიტი საქართველოში
აღმოსავლეთ ტიმორიდან ჩემი დაბრუნების ორი თვის თავზე, 1999 წლის ნოემბერში, პირადად ედუარდ შევარდნაძის მოწვევით, თბილისში ვიზიტით რომის პაპი, იაონე პავლე მეორე ჩამოვიდა. ყოველგვარი გადამატების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ იოანე პავლე განსაკუთრებული მოვლენა იყო პაპიზმის ისტორიაში. იგი იყო პირველი არა იტალიელი პაპი ბოლო 455 წლის განმავლობაში და იყო პირველი სლავური ქვეყნის (პოლონეთის) წარმომადგენელი; მისი პონტიფიკატი 26 წელი გაგრძელდა (1978 -2005) და რომის პაპების ისტორიაში მესამე იყო ხანგრძლივობით.
იოანე პავლეს მოღვაწეობის მთავარი მიზანი სახელმწიფოებსა და რელიგიებს შორის მეტი ნდობისა და ურთიერთგაგების გაღვივება იყო. ამისათვის ის ძალზედ ბევრს მოგზაურობდა. მან უფრო მეტი მანძილი დაფარა, ვიდრე ყველა პაპმა ერთად აღებულმა. მისი პონტიფიკატის მანძილზე, იგი ეწვია 129 ქვეყანას და ამ პროცესში იფრინა 1,100,000 კილომეტრი. ის მუდმივად აგროვებდა ადამიანთა დიდ მასებს, და იყო შემთხვევა როდესაც, ამ კუთხით, კაცობრიობის ისტორიაში რეკორდიც კი დაამყარა, როდესაც, 1995 წელს, ფილიპინების დედაქალაქში სტუმრობისას, ‘მანილას მსოფლიო ახალგაზრდობის დღეზე,” მისი ქადაგების მოსასმენად, 5 მილიონამდე ადამიანი შეიკრიბა. ეს რეკორდი ისევ ფილიპინებში მოიხსნა, როდესაც, 20 წლის შემდეგ, 2015 წელს, პაპ ფრანსისის მოსასმენად 6 მილიონი ადამიანი მოგროვდა.
იოანე პავლეს უდიდესი რეპუტაციის შექმნას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ ცივი ომის უზარმაზარი დაპირისპირების ფონზე, იგი, ერთის მხრივ, თავისი მშობლიური პოლონეთისა და საბჭოთა კავშირის მიერ დამონებული სხვა ერების გათავისუფლებისთვის იღწვოდა, მხოლოდ და მხოლოდ, მშვიდობიანი გზით, ხოლო მეორეს მხრივ, იგი გმობდა დასავლური (ანგლო-ამერიკული) კაპიტილაზმის მატერიალიზმს და საზოგადოებრივი სოციალური და ეკონომიკური თანასწორებისკენ მოუწოდებდა დასავლურ სამყაროს. შეიძლება ითქვას, რომ ის სსრკ-ისა და აშშ-ის ერთგვარი ოპონენტი იყო და, იმავდროულად, ევროკავშირის სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკურ იდეოლოგიას უჭერდა მტკიცედ მხარს.
პოლიტიკური მიზნების გარდა, იოანე პავლე, მთელი თავისი პონტიფიკატის მანძილზე, კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების შერიგებასა და, ზოგადად, ყველა მსოფლიო რელიგიური კონფესიების აღმსარებლებს შორის მშვიდობის დამყარებას ცდილობდა.
ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, პაპის ვიზიტი საქართველოში არ იყო მხოლოდ რელიგიური ხასიათის ისტორიული მოვლენა. პირველ რიგში ეს იყო უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ვიზიტი. მსოფლიო მედიის ყურადღება საქართველოსკენ იყო მოპყრობილი. აი, რას წერდა 9 ნოემბრის ნიუ იორკ თაიმსი:
“დღეს, პაპი, იოანე პავლე მეორე, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს შეხვდა ისეთ გარემოებაში, რომელიც ნათლად აჩვენებს იმ არსებულ წინააღმდეგობებს, რომლებიც პაპის დიდი ხნის ოცნებას - რომის კათოლიკური ეკლესიისა და აღმოსავლეთის მართლმადიდებლობის შერიგებას - უშლის ხელს. პაპმა ისაუბრა თავის მხურვალე სურვილზე წინ წაწიოს შერიგების პროცესი ორ ეკლესიას შორის, რომელთა შორის განხეთქილება 1054 წელს მოხდა. პატრიარქმა ილია მეორემ, საქართველოს პრელატმა, რომელმაც პაპს, მხოლოდ, როგორც სტუმრად ჩამოსულ სახელმწიფო მეთაურს, ისე მიმართა, თავი აარიდა საეკლესიო შერიგების რაიმე სახით ხსენებას. როდესაც პატრიარქმა “მეგობრული ურთიერთობების” გაღრმავებაზე ისაუბრა, მან თქვა, რომ ის იმედოვნებდა, რომ ეს მოხდებოდა არა ჩვენს ეკლესიებს შორის, არამედ ჩვენს სახელმწიფოებს შორის.”
ბუნებრივია ედუარდ შევარდნაძეს ამერიკელ ჟურნალისტზე კარგად ესმოდა ის სირთულეები, რომლებიც პაპის ვიზიტის განხორციელებას უდგა წინ. იგი, ფაქტობრივად, თანამედროვე სულხან საბა ორბელიანის როლში აღმოჩნდა. პირველი ქართველი დიპლომატივით, ის კარგად აცნობიერებდა, რომ წმინდა საყდრის - რომის კათოლიკური ეკლესიის უდიდესი პოლიტიკური გავლენა ძალზედ წაადგებოდა საქართველოს თავისი დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში, მაგრამ, მეორეს მხრივ, მას ისიც კარგად ესმოდა, რომ ეს ისე უნდა გააკეთებინა, რომ ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის, თუნდაც სულ მცირე უთანხმოებას არ ჰქონოდა ადგილი. და მისთვის დამახასიათებელ სტილში, მან ასეთი გამოსავალი მონახა. პაპი, ნოემბერში, ინდოეთს უნდა სწვეოდა ოფიციალური ვიზიტით. შევარდნაძემ ვატიკანს შესთავაზა, რომ იოანე პავლე მეორეს ინდოეთიდან, უკან, რომისკენ მომავალს, შემოევლო თბილისში. ეს არ იქნებოდა პაპის კლასიკური, ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და, იმავდროულად, საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგავდა წინ ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
იმ დღეს ამინდმა არ გაგვიმართლა. თბილისის აეროპორტში წვიმდა და საკმაოდ ცივი ქარიც უბერავდა. როგორც კი პაპის თვითმფრინავი აეროპორტში დაჯდა შევარდნაძე და მე გარეთ გავედით და, წითელი ხალიჩის ბოლოში, გვერდი - გვერდ დავდექით, სახით თვითმფრინავისკენ, რომელიც უკვე გაჩერდა და ტრაპიც მიადგა. მაგრამ კარი არ იღება. გავიდა ხუთი წუთი, გავიდა ათი წუთი. პაპი არ ჩანს. ვდგავართ მე და ედუარდი მარტონი შუა აეროპორტში, გათოშილები. უკვე დაბნელდა. გავიდა კიდე ათი წუთი და პაპი ისევ არ გამოდის. ვიფიქრე ედუარდს გავამხნევებ და თან ჩემ ცოდნას გამოვაჩენ მეთქი. როდესაც მითხრეს, რომ პაპისთვის ვიზიტის განმავლობაში, მე უნდა მეთარგმნა, ბუნებრივია დავიწყე მასზე ინფორმაციის მოპოვება და რომელიღაც ამერიკულ პრესაში წავიკითხე, რომ ბილ და ჰილარი კლინტონებსაც დიდი ხანი მოაუწიათ მისი ლოდინი აეროპორტში:
- ბატონო ედუარდ, იცით, ამას წინათ, როდესაც პაპი კალიფორნიაში ჩავიდა, სამი საათი არ გადავიდა თვითმფრინავიდან და მთელი ეს დრო ბილ და ჰილარი კლინტონებმა აეროდრომის ანგარში გაატარეს მის მოლოდინში.
როგორც წესი, ედუარდთან საუბარს მე არ ვიწყებდი ხოლმე. თუ რამეს მკითხავდა მაშინ ვპასუხობდი. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ინიციატივა ჩემ თავზე ავიღე და მაგრადაც ვინანე. პრეზიდენტმა თავი ჩემსკენ შემოატრიალა, ხმა არ ამოუღია, მაგრამ სახეზე, არც მეტი არც ნაკლები, შემდეგი გზავნილი ეწერა: “როდის რა უნდა თქვა და ვის უნდა უთხრა, ხომ უნდა იცოდე - მე ბილი ვარ, ჰილარი, თუ თბილისია კალიფორნია?”
კიდევ კარგი, სულ რამდენიმე წამში, თვითმფრინავის კარი გაიღო და იოანე პავლე გამოჩნდა, რომელმაც ნელა დაიწყო დაბლა სვლა. მაშინ მიხვდი, თუ რატომ დააგვიანა მან თვითმფრინავიდან გამოსვლა. იგი ძლივს ჩამოდიოდა კიბეებზე. როგორც შემდგომ შევიტყე, 90-იანებიდან, პაპს ჯანმრთელობა ძალზედ შეერყა. 2003 წელს ორთოპედმა ქირურგმა დაადგინა, რომ პაპს პარკინსონის დაავადება ჰქონდა, რაც ვატიკანმა მხოლოდ 2003 წელს აღიარა საჯაროდ.
მიუხედავად ამ უმძიმესი დაავადებისა, პაპი საოცრად ვაჟკაცურად მოიქცა. მისთვის მომზადებული იყო პატარა ტრიბუნა, საიდანაც ამ მგზავრობით გადაღლილმა და მძიმე ავადმყოფობით შეპყრობილმა 79 წლის კაცმა კიდევ მთელი ნახევარ საათიანი მისასალმებელი სიტყვა წაიკითხა, სადაც აღნიშნა, თუ რა ბედნიერი იყო, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქრისტიანულ ქვეყანაში მიეცა ჩამოსვლის შესაძლებლობა.
სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, პაპი რეზიდენციაში საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ გააცილა. მათთან მგზავრობის პატივი მე მერგო. სანამ ლიმუზინში ჩავსხდებოდით, იაონე პავლემ გამიღიმა და მთხოვა, რომ მისი ხელჯოხი დამეჭირა. პაპს ჯოხი გამოვართვი და მანქანაში მძღოლის გვერდზე დავჯექი. პაპი და პატრიარქი უკან მოთავსდნენ. როდესაც მანქანა დაიძრა, პირველი რაც პაპმა პატრიარქს ჰკითხა, იყო შემდეგი:- როგორი ურთიერთობები გაქვთ რუსეთთან?
პატრიარქმა მისთვის დამახასიათებელი დიპლომატიურობით უპასუხა, რომ ურთიერთობები იყო ისეთი, როგორიც ორ მართლმადიდებლურ, მეზობელ ერს ერთმანეთთან უნდა ჰქონოდა. ამის შემდეგ, რეზიდენციაში მისვლამდე ლიმუზინში სიჩუმე სუფევდა.
მთელი ვიზიტის განმავლობაში მოხიბლული ვიყავი იონე პავლეს პიროვნებით. რაღაც მომენტებში, თავისი პირდაპირობით, კეთილგანწყობითა და უდიდესი ინტელექტით იგი ძალზედ მაგონებდა ზბიგნევ ბზეჟინსკის. უკვე აღარ მიკვირდა, რომ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, სწორედ პოლონელი მეფეები იყვნენ ერთიანი ევროპის შექმნის იდეის სათავეებთან. და რარიგ დიდი იყო ჩემი აღშფოთება, როდესაც პაპის გაცილების დღეს აეროპორტში შემდეგ სცენას შევესწარი.
იოანე პავლე პირდაპირ თვითმფრინავთან მიიყვანეს. აეროპორტის ძველი შენობის ეზოში ვიდექი ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ, კალისტრატესთან და კიდევ ორი უმაღლესი საერო თანამდებობის პირთან ერთად და ვუყურებდით როგორი გაჭირვებით ადიოდა კიბეებზე პაპი. მე გული შემეკუმშა. ადამიანურად შემეცოდა მოხუცი კაცი. და ამ დროს, როდესაც ის სალონში შევიდა და თვითმფრინავის კარი მიიხურა, უცებ, კალისტრატემ მთელ ხმაზე დაიღრიალა: ზგინ სატანა!! და გადაიხარხარა. ჩინოვნიკებმა, რომელთა ვინაობის დასახელებაც არ მინდა, ხარხარში ხმები შეუწყეს მას. დღემდე ჩემთვის მიუღებელია ის პოლიფონია და მისი ესთეტური მხარე. მისი შინაარსი გასაგები იყო, მაგრამ გამოხატვის სტილი ძალიან მეამაზრზენა.
ამ ვიზიტიდან ხუთი წლის შემდეგ, ვაშინგტონში ყოფნისას, იოანე პავლესთან დაკავშირებით, ერთი კურიოზული ამბავი გადამხდა. აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში ვიმყოფებოდი კონტრ-ტერორიზმის 10 თვიან კურსებზე. მასპინძლებმა , არლინგტონში, ფეშენებელურ საცხოვრებელ სახლში მომათავსეს. თან მხოლოდ ერთი ჩარჩოში ჩასმული ფოტო მქონდა წაღებული, რომელზეც მე ედუარდი, ილია მეორე და იაონე პავლე მეორე ვიყავით აღბეჭდილი. არ ვიცი ამდენი სურათებიდან, რომლებიც, იმ დროისთვის უკვე მქონდა გადაღებული მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერების საზოგადოებაში, რატომ ავარჩიე ეს ფოტო, რომელიც ჩემი სამუშაო მაგიდის თავზე კედელზე დავკიდე.
ერთხელაც, სამზარეულოში ტექნიკური პრობლემა შემექმნა და მასპინძლებმა სპეციალისტი გამოიძახეს მის აღმოსაფხვრელად. როგორც აღმოჩნდა, მოსული მუშა ფილიპინელი იყო. როდესაც თავის საქმეს მორჩა, იგი ჩემს ოთახში შემოვიდა და მეუბნება:
- თქვენი გაზქურა მუშა მდგომარეობაშია. შეგიძლიათ ისარგებლოთ...
ამ დროს მან ჩემს თავს ზემოთ კედელზე დაკიდებულ სურათს შეხედე და თვალები სიხარულით გაუფართოვდა.
- ჩვენი პაპი.
მისი ეს რეაქცია არ გამკვირვებია, როდესაც გავიგე რომ იგი ფილიპინელი იყო, იმ ქვეყნიდან, სადაც კათოლიციზმის აღმსარებლობის ყველაზე ფუნდამენტალისტურ-ექსტრემისტული ფორმაა მთელ მსოფლიოში. სამაგიეროდ გაუკვირდა მას, როდესაც სურათში პაპის გვერდზე მე აღმომაჩინა.
- ეს თქვენ ხართ?
მეკითხება ყბა-ჩამოვარდნილი.
- კი მე ვარ.
- თქვენ იცნობთ მას? ხელიც ჩამოგირთმევიათ?
- არა თუ ხელი ჩამომირთმევია, აი ხედავ მის ხის ხელჯოხს, ისიც კი მეჭირა ხელში მთელი ნახევარი საათი.
გაღიმებული სახით ვუთხარი სტუმარს. და აქ, როგორც აღმოჩნდა, დიდი შეცდომა დავუშვი. როდესაც ფილიპინელს ეუბნები, რომ ხელში რომის პაპის ჯოხი გეჭირა, ეს უკვე სახიფათოა.
- ოოო, თქვენ წმინდა ადამიანი ხართ!!!
იღრიალა ფილიპინელმა და ხელზე მეტაკა საკოცნელად. ცხოვრებაში ჩემთვის ხელზე არავის უკოცნია, ბუნებრივია არც მას მივეცი ამის შესაძლებლობა. დავაწყნარე. ავუხსენი, რომ მე არაფრით არ ვიყავი წმინდანი და კარისკენ გავიყვანე. ბინიდან გასვლისას შემოტრიალდა და მეუბნება:
- არა, თქვენ პაპს იცნობთ, თქვენ იგი შეგეხოთ, თქვენ მისი ჯოხი გეჭირათ. მე ახლა წავალ და ვაშინგტონის მცხოვრებ ყველა ფილიპინელს შევატყობინებ, რომ აქ,არლინგტონის მიწაზე, წმინდა ადამიანი ცხოვრობს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge