12:22 18.05.2020
"ეს მტრული ძალა მხოლოდ იმიტომ და იმდენად არსებობს, რომ „ჰიბრიდულ რეალობას“ ქმნის"

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"თორაძეების საქმე“ და მისი დღევანდელი აღქმა მკაფიო საბუთია, რომ ობიექტური სინამდვილის შესახებაც კი ეროვნული კონსენსუსი არა გვაქვს. ისიც კი ვერ გაგვირკვევია, სინამდვილეა თუ გამონაგონი, რაც ჩვენს თავს ბოროტი ხდება.

 

რასაკვირველია, ეროვნული თანხმობა რომ გვქონდეს ობიექტური რეალობის არსებობაზე, მაშინ - „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა - სინამდვილიდან საერთოდაც გაქრებოდა.


ეს მტრული ძალა მხოლოდ იმიტომ და იმდენად არსებობს, რომ „ჰიბრიდულ რეალობას“ ქმნის. ციხის კადრების გასაჯაროების შემდეგ, ბუნებრივია, ამის ჩამდენი ე.წ. პოლიტიკური პარტია, უბრალოდ - უნდა გამქრალიყო. მაშინ, სწორედ ამაზე შედგა ეროვნული კონსენსუსი: როგორც სინათლის სხივი სპობს კორონას, ასევე - როგორც კი ბოროტ საქმეებს შუქი მოეფინება, იგი უნდა გაქრეს.


"ნაცინალურმა მოძრაობამ" დღემდე იმით ირჩინა თავი, რომ ობიექტურ რეალობას საკუთარი სიმულაცია - ერთგვარი „კონტრ-რეალობა“ დაუპირისპირა და მიაღწია კიდეც თავისას. რა არის სინამდვილე და რა სიმულაცია, გაუგებარი გახადა. "ნაცინალური მოძრაობა" მხოლოდ „ჰიბრიდულ რეალობაში“ შეიძლება არსებობდეს. იგი გაცოცხლებული მოჩვენებაა, მაგრამ ბოროტება -სწორედაც ეს არის; მას არსი არა აქვს და თავს გვაჩვენებს, რომ არსია.


ბოროტების გაბატონების საფრთხეს ქმნის ის, რომ ძალიან ბევრ ქართველს უკვე აღარ აქვს ობიექტური სინამდვილის განცდა. მათ არ ჯერათ, რომ რეალობაში მოხდა ის, რაც მოხდა: თავზარდამცემი ბოროტება, რაც „ბოროტების საძმომ“ დაიწყო და ესტაფეტით „ნაცინალურ მოძრაობას“ გადასცა, დაუჯერებელი გახდა. რადგან, რეალობა და მისი სიმულაცია ტოლმნიშვნელოვანი გახადეს - აღარ არსებობს ზღვარი და რაიმე კრიტერიუმი, რითაც არსი და არარსი, სიკეთე და ბოროტება, მოჩვენება და ხორცშესხმული სინამდვილე ერთმანეთისგან განირჩევა.


ამ ვითარების კატასტროფულობა - ჟორიკა რურუაა, როგორც სიმბოლო. იგიც „პოლიტპატიმრად“ ცხადდება და ეროვნული უბედურებაა, როცა თუნდაც ერთ ქართველს მაინც ჯერა, რომ ეს ასეა.


რასაკვირველია, ჟორიკა რურუა იყო, არის და მუდამ იქნება „ბოროტების საძმოს“ სახე. თორაძეების საქმე, ციხის კადრები, კასრის არქივები, აგვისტოს ომი - გამონაგონი არ არის. ეს ყველაფერი მოხდა. და არა მხოლოდ მოხდა, არამედ ხდება დღესაც: თორაძეების მხეცურად გაჟუჟვა - სანამ ამის ჩამდენი არ გასამართლდება, განგრძობადი დანაშაულია, იგი, როგორც თავზარდამცემი ბოროტება და არაადამიანური, სატანისტური მასშტაბის ტერორისტული აქტი - დღესაც გრძელდება: ჟორიკა რურუას გათავისუფლება ტერორისტული მიზანის - ბოროტებამ დაიპყროს ადამიანების გონება და სული, სიმბოლური აღსრულებაა. მნიშვნელობა არა აქვს, რომ კეთილი ნების ადამიანებს ეს დაზაფრავს, ხოლო ნაცების მომხრეებს კი ააყაყანებს, რომ ჟორიკას მსგავსი არ ჩაუდენია და მოუგონეს.


ჰიბრიდული რეალობაა, როცა ყოველგვარი ზღვარი იშლება ბოროტმოქმედსა და „პოლიტიკურ პატიმარს“ შორის. ეს ზღვარი პრეზიდენტს არ წაუშლია. ზღვარი იმ "პოლიტიკურმა პროცესმა" წაშლა, რაც 20-21 ივნისის ღამეს დაიწყო. მეტიც: პრეზიდენტმა სწორედ იმიტომ შეიწყალა ბოროტმოქმედნი, რომ ეს მახინჯი პოლიტიკური პროცესი დასრულებულიყო, რეალობასა და სიმულაციას შორის ზღვარი საბოლოოდ არ წაშლილიყო. ბოროტმოქმედნი არა მსჯავრისგან, არამედ სასჯელისგან გაათავისუფლა და ეს გაკეთდა მხოლოდ იმ იმედით, რომ ქართველები დაინახავენ - სიმართლე, ობიექტური რეალობა არსებობს და თუნდაც ქაჯთა ყაყანმა წალეკოს ქვეყანა, ამ სიმართლეზე ქვები იღაღადებენ.


ქვები იღაღაღდებენ ქაჯთა ყაყანის საპირისპიროდ იმაზეც, რაც ჩაიდანა ჟორიკა რურუამ. სირცხვილია და თავის მოჭრა, როცა „ქვათა ღაღადის“ არ გეყურება, რადგან იმდენად გაქვს გონება და სინდისი დაბინდული, რომ ბოროტების „მთავრი არხზე“ ქაჯთა ყაყანს ყოველ საღამოს სატანისტური ჰიმნივით უსმენ,"- წერს ის.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge