დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"უმაგრესი ქვეყანა გვაქვს - უევროპულესი და ულამაზესი" - ნანა გაგუა 18.05.2020 14:53

მედიაჰოლდინგ  "ჯორჯიან თაიმსის"  მთავარი რედაქტორი - ნანა გაგუა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, ჩვენი ქვეყნის შესახებ წერს:

 

"და მაინც:


უმაგრესი ქვეყანა გვაქვს - უევროპულესი და ულამაზესი.


უცხოტომელთა მიერ მრავალჯერ გადამწვარი უძველესი დედაქალაქით - მთებით, მდინარეებითა და ვაკე-მაღლობებით.


ლამაზი, დაუდეგარი, პროტესტებითა და დღესასწაულებით დაუღლელი ხალხით.


ესთეტი, ეშხიანი, ნატიფი, გენეტიკური დიდებულებით გამორჩეული არისტოკრატი ქალებით.


მხარში გაშლილი, ხორუმის მოცეკვავეების მსგავსი მამრებით:


- უშიშარი, მუდამ ბრძოლისა და ამავე დროს ქალების თაყვანისცემისათვის მზადმყოფი მამრებით.


ბავშვებით - მოვლილითა და მიხედილით.


ოჯახებით - ტრადიციები უპირველეს ყოვლისა და ერთ ჭერქვეშ სამი თაობით.


შინ, თაროებზე ''ვეფხისტყაოსანით'', ილიას ტომებით, გამსახურდიას უტათი, ხორბლისფერი შორენათი და დაწინწკლული შველით - სახელად ''ნებიერა''.


ბარათაშვილის ''საყურით'', ფიროსმანის ირმითა და გალას მერით..


უწმიდესი პატრიარქით - მსოფლიოს მართმადიდებელი სამყარო რომ ეთაყვანება.


ისტორიული ''ოქროს ხანითა'' და ბნელი 90-იანებით.


სვეტიცხოველით - ქრისტეს კვართითა და პატარა კახით.


ტაძრებით, მეჩეთებით და სინაგოგით მორთულ-მოკაზმული ქუჩა-უბნებით.


ხმაურიანი თბილისური ეზოებით ''ორი თავი ხახვი და ცოტა სტაფილო მომე ხვალამდე''...


უთვალავი მტერი ''მეზობლითა'' და ცოტა უანგარო ''მეგობრით''.


მასშტაბური, გენიალური მხატვრებით, საოპერო მომღერლებით, პიანისტებით, არტისტებით, რეჟისორებით....


მედიკებით - უნიკალური ზე-ადამიანებით!


დაუსრულებელი მიტინგებით ''თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა''...


ანბანის 33 ასო-ბგერით. ''მუხამბაზითა'' და კოსმიური ''ჩაკრულოთი''.


მერაბითა და ზვიადით. მუსხელიშვილითა და კეცხოველით, ბერიტაშვილითა და უზნაძით,


ავლიპითა და შანიძით, დავით ყიფიანითა და ზურაბ საკანდელიძით, მიხეილ მესხით, ნონათი და მიხეილ ხერგიანით.... ერქომაიშვილითა და სარაჯიშვილით.


ულამაზესი, ირმებივით მუხლმაგარი, ავაზასა მსგავსი ახალგაზრდობით და მათ მიერ მილაგებული წალეკილი ვერეს ხეობით.


ურყევი რწმენით - ''ჩვენთან არს ღმერთი!''....


უმაგრესი ქვეყანა გვაქვს - 3000 წლიანი სახელმწიფოებრიობის ისტორიით.


ჰოდა, მიყვარს და მეამაყება ჩემი იბერია-ივერია- საქართველო."  - წერს  ნანა გაგუა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ