16:22 19.05.2020
"ახალ რევოლუციურ სცენარში, რაზეც ოპოზიცია აკეთებს გათვლებს, წინასწარ მარცხისათვის არის განწირული!" - გიორგი ცუცქირიძე

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვა ევროპარლამენტში დაიწყო და ოპოზიციაც თავის ჩვეულებრივ სტიქიაში ახლა რურუას საკითხს აყენებს საარჩევნო შეთანხმების მთავარ პირობად. დარწმუნებული ვარ, ამით მათი მოთხოვნები არ ამოიწურება და ერთ-ერთი შემდეგი ნაბიჯი უკვე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნა იქნება. შემთხვევითი არ რის, რომ უკვე გაჟღერდა ოპოზიციის კიდევ ერთი მესიჯიც - არჩევნების ლეგიტიმურობას წინასწარ, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ეჭვქვეშ დაყენება ანუ მათთვის მიუღებელი შედეგის შემთხვევაში, აჩევნების, არალეგიტიმურად გამოცხადება, და პროცესების ქუჩაში გადატანა.


დღვანდელი ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი, ის პოლიტიკური მოჰიკანები არიან, რომლებიც გასული საუკუნის 90 იანი წლებიდან მოყოლებული ერთიდაიგივე პერსონებს წარმოადგენენ, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების დროსაც ერთად იდგნენ და 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" პერიოდშიც, და ამ სიის გასაშლელად ძმები ბერძენიშვილებიც საკმარისი იქნება. მართალია, ქართულ ოპოზიციას არა აქვს მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა, მაგრამ ეს არქაული ოპოფლანგი იმედოვნებს, რომ არსებულ სიტუაციას შეცვლიან და გადატეხავენ. მათ ამისათვის ყველა ფრონტი გახსნეს, მათ შორის საგარეო. ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მთელი მედია სივრცე "ოცნების" ღია დემონიზაციაზეა გადართული, სტუდიებშიც ყველაზე მძიმე არტილერია ყავთ უკვე გამოყვანილი, ანუ მთლიანად მათი ცნობადი პოლიტიკური ფეისები.


რეალურად ოპოზიცია რაიმე სიახლეს არც გვთავაზობს. სცენარის ავტორებიც და აქტიორებიც მოქმედებენ იმ მოდელით, რაც წარსულში უკვე ვიხილეთ.


განსხავება ისაა, რომ დღეს რეალობაა სხვა. მამა ბუშის დროს როდესაც საქართველოს საკითხი იდგა, პრიორიტეტულად სსრკ-ის ნარჩენების დსთ-ის სივრცეში ინტეგრირება დადგა საერთაშორისო დღის წესრიგში, და ამ საერთაშორისო ვითარებას შეეწირა კიდეც გამსახურდიას ხელისუფლება.


ჩვენთვის ამ ფატალურ სცენარში, რომლის აცილებაც შეიძლებოდა, მაშინდელ ოპოზიციას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი თავისი არასახელმწიფოებრივი და კაპიტულანტური პოზიციის შედეგად.


დღეს საბედნიეროდ, არც გასული საუკუნის 90 -იანი წლებია და არც 2003 წელია, გაცილებით ძლიერია სახელმწიფო ინსტიტუტები, ხოლო საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში და საერთაშორისო სტრუქტურებში გაცილებით წინ არის წასული. აშშ კი სულაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია! აღარც რუსეთის საელჩოა თბილისში! ცალკეული კრიტიკული წერილებიც სულ სხვა პრიზმაშია განსახილველი თუ გასააზრებელი და არა როგორც ადრე, როდესაც თავისებურ "გაზავნილადაც" კი განიხილებოდა სამოქმედო ინსტრუქტაჟით.


რაც მთავარია, ხალხის მეხსიერება არ არის მოკლე, ხალხის მხარდაჭერის იმედიც, ახალ რევოლუციურ სცენარში, რაზეც ოპოზიცია აკეთებს გათვლებს, წინასწარ მარცხისათვის არის განწირული!." - წერს ცუცქირიძე. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge