16:30 20.05.2020
"აშშ-დან ნებისმიერი განცხადება და კომენტარი მოდის იმ ადამიანებისგან და ჯგუფებისგან, რომლებიც ზრუნავენ საქართველოს წარმატებაზე"

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ნებისმიერი კომენტარი, რომელიც შტატებიდან მოდის, არის იმ ადამიანებისგან, რომლებსაც საქართველოს წარმატების ხილვა სურთ. მისი განმარტებით, ადამიანების ამ ჯგუფს სურს იხილოს, რომ საქართველო აგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლას. ამის შესახებ ელჩმა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს შესახებ სახლმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსადმი სენატორებისა და კონგრესმენების მიმართვას ეხებოდა.

 

„დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ნებისმიერი განცხადება და კომენტარი, რომელიც მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მოდის იმ ადამიანებისგან და ჯგუფებისგან, რომლებიც ზრუნავენ საქართველოს წარმატებაზე და სურთ იხილონ, რომ საქართველო აგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლას და სურთ იხილონ, რომ საქართველო ცდილობს იმ ოცნებების ასრულებას, რომელიც თვითონვე ჩაიფიქრა - შექმნას თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც სთავაზობს მოსახლეობას მეტ ეკონომიკურ კეთილდღეობასა და იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომელსაც მოსახლეობა იმსახურებს. ამერიკიდან მომავალი ნებისმიერი კომენტარი, სავარაუდოდ, ამ სულისკვეთებით უნდა იყოს გაგებული,“- განაცხადა კელი დეგნანმა.

 

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან საკმაოდ ნაყოფიერად თანამშრომლობს განსაკუთრებით საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით.

 

„მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ და გვაქვს წარმატებული კომუნიკაცია, განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება საერთაშორისო და რეგიონალურ უსაფრთხოებას. მივიჩნევ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციის საკმაოდ კარგი არხი გვაქვს და როდესაც რაღაც საკითხი წამოიჭრება, ამას საკმაოდ ღიად განვიხილავთ,“- განაცხადა კელი დეგნანმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge