17:01 22.05.2020
რატომ ვრცელდება ტრანსპორტის ამუშავებაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები?

“როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - დედაქალაქის მერიასა და მთავრობაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება. იქამდე კი, სანამ საკოორდინაციო საბჭოს წევრთა განცხადებები თანხვედრაში მოვა და ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს, მოქალაქეები, რომელთა სამსახურიც აღდგა, ხელფასის უდიდეს ნაწილს ტაქსით გადაადგილებაში ხარჯავენ. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებისთვის სრულიად გაუგებარია, როგორ იხსნება ეკონომიკა გადაადგილების გარეშე. ზუსტად ერთ დღეში, საქართველოში ორთვიანი საგანგებო რეჟიმი და კომენდანტის საათი დასრულდება, ეტაპობრივად ხდება ეკონომიკის ყველა სექტორის აღდგენა და მეტიც, ხელისუფლებაში ზუსტად იციან როდიდან შესრულდება ავიარეისები საქართველოში, თუმცა ვერ თანხმდებიან, ერთი უბნიდან მეორეში გადაადგილებისათვის როდის აღადგენენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი დაბეჯითებით ამბობს, რომ უახლოეს დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება...”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ ვრცელდება ტრანსპორტის ამუშავებაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები? / “ისევ კერძო მანქანებზე აპირებენ ჩამოკიდებას, თუ ხალხმა პენდემიის პირობებში მთელი ხელფასი ტაქსში უნდა დახარჯოს?”


“ტრანსპორტი არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თემა. ეკონომიკის გახსნის გეგმაში არც ერთ ცალკეულ ეტაპს არ დაუკავშირა ეს კონკრეტული მოქმედება, ვინაიდან ეს ღონისძიება დაკავშირებულია ქვეყანაში ეპიდმდგომარეობასთან და ჩვენს ეპიდემიოლოგებთან ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც შეზღუდვა. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება. ასეა მთელ მსოფლიოში. გვაქვს ახალი რეალობა, რომელიც არის კონცენტრირებული და ორიენტირებული ინფექციის კონტროლზე და მექანიზმებზე. ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც შეზღუდვა, ესაა ხელშეწყობა იმისა, რომ ქვეყანაში არ გვქონდეს ეპიდაფეთქება ხელახალი და ქვეყანაში რაც შეიძლება დაბალი იყოს დაავადებულთა რაოდენობა. შესაბამისად, ამის მენეჯმენტიც იყოს ადეკვატური”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. სრულიად განსხვავებულია დედაქალაქის მერის პოზიცია, რომელიც ირაკლი ჩიქოვანის მსგავსად, საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს ესწრება.

 

“ტრანსპორტის ამოქმედების სავარაუდო თარიღის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით ახა კალაძემ დაადასტურა, რომ მერიაში ტრანსპორტის ამოქმედებისთვის სრული მზადყოფნა არსებობს და ელოდებიან ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებას. “კონკრეტულ თარიღზე გამიჭირდება საუბარი, ალბათ, უნდა ვკითხოთ ეპიდემიოლოგებს, დარგის პეციალისტებს და როგორც კი იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა. ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს როგორც მეტროს მიმართულებით, ასევე ავტობუსების და მიკროავტობუსების მიმართულებითაც”, - განაცხადა კალაძემ. როდემდე გაგრძელდება შეზღუდვები, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი,”- დასძენს გამოცემა.

 

“სპეციალისტები კი საერთაშორისო პრაქტიკაზე საუბრობენ. ირკვევა, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში სადაც საგანგებო რეჟიმის მოქმედებდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც მუშაობდა. საავტომობილო სფეროს სპეციალისტის, გელა კვაშილავას აზრით, საუბარი უნდა იყოს იმაზე როგორ და რა რეკომენდაციებით აღდგება საზოგადეობრივი ტრანსპორტი და არა იმაზე, რომ მერია ვინმესაგან რეკომენდაციას ელოდება და შედეგ დაიწყებს მიმოსვლას მუნიციპალური ავტობუსები. მერიამ რომ ლოდინის ნაცვლად გეგმა უნდა წარადგინოს, ამ მოსაზრებას იზიარებს “ტრანსპორტისა და გზების” ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილიც. საქართველო რჩება მსოფლიოში ერთადერთ ქვეყნად, სადაც კვლავ არ აღდგენილა მუნიციპალური ტრანსპორტი”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“როგორც ვიცით, ქვეყანაში მოქალაქეების ნახევარზე მეტს ავტომობილიარ ჰყავს. გაუგებარია, როგორ შეიძლება გაიხსნას ეკონომიკა და არ ამოქმედდეს ტრანსპორტი? გაუჭირდებათ მოქალაქეებს და ბიზნესსაც. საუბარი უნდა მიმდინარეობდეს არა იმაზე, რომ ჯერ დღის წერიგში არ დგას გახსნის საკითხი ან მზად არიან და ვინმეს გადაწყვეტილებას ელოდებიან, არამედ იმაზე, თუ რა კონკრეტული გეგმა აქვთ, რა რეკომენდაციებით გაიხსნება და როდის. ყველა ქვეყანაში, სადაც პანდემიამ იყო, ტრანსპორტი ამოქმედდა ოღონდ მარტივი წესების დაცვით. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას უნდა ეკეთოს პირბადე, უნდა იყოს ფიზიკური დისტანცირებისათვის აუცილებელი წესები, “სანიტაიზერები” და შესაძლოა, თერმოსკრინინგიც. ეს ყველაფერი ნამდვილად არ ჯდება ძვირი. ასევე საჭიროა ავტობუსში ჩასასვლელი და ასასვლელი კარების გამიჯვნა. ეს არ ითხოვს დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელა კვაშილავა.

 

“ძალიან მიკვირს, როცა ყველა სფეროს ხვდებიან და ყველასთვის ცალ-ცალკე გაიმართა პრეზენტაციები, რატომ არ ხდება იგივე ტრანსპორტის სექტორში? ან როგორ ხსნიან ეკონომიკას ტრანსპორტი გარეშე, როგორ მიიღებენ ტურისტებს ან როგორ მივა ხალხი სამსახურამდე, როგორ იმუშავებს სოფლის მეურნეობა? რა არის მთავრობის გეგმა ვერ გავიგეთ, აპირებენ ისევ კერძო მანქანებზე ჩამოკიდებას, თუ ხალხმა პენდემიის პირობებში მთელი ხელფასი ტაქსში უნდა დახარჯოს? ქალაქის მერმა მყისიერად უნდა წარადგინოს გეგმა, როგორ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რა წესები უნდა დაიცვან მოქალაქეებმა. საჭიროა უფრო სერიოზული ნაბიჯები”, - დაასკვნის გელა კვაშილავა.

 

“ძალიან რთულ ვითარებაში აგდებენ ეპიდემიოლოგები მოსახლეობას, რომელიც დაიყო პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ - მანქანიან და უმანქანო - ჯგუფებად. ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც კვლავ არ აღდგენილა მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს არის არაჰუმანური აქტი. ვისაც არც ავტომობილი ჰყავს და გადაადგილების აუცილებლობა უდგას, რას აკეთებს ის ხალხი, მთავრობას საერთოდ არ აინტერესებს. ქვეყნის მასშტაბით 23 000 ავტობუსია რეგისტირირებული და ისინი უნდა გამოვიყენოთ შიდა გადაადგილებისათვის მუნიციპალიტეტებში. ვინმე ზრუნავს ამაზე, ვინმე აწარმოებს მოლაპარაკებას რომ ვიქირაოთ? 500 ლარი რომ აქვს ადამიანს ხელფასი ტაქსით უნდა იაროს სამსახურში ან? მაინცდამაინც მოწყვლადი ჯგუფების ხარჯზე უნდა შემცირდეს გადაადგილება?” - ამბობს გამოცემასთან საუბრისას დავით მესხიშვილი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge