დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„თუ ვეჯიბრებით ერთმანეთს, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის შევეჯიბროთ - კისინჯერის ქვეყანაში ეგების, კიზინგერები - ცოტა წყნარად იყვნენ“ 23.05.2020 20:01

დავით ზარდიაშვილის ბლოგი:

 

კიზინგერს უთქვამს - საქართველოს ოკუპაცია პრობლემა კი არა, პირიქით - არგუმენტია, ნატოში რომ მიგიღოთ და რაც მთავარია: რუსეთი სუსტი სახელმწიფოა, იმის პოზიციას ჩვენისთანა მძლავრი ქვეყნისთვის, აბა, რა მნიშვნელობა აქვსო? კეთილი და პატიოსანი, მაგრამ, როგორც ჩანს - ამ პანდემიამაც ბევრი ვერაფერი შეცვალა: ისევ - ვინ უფრო ღონიერია და ვინ ვის მოერევა, მაინც ეგა აქვთ სალაპარაკო. ერთმანეთს იმით ეტოლებიან, ვის რამდენი ბირთვული ქობინი, უფრო შორს და სწრაფად მქროლი რაკეტა, რაც შეიძლება მეტად დამანგრეველ-გამანადგურებელი ტექნოლოგია, უფრო მეტი ტანკი და ა.შ. აქვს, ე.ი. - ვის უფრო სწრაფად და მოწინააღმდეგეზე ეფექტიანად შეუძლია მთელი კაცობრიობის რამდენჯერმე გაჟუჟვა.


პანდემიაა და პოლიტიკოსების რიტორიკა დიდად არ შეცვლილა: არც კი უფიქრიათ, ბირთვული ქობინებთ ანდა ტანკებით კი არა, სასწრაფო დახმარების მანქანების, თუნდაც სასუნთქი აპარატების რაოდენობით შეაფასონ, ვინ არის ძლიერი და ვინ სუსტი, ე.ი. იმით - ომიანობისას ვის რამდენი ადამიანის არა მოსპობა, არამედ პირიქით -გადარჩენა შეუძლია ამ პანდემიის დროს. ფსევდო-ლიბერალური დემოკრატიის, რომელიც სულ უფრო მეტად დაემსგავსა "სოციალურ დარვინიზმს" ე.წ. კონკურენტული უპირატესობებიც -ნიველირდა: ფაქტია, ავტორიტარულმა ჩინეთმა მოქალაქეტა სიცოცხლე და ჯანმრტელობა უკეთ დაიცვა, ვიდრე კორონა-მოწყვლადმა დასავლეთმა. პანდემიის სტატისტიკა ცუდ სურათს გვაჩვენებს - ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოში გარდაცვლილთა 4/5 და ინფიცირებულთა 3/4 ჯამურად სწორედ ნატოს ქვეყნებზე მოდის, საიდანაც თითქმის მეასამედი ამერიკის "წვლილია". ტანკები, ბომბები, რაკეტები და დოლარები, ვითომ - დემოკრატიაც, იცოცხლე, თავზე საყრელადა აქვთ, მაგრამ უცხო ენის არმცოდნე კახელისა არ იყოს, მეც ვიკითხავ - "გამაადგათ რო"?

 

რითი იზომება ძალა და გავლენა? იმით, რაც უფრო მეტს მოერევი და ღონით, თუ ჭკუით დაჩაგრავ, თუ იმით, რამდენს შეგიძლია ხელი გაუწოდო და უშველო?! კიზინგერის ამ განცხადებაში, რაც თითქოსდა საჩვენოა, მე უფრო ის დავინახე, რომ ისევ ძალ-ღონითა ტრაბახობს და საქართველო სუბიექტად კი არა, იმ ობიექტად მიაჩნია, რითიც რუსეთს საკუთარ მძლავრობაში დაარწმუნებს. რუსსაც მეტი რა უნდა? მეცა მაქვს ღონეო და გინდა უკრაინაში, გინდა საქართველოში, გინდაც სირიაში კიდევ უარესს დაგანახებთ, რაც შემიძლიაო. ნატო იმიტომ ავირჩიეთ, რომ რუსეთის გადამკიდე გვეგონა და დღესაც კიდევა გვგონია, მას უფრო მეტი ადამიანის დაცვა და გადარჩენა შეუძლია და სწორედაც ამითია ძლიერი. დემოკრატიასაც ამიტომ მივყვებით, რადგან გვჯერა - ასე უფრო მეტი წესრიგისა და სოლიდარობის მიღწევა შეგვიძლია თუნდაც საფრთხეებთან გასამკლავებლად. სამწუხაროდ, კიზინგერი ასეთი რწმენის განმტკიცებას არ ემსახურება, პირიქით.

 

აი კისინგერი კისინჯერი რომ ყოფილიყო, ალბათ ამას იტყოდა - ამ პანდემიამ მაინც უნდა უჩვენოს ყველა ქვეყანას და რუსეთსაც, რომ კუნთების თამაშის დრო არ არის და თუ ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვის რა შეგვიძლია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების, არამედ მსოფლიოსიც, მეტი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის - ამაში შევეჯიბროთო. კისინჯერის ქვეყანაში ეგების, კიზინგერები - ცოტა წყნარად იყვნენ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ