დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„რატომ არ დაინტერსედნენ, რა ხდებოდა საელჩოებში? რა კადრებით იყო დაკომლექტებული - რა როლი ითამაშა მათ დანიშვნაში გიგა ბოკერიამ, რა კავშირია მასა და ქართველ დიპლომატებს შორის“ 24.05.2020 00:46

30 წლის წინ, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ, უამრავი ახალგაზრდის სისხლის ფასად, ნანატრი ოცნება აიხდინა და დამოუკიდებლობა მოიპოვა, ალბათ, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, საკუთარ ქვეყანაში პატიმრის სტატუსსაც კი პარტნიორი ქვეყნების მითითებით შეარჩევდნენ, მათი გადაწყვეტილებით იმოქმედებდნენ, ვერც „ნატოს“ კარს შეაღებდნენ და დაკარგულ ტერიტორიებს არათუ დაიბრუნებდნენ, პირიქით... აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი 1998 წლიდან, ზურაბ მარშანია საუბრობს და განმატავს, რომ „საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა და ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის ბედ-იღბალი ისე, როგორც ქართველ ხალხს სურს!“

„სეუს“ მედიცინის ფაკულტეტის სრული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ მარშანია, რომელიც 15 წლის განმავლობაში დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ, პოლიტიკური ნიშნით, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, პროფესიას დაუბრუნდა და დღემდე თვლის, რომ მისთვის ექიმის პროფესია, ყველაზე მაღალი, ღირებული და ღირსეული თანამდებობაა. საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, მარშანია დასავლეთის მხრიდან უპრეცენდენტო ზეწოლად აფასებს და აცხადებს, რომ ვითომ ანტირუსული და პროდასავლური რიტორიკით, მოახერხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ნულამდე დასცა დასავლეთის ავტორიტეტი საქართველოს თვალში, ისევე როგორც მათ თვალში ჩვენი ქვეყნის სახელის შებღალვას ცდილობს.

რა როლი აქვს დიპლომატს ქვეყნის განვითარებაში, ვის აძლევს ხელს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში, ვის წისქვილზე ასხამს წყალს ჩვენი დაკნინება დასავლეთის თვალში?! - აღნიშნულ და სხვა საკითხებზე for.ge-სთან ზურაბ მარშანია საუბრობს:

 

ზურაბ მარშანია: ჩემი დიპლომატიური მუშაობა და დიპლომატის კარიერა, საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელის რანგში, ესტონეთის რესპუბლიკაში 2009 წელს დავასრულე, როდესაც დაკავებული თანამდებობიდან, რეანიმაციაში მყოფი ადამიანი, სააკაშვილის ხელისუფლებამ პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლა. მათ კარგად იცოდნენ, რომ ჩემით მანიპულირებას ვერ შეძლებდნენ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არასდროს ვყოფილვარ და არც ვაზელინი მესვა თავზე ოდესმე. მე გავხსენი ეს საელჩო ესტონეთში და 2 წელი ვიმუშავე დესპანად, საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულად, ესტონეთის რესპუბლიკაში. შემდეგ კი, მოულოდნელად, მძიმედ გავხდი ავად, რეანიმაციაში მოვხვდი და გაიგო რა, ეს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ულვაშიან ტარაკანად წოდებულმა გრიგოლ ვაშაძემ, ბიულეტენზე მყოფი ადამიანი სამსახურიდან გამათავისუფლა. არც მიზეზი დაუმალავთ. დამიბარა იმდროინდელმა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ და მითხრა, რომ ჩემი, როგორც დიპლომატის მუშაობის გამო არ ჰქონდათ პრეტენზია, მაგრამ არ ვიყავი საკმარისად ერთგული ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკისა და ეს იყო გათავისუფლების მიზეზი. 

 

თქვენს ერთგულებაში რატომ შეიტანეს ეჭვი, ბატონო ზურა, დაგავალეს რამე და არ შეასრულეთ? და საერთოდ, რის გაკეთება შეუძლია დიპლომატს უცხო ქვეყანაში თავისი ქვეყნის სასიკეთოდ ან საზიანოდ?

- უპირველეს ყოვლისა, დიპლომატი არის სახელმწიფოს სახე და რასაკვირველია, მას თავისი მოღვაწეობით შეუძლია ქვეყანას ავნოს ან წარმატება მოუტანოს. ის უნდა იყოს სრულიად აპოლიტიკური იმ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში, სადაც მუშაობს და წარმოადგენს თავის ქვეყანას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. დიპლომატიური საქმიანობა, ძირითადად, ანალიტიკური მუშაობაა. დიპლომატი ვალდებულია, მაქსიმალურად გააანალიზოს სიტუაცია იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად სასარგებლო იქნება ამ სახელმწიფოს პოტენციალი მისი ქვეყნისთვის. დღესაც ვხედავთ, რომ ყველაზე თვალსაჩინო მხარდამჭერი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ბალტიის ქვეყნებია, სადაც 8-9 წელი ვიმუშავე და დიპლომატიური კორპუსი ჩამოვაყალიბე...

ჩემს გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე, იყო ჩამოსული ოფიციალური ვიზიტით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, რომელიც ძალიან კმაყოფილი წავიდა ჩვენგან, მაგრამ ის მალევე გადააყენეს და მინისტრად გრიგოლ ვაშაძე დანიშნეს. ვაშაძემ კი, სანამ გაერკვეოდა, რას ვაკეთებდი ესტონეთში, მანამდე გამათავიუფლა. თუმცა, გრიგოლ ვაშაძე ისეთივე ფიგურა იყო მაშინაც, როგორიც ახლა, როცა პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს და სინამდვილეში კენჭს იყრიდა არა ვაშაძე, არამედ სააკაშვილი. მაშინ მინისტრი ერქვა ვაშაძეს, მაგრამ ფაქტობრივი მინისტრი იყო მისი პირველი მოადგილე გიგა ბოკერია. ბოკერია იყო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და რეალური მინისტრიც და მთავარი საკითხი, რაც დღეს ასე უარყოფითად შემოგვიბრუნდა, სწორედ გიგა ბოკერიას დამსახურებაა. საკადრო პოლიტიკას ვგულისხმობ.

ჩვენ გვყავს ბრწყინვალე დიპლომატები, რომელთა ნაწილიც მეამაყება, მაგრამ ბევრი მათ შორის ბოკერია-სააკაშვილის კოლონაა და რის გაკეთებას გეგმავენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არავინ იცის! ვინმემ შეისწავლა მათი საქმიანობა? მხოლოდ ახლა ამოიღეს ხმა, როცა ზელენსკიმ სააკაშვილი თანამდებობაზე დანიშნა, მაგრამ მაშინ სად იყვნენ, როცა ის პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად დასვა? სად იყო მაშინ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის რეაქცია? ვინმეს ახსოვს რეაქცია საქართველოს პარლამენტისა, იმ დროს, პოროშენკოს უმსგავსო ქმედების გამო?! ახლა გამოიღვიძეს, მაგრამ გვიანია უკვე. როდესაც უმსგავსობა ხდება და ქვეყნის ავტორიტეტი ილახება, მაშინვე უნდა უპასუხო ადეკვატურად, ამისთვის არის დიპლომატიური სამსახური, ამისთვის არის პარლამენტი, ამისთვის არის მთავრობა... ამიტომ, ახლა როგორი უკმაყოფილებაც უნდა გამოხატონ, უკვე ამ ფაქტის მიმართ, აზრი არა აქვს!


მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა, ჩვენმა ქვეყანამ უკრაინიდან საქართველოს ელჩი გამოიწვია. თქვენი აზრით, როგორ აისახება არსებული გარემოება სამომავლოდ, ორი ქვეყნის ურთიერთობებზე?

- მძიმედ, ძალიან მძიმედ აისახება და ეს არის საქართველოს ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ დანაშაული, რომ არ ჰქონდათ დროული რეაგირება, რომ მიუყრუეს პოროშენკოს თავის დროზე, რითაც მწვანე შუქი აუნთეს ზელენსკის და რეალური საფრთხის ქვეშ დააყენეს ჩვენი 30-წლიანი სტრატეგიული პარნიორობა, ჩვენი მეგობრობა... მე ვიცი უკრაინელი ხალხის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, თუნდაც მათი პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულებები და ისიც კარგადაა ცნობილი, რომ პრეზიდენტი პოროშენკო სულაც არაა უკრაინის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ინტერესების გამომხატველი. უკრაინელმა ამომრჩეევლმა ხმა მისცა არა ზელენსკის, არამედ ხმა მისცა პოროშენკოს წინააღმდეგ. ყველამ იცის ეს.

 

თქვენ მუშაობდით გენერალურ კონსულად ოდესაში და ალბათ იცნობთ უკრაინელ ხალხს, მათ პოლიტიკას, იცით მათი განწყობები. როგორ ფიქრობთ, როგორ არის უკრაინელი საზოგადოება განწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ?

- უკრაინელ ხალხს ძალიან კარგად ვიცნობ და რასაკვირველია, მათი განწყობაც ჩემთვის ცნობილია. სააკაშვილს ჰყავს არა მხარდამჭერები, არამედ, მას ჩამოყალიბებული აქვს ტოტალიტარული სექტა და თითოეული მისი მომხრე, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, არის სექტანტი. იგივე შემიძლია ვთქვა უკრაინელთა იმ ნაწილზეც, ვინც სააკაშვილს მხარს უჭერეს. არაფერი მათ პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპათიასთან საერთო არა აქვთ, ეს არის მონური მორჩილება ბელადისა. რაც უნდა ილაპარაკონ სააკაშვილის კუდებმა, ნაძირალა ხროვის წევრებმა, რომლებიც დღესაც, ვითომ ამ ხელისუფლების სამსახურში არიან კოჰაბიტირებულები, სინამდვილეში არიან, იყვნენ და იქნებიან ყოველთვის მიხეილ სააკაშვილის მონები. ეს არის რუსული ძალა. რუსეთის საიმედო საყრდენი საქართველოში, ყოველთვის იყო და არის „ნაციონალური მოძრაობა“. სწორედ მათ ჩააბარეს რუსეთს ჩვენი სტარატეგიული ობიექტები, კახა ბენდუქიძემ ყველაფერი რუსეთს მიყიდა...

მართალია, 2008 წლის აგვისტოს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ვალდებულები ვიყავით, ის თავიდან აგვეცილებინა... ვერ აიცილეს თავიდან, რასაც კატასტოფული შედეგები მოჰყვა. საქართველოს სტრატეგიული ვითარება, სტარტეგიული გეოპოლიტიკური სიტუაცია კატასტროფულად შეიცვალა ამ ომის შემდეგ. შედეგად, საქართველომ, ტერიტორიების 20 პროცენტთან ერთად, დაკარგა რეგიონში ლიდერის როლი და ვინმემ გამოიძია ეს სამარცხვინო ომი? ვინმეს მოსთხოვეს პასუხი კოდორის დათმობაზე, ამ სამარცხვინო წაგებაზე? ამიტომ, მე ვთვლი, რომ სააკაშვილთან ერთად, დანაშაულის თანამონაწილეა „ქართული ოცნება“.

 

უცნაურია, ბატონო ზურა და ცოტა კომიკურიც, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ხელს ერთმანეთისკენ იშვერს და გამუდმებით ერთმანეთს აბრალებს „პრორუსულობას“. „ნაციონალური მოძრაობა“ მოსვლის დღიდან, სიტყვიერად, თითქოსდა ანტირუსულ პროპაგანდას ეწევა, თუმცა, ვხედავთ, რომ რუსეთის წიქვილზე ასხამენ წყალს თავიანთი მოქმედებით...

- პრორუსული ხელისუფლება ყოფილა თურმე „ქართული ოცნება“! მოდი, შევიკავოთ თავი „ქართული ოცნების“ დახასიათებისგან, მაგრამ პრორუსულობა ხომ საქმით უნდა შეფასდეს? ვინ გაასხვისა ობიეტები? ვინ ჩააბარა კოდორი? მართალია, ტერიტორიები შევარდნაძის პერიოდში დავკარგეთ, მაგრამ ვინ მიიყვანა საქმე იქამდე, რომ დეიურედ, რუსეთმა სცნო აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ვინ შეცვალა პოლიტიკური ვითარება რეგიონში და კატასტოფულ დღეში ჩაგვყარა?! - ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მაგრამ ჩვენ ახლა არანირი სამართლებრივი უფლება არა გვაქვს, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილს „დავაბრალოთ“. ვერც „დავაბრალებთ“, რადგან არავის გამოუძიებია, არავის შეუსწავლია ეს საქმე. სამაჩაბლოს კატასტროფა ვინმემ შეისწავლა? რამე გაკეთდა? - არაფერი! სამაგიეროდ, დაიწყო კოჰაბიტაცია... დღეს ვერ გავარკვევთ, ვისი ბრალია ეს ყველაფერი, ჯერ საჭიროა გამოძიება, გამოკვლევა, ანალიზი და ამის საფუძველზე შეიძლება უკვე გაკეთდეს შეფასებები. ამიტომ, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამ გაუგონარი დანაშაულების მონაწილე არის „ქართული ოცნებაც“, რომელმაც კოჰაბიტაცია გამოაცხადა, რადგან დანაშაულზე ხელის დაფარება, დანაშაულის წახალისებას ნიშნავს.

 

ამ ყველაფრის მიუხედავად, სავალალოა, რომ საზღვარგარეთაც ვხედავთ ძალებს, რომლებსაც უნდათ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება საქართველოს ხელისუფლებაში, თუმცა ეს არის უფრო ე.წ. ნეოკონსერვატორების პატარა ჯგუფი, რომელთაც არანაირი საერთო არა აქვთ კონსერვატიზმთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ არც პრეზიდენტ ტრამპს, არც „რესპუბლიკელებს“ და არც ერთ გონივრულად მოაზროვნეს, ამერიკის სენატსა და წარმომადგენლთა პალატაში, მთლიანად კონგრესში, არ სურთ სააკაშვილის დაბრუნება, რადგან მისი დაბრუნება საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ რუსულ წისქვილზე დაასხამს წყალს. ერთადერთი ძალა, რომელსაც აწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება, არის პუტინი და რუსეთი. აშშ-ს და ევროპას ეს არ უნდა აწყობდეს, რადგან 9-წლიანი მმართველობის განმავლობაში, მიუხედავად ვითომ ანტირუსული და ვითომ პროდასავლური რიტორიკისა, მოახერხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პირადად მიხეილ სააკაშვილმა და ნულამდე დასცა დასავლეთის ავტორიტეტი საქართველოს თვალში, დისკრედიტაცია მოახდინა, ფაქტობრივად, დასავლური ღირებულებებისა, დემოკრატიული ღირებულებებისა, დაამყარა სისხლიანი რეჟიმი... ეს არის დემოკრატია და დასავლული ღირებულებების პატივისცემა?

 

ევროპარლამენტარებისა და ამერიკელი კონგრესმენების ასეთი უპრეცენდენტო ჩარევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში, კონტროლი, მითითებები და კონკრეტული პირობები, მსუბუქად რომ ვთქვათ, არ არის სასიამოვნო თუნდაც ასეთი პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც უკვე 30 წელია, დამოუკიდებელი ჰქვია. თუკი ვინმე სპეციალურად და ეშმაკურად უბიძგებს საზოგადოებას, დასავლური ღირებულებები დაგმოს და ჩვენი ქვეყნის იმიჯიც შელახოს მათ თვალში, რატომ ვერ ხედავენ ამ რეალობას ჩვენი სტარტეგიული პარტნიორი ქვეყნები?

- დასავლეთი და ამერიკა რომ ამას ვერ ხვდება და ვერ ხედავს, ეს არის უშუალოდ დღევანდელი ხელისუფლების დანაშაული, რომ ვერ მიახვედრეს აქამდე, რომ ვერ ჩაატარეს სამუშაო, როგორც წესი და რიგია ისე, დიპლომატიური სამსახურის მეშვეობით. ამიტომაც ხდება ეს ყველაფერი.

საქართველოს 30-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში, ახლა დაინტერესდა პირველად ჩვენი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმ საკითხით, თუ რა ხდება რეალურად საელჩოებში, ვინ არიან ეს ადამიანები და რას საქმიანობენ თავისი ქვეყნის სასიკეთოდ თუ საზიანოდ? აქამდე ეს კითხვა არც ერთ პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ გასჩენია. სად იყვნენ მანამდე ჩვენი პრემიერ-მინისტრები და ჩვენი ხელისუფლება, ვეკითხები მე მათ, რატომ იკითხა გახარიამ ეს 8 წლის შემდეგ, რამდენი პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი შეიცვალა, რატომ არ დაინტერსედნენ რა ხდებოდა საელჩოებში? რა კადრებით იყო დაკომლექტებული საქართველოს საელჩოები, რა როლი ითამაშა ამ ხალხის დანიშვნაში გიგა ბოკერიამ თავის დროზე, რა კავშირია ქართველ დიპლომატებსა და გიგა ბოკერიას შორის, ვინმე დაინტერესდა ამით?

თუ გახარიას განცახდებას რეაგირება მოჰყვა, აუცილებლად უნდა ჩატარდეს მოკვლევა და გაირკვეს, ვის რა როლი მიუძღვოდა და მიუძღვის დიპლომატიური კორპუსის საქმიანობაში, საკადრო პოლიტიკის შერჩევაში, რეალურად წყვეტდა თუ არა გიგა ბოკერია დიპლომატიურ საკითხებს და რა როლი აქვს მას ამ საქმეში?! - თუ არ გამოვიკვლევთ, ვერაფერს გავიგებთ.

 

ციხიდიან გათავისუფლებულმა ირაკლი ოქრიუაშვილმა, ოპოზიციის დანაშაული ფაქტობრივად აღიარა და განაცხადა, რომ ე.წ. გავრილოვის ღამეს შეცდომა ხელისუფლებას ოპოზიციამ დააშვებინა და მათი პროვოცირებით მოხდა გასროლაც საპროტესტო აქციაზე, როცა ოპოზიცია პარლამენტში შეჭრას ცდილობდა. არადა, იმის გამო, რომ ეს ადამიანები პოლიტპატიმრებად გვეღიარებინა, რისკის ქვეშ დავაყენეთ ის ნდობა და აღიარებაც, რაც აქამდე გვქონდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და მოგეხსენებათ, რა ამბებიც დატრიალდა მათ გასათავისუფლებლად. იმედია, ამ თვითაღიარების შემდეგ მაინც ჩათვლის დასავლეთი, რომ საქართველოს პოლიპატიმრები ნამდვილად არა ჰყავს?

- ოქრუაშვილის პოლიტპატიმრად შერაცხვა ტრაგედია რომ არ იყოს, ალბათ, კომედია იქნებოდა. უფრო ტრაგიკომედიაა ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტპატიმრობა. ადამიანისა, რომელიც იყო ერთ-ერთი შემქმნელი იმ პირსისხლიანი რეჟიმისა, რასაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

გიგი უგულავას, როგორც ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები და ქართული სასამართლო აცხადებს, უმტკიცდება დანაშაული და რა შუაშია აქ პოლიტპატიმრობა? სხვა საქმეა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ცუდი დრო შეარჩია ამ ადამიანებისთვის პასუხის მოსათხოვად. უგულავას პასუხისგებაში მისაცემად და მისი საქმეების გამოსაძიებლად „ქართულ ოცნებას“ 8 წელიწადი ჰქონდა, რას ელოდნენ, საინტერესოა?!

რაც შეეხება რურუას, მას მე არ ვიცნობ, ინფორმაცია მის შესახებ მხოლოდ პრესიდან მაქვს, მაგრამ აქ არის ნდობის საკითხი, ვენდოთ თუ არა ქართულ სასამართლოს?! ვინ შეულახა სასამართლოს სახელი და მერე როგორ გაამყარეს კოჰაბიტაციით ეს შერცხვენილი სახელი, ესეც ცნობილია. ქართული სასამართლოს მიმართ უკვე ნდობა აღარ არის არც ქვეყანაში და არც მის ფარგლებს გარეთ და ეს არის კატასტროფა.

 

ანუ უნდობლობაა დიაგნოზი იმისა, რაც გვემართება?

- დიაგნოზი იმისა, რაც გვჭირს, ფაქტობრივად, არის უნდობლობა ქართული სახელმწიფოს მიმართ! ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის დაარსების დღიდან, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების შუაგულში ვიყავი და აქამდე არ მახსოვს, არც მინახავს ასეთი ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ევროპისა და ამერიკის მხრიდან. რუსეთის მხრიდან კი მახსოვს, მაგრამ ვინმეს ახსოვს მსგავსი განცხადებები, მსგავსი წერილები, მსგავსი დატუქსვა-დამუნათება ჩვენი სტრატეგიული პარტნოირების მხრიდან? შეიძლება მღალატობს მეხსიერება და შემახსენეთ, მადლობას გეტყვით! თუ არადა, მაშინ დაფიქრდით, რატომ ხდება ეს? ვის წისქვილზე ასხამს წყალს ჩვენი დაკნინება დასავლეთის თვალში და - პირიქით. დავფიქრდეთ ამაზე და ვისაც მიუძღვის ბრალი, ყველას ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე, სააკაშვილის და ბოკერიას მომხრე იქნება ეს, თუ ხელისუფლების. ვინც ავნებს ჩვენს ქვეყანას და აზიანებს მის ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან, პასუხი ყველას უნდა მოვთხოვოთ! დაინტერესდნენ, რატომ მივედით ასეთ მდგომარეობამდე, უპრეცენდენტო გამწვავებამდე, სამი ადამიანის გამო, რომლებიც პოლიტპატიმრები ნამდვილად არ არიან?! 3-4 ადამიანი კი არა, მთელი ნაციონალური რეჟიმი უნდა გასამართლდეს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენი პრემიერ-მინისტრის, რადგან გიორგი გახარია არის კაცი, რომელსაც შეუძლია სიტყვა საქმედ აქციოს. დროა, დაიწყოს საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი ბოლოს და ბოლოს, გასამართლდეს ეს დანაშაულებრივი რეჟიმი და მოეთხოვოს პასუხი ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას ზიანი მოუტანა.

 

 

 

 

წყარო: for.ge

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ