15:40 24.05.2020
არშავირ გარამიანი: „ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადებებით სომხეთის უშიშროებას საფრთხეს უქმნის“

 

როგორც სომხური საინფორმაციო სააგენტო "პანორამა“ («Panorama») იუწყება, მთიანი ყარაბაღის (არცახის) უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი არშავირ გარამიანი თვლის, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი თავისი განცხადებებით ქვეყანას საფრთხეს უქმნის: 

 

„განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს მისი განცხადებები მეზობელი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მისამართით. მინისტრის გამონათქვამებმა საქართველოს თანამდებობრივი პირები აიძულეს მისთვის ხისტი პასუხი გაეცათ და ეს შეიძლება სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუერესების მიზეზი გახდეს. ორი დახურული საზღვრის [აზერბაიჯანთან და თურქეთთან] პირობებში, საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადებები ბევრ კითხვას იწვევს. სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროში მას უკვე ჩაუტარეს შესაბამისი საუბარი, თუმცა, საქართველოსთან ურთიერთობების თავისებურების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მხოლოდ საუბრით ან შენიშვნით არ უნდა შემოიფარგლოს. მიმაჩნია, რომ ასეთ სიტუაციაში სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოც უნდა ჩაერიოს: ფაქტია, რომ სომხეთის რესპუბლიკის თანამდებობის პირმა გააკეთა ისეთი განცხადება, რომლებმაც შეიძლება ახალი პრობლემები შექმნას ისედაც დაძაბულ რეგიონში, სერიოზულად დააზიანოს ჩვენი ურთიერთობა ისეთ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს და ახალი საფრთხეები გამოიწვიოს...“, - აღნიშნა არშავირ გარამიანმა.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge