დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

„კომიკურია, როცა ამას ამბობს იმ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, სადაც მარტო ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოვლინდა COVID-19-ის 733 დადასტურებული ახალი შემთხვევა“ 24.05.2020 23:24

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, კომიკურია, როცა მსგავს განცხადევას აკეთებს იმ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, სადაც მარტო ბოლო ორი დღის განმავლობაში COVID-19-ის 733 დადასტურებული ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

„როგორც ცნობილია, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბატონმა არსენ ტოროსიანმა ა.წ. 22 მაისს გამოთქვა ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული და სიმართლეს აცდენილი მოსაზრებები საქართველოზე. ამის შემდეგ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს აპარატმა (და არა პირადად ბ-ნმა მინისტრმა) გააკეთა განმარტება, რომ ბ-ნ მინისტრს ასეთი არაფერი უთქვამს?! და მისი განცხადება, სამწუხაროდ, არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მასმედიის მიერ?! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მორიგი დეზინფორმაციის მცდელობა,ვინაიდან მე პირადად (ისევე, როგორც სხვებმა) მოვისმინე ბ-ნი მინისტრის გამოსვლა (რომელიც ატვირთულია ინტერნეტში), სადაც იგი ყოველგვარი არგუმენტების გარეშე სიტყვა-სიტყვით ამბობს, რომ „მათი (სომხეთის, თ.ც.) ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა საქართველოსაზე უფრო ძლიერია“. მან აგრეთვე ეჭვი შეიტანა საქართველოში გამოყენებული ტესტ-სისტემების ხარისხში და ტესტირების მეთოდოლოგიაში და აგრეთვე ეჭვი შეიტანა, რომ საქართველო არასწორ სტატისტიკურ მონაცემებს აწვდის მსოფლიოს, ანუ მალავს COVID-19-ის შემთხვევების რეალურ რაოდენობას.

 

ჩვენ ადრე უკვე განვაცხადეთ და მოკლედ გავიმეორებ, რომ კომიკურია, როცა ამას ამბობს იმ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, სადაც მარტო ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოვლინდა COVID-19-ის 733 დადასტურებული ახალი შემთხვევა. ანუ უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე. ბ-ნი ტოროსიანი ტესტ-სისტემების ხარისხსა და ტესტირების მეთოდოლოგიას უწუნებს ქვეყანას, სადაც ფუნქციონირებს რეგიონში ერთადერთი უნიკალური და უმაღლესი დონის „ლუგარის“ სახელობის ლაბორატორია, სადაც ყველა ლაბორატორიული კვლევა სრულდება უმაღლეს დონეზე ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემების გამოყენებით, რაც ყველანაირ ცდომილებას გამორიცხავს. გვინდა ბ-ნ მინისტრს შევახსენოთ, რომ საქართველო იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო COVID-19-ის დიაგნოსტირება PCR ტესტებით და სადღეისოდ ამ მეთოდით (და არა სწრაფი მარტივი ტესტებით) გამოკვლეულია 48,565 პირი“, -ნათქვამია განცხადებაში.

 

„რაც შეეხება საქართველოს მიერ მიწოდებული სტატისტიკური მონაცემების სანდოობას და გამჭვირვალობას, საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით და გამჭვირვალედ. გადაიცემა COVID-19-ის უკლებლივ ყველა შემთხვევა, მათ შორის უსიმპტომო და მცირე სიმპტომიანი, ხოლო გარდაცვლილ პირთა რიცხვში შედის უკლებლივ ყველა გარდაცვლილი, ვისაც დადასტურებული აქვს COVID-19, დამოუკიდებლად იმისა, თუ რა იყო უშუალოდ სიკვდილის მიზეზი. საქართველოდან მიწოდებული ინფორმაციის უმაღლესი სანდოობა აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და უკლებლივ ყველა სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუციების მიერ. საქართველო სისტემატურად იღებს უმაღლეს შეფასებებს გაეროსგან, ჯანმოსგან, სხვა ოფიციალური საერთაშორისო ინსტიტუციებისგან და ცალკეული ქვეყნების ლიდერებისა და სხვა ავტორიტეტული პირებისგან COVID-19-ის მართვის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის. ავტორიტეტულმა გამოცემამ „Foreign Policy“-მა საქართველო მოიხსენია COVID-19-ის მართვის კუთხით მსოფლიოს ხუთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის, ხოლო კიდევ უფრო ავტორიტეტულმა „Washington Post”-მა ა.წ. 17 მაისს ასევე მოიხსენია საქართველო კორონავირუსთან გამკლავების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად. შესაბამისად, კვლავ მიგვაჩნია, რომ ბ-ნი ტორისიანის მცდელობა, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, უშედეგოა და მან ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავის განცხადებების დეზავუირება გააკეთოს და ბოდიში მოიხადოს“ , - აცხადებს ცერცვაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ