დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად შესაძლოა, 7 წევრი იყოს საჭირო, „საპარლამენტო უმცირესობა“ კი მთლიანად გაუქმდეს 26.05.2020 12:52

 

პარლამენტის რეგლამენტში შესაძლოა, ცვლილებები განხორციელდეს. ცვლილებების პროექტის ინიცირება 27 მაისის ბიუროს სხდომაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა ავტორებმა კანონპროექტი უკან გაიწვიეს და განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ცვლილებათა პაკეტის ახალი ვერსიის ინიცირებას მოახდენენ.

 

პარლამენტიდან უკან გაწვეული დოკუმენტის მიხედვით კი, საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციის შესაქმნელად პარლამენტის 6 წევრის ნაცვლად 7 წევრი იქნება საჭირო. ამასთან,

 

იცვლება ფრაქციის თანამდებობის პირთა წრე და მათი რაოდენობაც. კერძოდ, ფრაქციის ხელმძღვანელი კვლავინდებურად იქნება ფრაქციის თავმჯდომარე, ხოლო მისი მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება ფრაქციის წევრთა რაოდენობის შესაბამისად. რეგლამენტის პროექტის მიხედვით, ფრაქციის ყოველ 15 წევრზე, ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს 1 მოადგილე, ხოლო თუ მას ჰყავს ერთზე მეტი მოადგილე, ერთ-ერთ მათგანს შეიძლება მიენიჭოს პირველი მოადგილის სტატუსი. გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტით უქმდება ფრაქციის მდივნის თანამდებობა.

 

ასევე, ფრაქციის შექმნისას, ფრაქციის წევრები შეიმუშავებენ მხოლოდ ფრაქციის წესდებას და პოლიტიკური პლატფორმის შემუშავების საჭიროება აღარ იარსებებს.

 

გარდა ამისა, ცვლილებების პროექტის თანახმად, უქმდება „საპარლამენტო უმცირესობის“ სტატუსი და ხდება საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სიების რეგისტრაცია, რომელსაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით განახორციელებს პარლამენტის ბიურო. ამ ცვლილების შესაბამისად, პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში, განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი პროექტით, პარლამენტის ყველა წევრი გაერთიანებული უნდა იყოს ან უმრავლესობაში ან ოპოზიციაში, უქმდება დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის სტატუსიც. პარლამენტის ის წევრი, რომელიც არცერთ ფრაქციაში არ იქნება გაწევრიანებული, დამოუკიდებელი დეპუტატის ნაცვლად, უფრაქციო პარლამენტის წევრად იწოდება.

 

რეგლამენტის ცვლილების პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას.

 

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მოქმედი პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გარდა საპარლამენტო უმრავლესობისა, შესაძლებელია უმცირესობის ფორმირებაც. მოქმედი რედაქციით, თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია მისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს უმცირესობის სტატუსს.

 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ