15:26 26.05.2020
"ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ ენერგეტიკას, რომელიც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი და დამოუკიდებლობის საწინდარია"

„ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენ ვაძლიერებთ საკუთარ ენერგეტიკას, რომელიც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი და დამოუკიდებლობის საწინდარია. ჩვენ ვაძლიერებთ ადგილობრივ წარმოებას, ქართულ მრეწველობას, ქართულ ენერგეტიკას და ყოველივე ამაზე იგება საქართველოს დამოუკიდებლობა და სიძლიერე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბორჯომიდან მიულოცა.

 

ბორჯომში მინისტრი საქართველოში პირველი ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. „ბორჯომ-პარკში ისტორიული ბორჯომი ჰესის შენობის რეაბილიტაცია საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჩართულობით მიმდინარეობს. ეს არის პირველი ჰესი საქართველოში, რომელიც 1899 წელს ამოქმედდა. აქედან იწყებოდა საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ეს ძალიან სიმბოლურია, რადგან დღეს ჩვენ ვართ ძლიერი, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ 2017 წლიდან ევროკავშირის ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი ქვეყანა ვართ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge