დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეს, 26 მაისს გილოცავთ - ჩემი თაობისათვის დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილია - 100 წლის წინ 26 მაისი სხვა თაობის ბრძოლის შედეგი იყო“ 26.05.2020 21:54

ქართული სახელმწოფოებრიობის აღდგენის დღეს, 26 მაისს გილოცავთ. მაგრამ ჩემი თაობისათვის დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილია. 100 წლის წინ 26 მაისი სხვა თაობის ბრძოლის და სხვა ისტორიული წინაპირობების და ეპოქის შედეგი იყო, 1991 წლის 9 აპრილი ჩვენი თაობის და განსხვავებული ისტორიული წინაპირობის ამავდროულად. 

 

ზვიად გამსახურდიამ აღასრულა თავისი დანაპირები და მისია, როდესაც საბჭოთა ოკუპაციის შედეგად, 1921 წლიდან მოყოლებული, ქართველი პატრიოტების მრავალწლიანი ბრძოლის ნანატრი ოცნება რეალობად აქცია, და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. რაც მთავარია, საქართველომ თავი პირველი რესპუბლიკის სამართლამემკვიდრედ ცნო და ამით ისტორიული უსამართლობა და კონსტიტუციური წყვეტაც აღდგა. შემთხვევითი არ იყო, რომ ამ აქტის საფუძველზეა აღდგენილი დემოკრატიული რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო სიმბოლიკაც მაშინ.

26 მაისი არა დამოუკიდებლობის დღე, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის და პირველი რესპუბლიკის დაფუძნების დღე არის!.

ისტორიულადაც და იურიდიულადაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე არის 9 აპრილი. თანამედროვე საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას გაერო და საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ 31 მარტის რეფერენდუმის და 9 აპრილის აქტის საფუძველზე აღიარებს.

26 მაისს სხვა სიმბოლური დატვირთვაც გააჩნია. ეს დღე ასევე არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პატრიარქის და ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეც, რომლის წვლილიც ზვიადთან ერთად დამოუკიდებლობის მოპოვებაში არის ძალზე დიდი!

26 მაისი, ამავდროულად არის საქართველოში პირველი პრეზიდენტის არჩევის თარიღიც, 1991 წლის 26 მაისს ზვიად გამსახურდია მოსახლეობის უდიდესი მხარდაჭერით საქართველოს პრეზიდენტად იქნა არჩეული.

26 მაისს გილოცავთ, ისტორიის დაფასებაც და ისტორიული კანონზომიერებების გათვალისწინებაც უნდა ვიცოდეთ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ