23:38 26.05.2020
„შვედეთში კორონავირუსით გამოწვეული უმუშევრობის ზრდის ფონზე პოლიტიკურ ქარიშხალს ელოდებიან“

 

ამერიკული ავტორიტეტული გამოცემა „ბლუმბერგი“ («Bloomberg»), შვედეთის ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალური ბანკის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, აქვეყნებს სტატიას სათაურით „შვედეთში კორონავირუსით გამოწვეული უმუშევრობის ზრდის ფონზე პოლიტიკურ ქარიშხალს ელოდებიან“.


მიუხედავად იმისა, რომ შვედეთის მთავრობამ კორონავირუსის საფრთხე სათვალავში არ ჩააგდო და კარანტინი არ გამოუცხადებია, ანუ, შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობაც არ შეზღუდულა, ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის გაღრმავება და უმუშევრობის მკვეთრი ზრდა აღინიშნება - 8,2%-ით და როგორც ექსპერტები ამბობენ, მოსალოდნელია 17%-მდეც კი მოიმატოს. ამ ფონზე ხელისუფლება შრომით კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელი დასაქმებულს სამუშაოდან გამარტივებული წესით გაათავისუფლებს და თან მინიმალური ფინანსური უზრუნველყოფით. ამ იდეამ ადგილობრივი პროფესიული კავშირებისა და ოპოზიციური პარტიების  ლიდერთა რისხვა გამოიწვია, ისინი პრემიერ-მინისტრს სტეფან ლევენსს დაემუქრნენ, რომ თუ საკანონმდებლო ცვლილებები მიღებული იქნება, პრემიერის პოსტიდან გადაგაყენებთო.

 

შვედეთის მიდგომა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხში საერთაშორისო დისკუსიის საგანი ბევრჯერ გამხდარა იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ხელისუფლებამ პანდემიის დროს უარი თქვა მკაცრი შეზღუდვების შემოღების თაობაზე იმ მიზნით, რომ ეკონომიკის ვარდნა თავიდან აეცილებინა: დღესაც შვედეთში მუშაობას აგრძელებენ რესტორნები, სპორტული დარბაზები და ა.შ. თუმცა, მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მაინც მნიშვნელოვნად ეცემა. ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, წლის ბოლომდე  მშპ-ის მოცულობა 7%-ით შემცირდება, ხოლო ცენტრალური ბანკის პროგნოზით - 9,7%-ით. უმუშევრობა 10%-მდე მოიმატებს

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge