15:43 27.05.2020
"არსენ ტოროსიანმა მთელი სომხეთი ძალზე უხერხულ სიტუაციაში ჩააყენა" - რუსეთი, ევროკავშირი, საქართველო

სომხეთის რუსულენოვან ყოველდღიურ გაზეთ „გოლოს არმენიი“-ში («Голос Армении») სათაურით „რუსეთი, ევროკავშირი, საქართველო“ გამოქვეყნებულია გასული კვირის მოვლენების მიმოხილვა. მასში მთავარი ადგილი ეთმობა საქართველოსა და სომხეთს შორის მომხდარ ინციდენტს, რომელსაც გაზეთი „საერთაშორისო სკანდალს“ უწოდებს, ხოლო ინციდენტის მთავარი გმირის - სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებული განცხადებები შეფასებულია „უპასუხისმგებლო და უტაქტო განცხადებებად“. 

 

სტატიაში ხაზგასმულია, რომ მინისტრ არსენ ტორისიანის უტიფარმა გამონათქვამებმა ქართულ საზოგადოებაში და მასმედიაში აღშფოთება გამოიწვია. 

 

„თუ როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია მსგავს განცხადებებს ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ანტისომხური განწყობების აფეთქებაზე, ამის მიხვედრა ძნელი არ არის. საბოლოოდ ჯანდაცვის სამინისტრომ დამამცირებელი ბოდიში კი მოიხადა, მაგრამ მინისტრის შეცდომაზე არაფერი უთქვამს, მომხდარი ფაქტი სხვებს გადააბრალა, რომლებიც „პოლიტიკურ მანიპულაციებს“ ეწევიან. აშკარაა, რომ არსენ ტოროსიანმა მთელი სომხეთი ძალზე უხერხულ სიტუაციაში ჩააყენა და ამის გამო არავითარი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. ყოველ საკუთარ თავის პატივისმცემელ ქვეყანაში იმ ჩინოვნიკს, რომლის გამოც მეზობელ მეგობრულ სახელმწიფოსთან ურთიერთობა ფუჭდება, არამარტო არ ტოვებენ თანამდებობაზე, არამედ პასუხსაც მკაცრად მოსთხოვენ. არაფერს ვამბობთ იმ უბედურ სიტუაციაზე, რომელშიც სომხეთი კორონავირუსის ეპიდემიით აღმოჩნდა და რომელშიც ბრალი სწორედ ვაი-მინისტრს არსენ ტორსიანს მიუძღვის... იგი ყველაზე უარესი ჯანდაცვის მინისტრია სომხეთის ისტორიაში და იმავდროულად ხელშეუხებელია... ალბათ, ამის მიზეზი, როგორც ჩანს, მისი განსაკუთრებული კავშირებია ნიკოლ ფაშინიანთან.

მართალია, ოფიციალურ დონეზე თბილისთან სკანდალი თითქოსდა ჩაწყნარდა, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად, ფორმალურად... მისი შედეგები, ალბათ, საზოგადოებრივ დონეზე კიდევ დიდხანს იქნება სალაპარაკო“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. 

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://golosarmenii.am/article/103468/rossiya--es--gruziya-…




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge