დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

თვითმფრინავიდან სასაფლაოზე: როცა COVID-19 სხვა ქვეყანაში გკლავს 27.05.2020 22:49

28 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა დაჯდეს თვითმფრინავი, რომლითაც ნიუ-იორკიდან ჩამოასვენებენ Covid 19-ით გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს, მანანა ღუდუშაურს. თბილისში მას დიდი ხნის უნახავი შვილები დახვდებიან. სამოქალაქო პანაშვიდი არ იქნება. მანანას ცხედარს აეროპორტიდან პირდაპირ სასაფლაოზე წაასვენებენ და დაკრძალავენ.  მანანას გარდა პანდემიის პერიოდში ამერიკაში Covid 19-მა კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი, ოლგა შომახია იმსხვერპლა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, უცხოეთში კორონავირუსით გამოწვეული დაავადებით საქართველოს 16 მოქალაქეა გარდაცვლილი. ამ რიცხვის უკან დგანან ადამიანები თავიანთი ემიგრანტული თავგადასავლებით და სირთულეებით, და ასევე, საქართველოში დარჩენილი მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც ვერ შეძლეს ბოლო წუთებში უახლოეს ადამიანებს დამშვიდობებოდნენ.

 

დაახლოებით 23-24 მარტი იქნებოდა, ქართველი ემიგრანტის, ეკატერინე მაღულარიას ტელეფონმა რომ დარეკა. თანამშრომელი, მანანა ღუდუშაური ურეკავდა. რაღაც კარგად ვერ ვარ, აფთიაქში ვიყავი გასული წვიმაში და ალბათ, გავცივდი, სიცხე მაქვს და მახველებსო. ვირუსი თავადვე გამორიცხა, კარგად ვიყავი დაცული, ნიღაბიც მეკეთა და ხელთათმანებიცო. 

 

მეორე დღეს უარესად გახდა. ეკამ სთხოვა, აუცილებლად ტესტი გაეკეთებინა, რომ Covid 19 გამოერიცხათ. საავადმყოფოები არ უყვარდა და ამიტომ, თავიდან უარზე იყო, მაგრამ ბოლოს მაინც დანებდა. ტესტის პასუხი რამდენიმე დღეში მოვიდა - დადებითი. მანანას ამერიკაში მკურნალი ექიმი არ ჰყავდა, რადგან არაფერი სტკიოდა და ემიგრაციაში ყოფნის დროსაც არაფერს შეუწუხებია. 63 წლის იყო. თავს ჯანმრთელად გრძნობდა. ამიტომ, პირდაპირ საავადმყოფოში წავიდა. გასინჯეს, მაგრამ უთხრეს, რომ რადგან მძიმე პაციენტი არ იყო (მხოლოდ სიცხე და ხველა) იქ ვერ დატოვებდნენ და შინ მკურნალობა ურჩიეს. ნიუ-იორკი უკვე იყო ეპიდემიის ეპიცენტრი, პაციენტებით გადავსებული საავადმყოფოებით. ამიტომ, უბრალოდ, გამოუწერეს ანტიბიოტიკი, სიცხის დამწევი, ინჰალატორი და გამოუშვეს. რამდენიმე დღეში ისე ახველებდა, ლაპარაკისას მისი სიტყვების გარჩევა შეუძლებელი იყო. „სისუსტეც ჰქონდა, ძლივს მაგებინებდა, რა უნდოდა“, - მოგვითხრობს ეკატერინე მაღულარია. სხვა გზა არ იყო - სასწრაფო დახმარება უნდა გამოეძახებინათ. ამისთვისაც დიდი ბრძოლა დასჭირდათ - ეკა სხვა შტატში ცხოვრობს და დისტანციურად ცდილობდა დახმარებას, ამიტომ ჯერ თავისი შტატის პოლიციას დაურეკა და ნიუ-იორკის შტატის პოლიციასთან დაკავშირება ითხოვა, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მანანამდე მისულიყო. როგორმე საავადმყოფოში გადაეყვანათ. ექოსკოპიამ ორივე ფილტვზე მწვავე ანთება უჩვენა. ანალიზებით ასევე დადგინდა, რომ დიაბეტი ჰქონდა. სუნთქვა უკვე ძალიან უჭირდა - ჟანგბადის აპარატით ეხმარებოდნენ, მაგრამ ეს იმდენად აღიზიანებდა, რომ ხშირად იხსნიდა.

 

თავიდან დღეში ხუთჯერ ლაპარაკობდნენ ვიდეოზარით - ეკას ეუბნებოდა, რომ იცოდე, როგორ მშია და მწყურიაო. ესეც აკრძალული ჰქონდა - ვენიდან კვებავდნენ. საკონტაქტო პირები ეკა და მაკა იყვნენ - მანანას მეგობრის შვილი. ექიმები სწორედ მათ აწვდიდნენ თავიდან ინფორმაციას მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ. ერთხელ, მაკას ღამის ოთხზე ელაპარაკა, უთხრა, ეტყობა, ისე მშიოდა, მესიზმრა, ვითომ ეკა მოვიდა და კარტოფილი მომიტანაო. ექიმები დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ ეკას - რა წამალი მისცეს, ჟანგბადი რა დონეზე იყო, როგორ ცვლიდნენ სტრატეგიას. ერთ-ერთი საუბრის დროს კი ექიმმა მანანას საქართველოში მყოფი შვილების საკონტაქტო ითხოვა - თუ ინტუბაციის აპარატზე მიერთება დასჭირდებოდათ, ნებართვა მათგან უნდა აეღოთ. ასეც მოხდა. 5 კვირის განმავლობაში იბრძოლა უშედეგოდ. 10 მაისს დარეკეს, რომ მანანა გარდაიცვალა.

 

მანანა ღუდუშაური სხვა ათასობით ქართველი ემიგრანტის მსგავსად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხუცს უვლიდა. პირველად 5 წლის წინ წავიდა - „მწვანე ბარათი“ მოიგო. „ჩუმად შეავსო, ეგ რომ მე და ჩემს დას გვცოდნოდა, ვეტყოდით, რომ შეშვებოდა მაგ ამბავს, ვეტყოდით, ჩვენ მაგის ბედი ვინ მოგვცაო. მაგრამ მოიგო და ძალიან გახარებული იყო“, - მოგვითხრობს მანანას შვილი, თამაზ ღუდუშაური. 2019 წელს ჩამოვიდა თბილისში, რამდენიმე თვე დარჩა და 10 მაისს ისევ უკან დაბრუნდა. ზუსტად ერთი წლის მერე, 2020 წლის 10 მაისს კი ექიმმა თამაზს დაურეკა და უთხრა, რომ დედა ვერ გადაარჩინეს. თავს ძალიან უფრთხილდებოდა და შვილებზე უფრო ღელავდა - იანვარში 300 წყვილი რეზინის ხელთათმანი გამოუგზავნა. თამაზი და მისი და იცინოდნენ, ამას 15 წელი ვერ დავხარჯავთო. მაისის ბოლოს დედის გამოგზავნილი ხელთათმანების მარაგი თითქმის ამოეწურათ. „ვინ იფიქრებდა. ან ამას და ან იმას, რომ დედაჩემს ასე დავემშვიდობებოდით. ოჯახში, სადაც მუშაობდა, 90 წელს გადაშორებული მოხუცები ცხოვრობდნენ. ორივემ მოიხადა და გადარჩნენ“.


საავადმყოფოში მოხვედრიდან პირველი ხუთი დღე შვილებს „ვაიბერით“ ურეკავდა და სთხოვდა, მათ ელაპარაკათ, რადგან თავად ჟანგბადის აპარატი ეკეთა. „უბრალოდ გვიყურებდა. ჩვენ კი, ვითომ არაფერი, რაღაცებს ვბოდიალობდით, რომ არ გვეგრძნობინებინა როგორ ვიყავით“. სინამდვილეში, ეს იყო თვე-ნახევარი, როცა მეტზე ვერაფერზე ფიქრობდნენ. თბილისის დროით ღამის ორზე, ხან სამზეც, გააჩნია, სიის მიხედვით როგორ მოუწევდა, ექიმი რეკავდა და მანანას მდგომარეობას ატყობინებდა. თამაზი ყვება, რომ მერე იძინებდა და მეორე დილით იწყებოდა ისევ შემდგომი ზარის და ორწინადადებიანი ახალი ამბის მოლოდინი. ბოლო წამამდე ელოდნენ, რომ დედა დაავადებას გაუმკლავდებოდა. არც ერთი ორგანო ჩათრეული არ იყო, ამის იმედი ჰქონდათ. ინტუბაციის აპარატზე შეერთების მერე, თვე და 4 დღე გაძლო. მაგრამ ამ პერიოდში მანანა შვილებს ვეღარ ელაპარაკებოდა. მანანას გადმოსვენების ხარჯები და საბუთების მოგვარება საქართველოს საკონსულომ აიღო საკუთარ თავზე. 10 მაისს გარდაცვლილ დედას შვილები დღე-დღეზე ელიან - მაგრამ იციან, რომ აეროპორტიდან მას პირდაპირ სასაფლაოზე წაასვენებენ. „ასეთი იქნება ჩვენი დამშვიდობება", - უთხრა თამაზმა რადიო თავისუფლებას.

 

 

რადიო თავისუფლება

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ