ჩვენიი ნფორმაციით, კოვიდინფექციის დაფიქსირების გამო, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთი კორპუსი იზოლაციაში მოაქციეს. გასაგები მიზეზით, მისამართს ვერ ვასახელებთ. როგორც „პრაიმტაიმს“ უყვებიან, ვირუსი შუახნის კაცს აღმოაჩნდა, რომელსაც უამრავ ადამიანთან ახლო კონტაქტი ჰქონდა.
„კორონავირუსი შუახნის კაცს აღმოაჩნდა, რომელიც ერთ-ერთ საჯარო სამსახურში მუშაობს. დაინფიცირების წყარო მისთვის უცნობია. მან ვირუსი 95 წლის დედას და შვილს გადასდო. ასევე, შეხება ჰქონდა უამრავ ადამიანთან – იყო რამდენიმე მაღაზიაში, აფთიაქში, სამეზობლო წრეში. უბანში ამბობენ, რომ კორპუსი ჩაკეტეს და მეზობლები კარანტინში გადაჰყავთ, რადგან ინფიცირებული კაცის ოჯახის წევრებსაც ბევრ ადამიანთან ჰქონდათ ურთიერთობა“, – გვიყვება ინფორმირებული პირი.
„პრაიმტაიმმა“ აღნიშნული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გადაამოწმა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორპუსი იზოლაციაში მოქცეული არ არის, თუმცა, მაცხოვრებლების ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს. „გუშინ ერთ-ერთი Covid-დადასტურებულის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, რომელიც ხვალაც გაგრძელდება. კორპუსი იზოლაციაში მოქცეული არ არის, აღებულია სინჯები და ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი“, – გვითხრა გამყრელიძემ.
დღეისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 746 ადამიანს შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 576, ხოლო გარდაცვლილი 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში – 2966, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 250 პაციენტი იმყოფება. რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა 3-ია.
„პრაიმტაიმი“
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge