30.05.2020 13:05
ჯანდაცვის სამინისტრომ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სხვადასხვა სექტორისთვის განახლებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
მათ შორის საუბარია, რეკომენდაციებზე რომლის დაცვაც ტურისტულ კომპანიებს, ტურ-ოპერატორებსა და გიდებს მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ტურისტული კომპანიის, ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორისთვის ასე გამოიყურება:
- ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსქრინინგი. მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად;
- ტურისტული ჯგუფი (მათ შორის გიდი და მძღოლი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი/სათვალე, გამოიყენოს საჭიროების შესაბამისად;
- სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით;
- ოფისებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კლავიატურის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ტელეფონების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და საგნების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში (2 საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
- გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების მოსაცილებლად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს დახურული კონტეინერით;
- მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;
- ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება;
- ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღებით დამუშავდეს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების სამკლავური (ხელის დასასვენებელი ადგილი);
- რეგულარულად გაანიავეთ სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;
- ტურის მსვლელობისას მძღოლს თან ჰქონდეს ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ინდივიდუალური ტემპერატურის საზომი, თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის;
- ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორი და თვითდასაქმებული გიდი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე რეკომენდაციებით განსაზღვრული მოთხოვნები.