17:33 30.05.2020
„საქართველო ჩვენთვის ძალიან კარგი პარტნიორია განვითარების გასაგრძელებლად - ვგრძნობთ, რომ მთავრობა და მოსახლეობა ძალიან კეთილგანწყობილია ბიზნესის მიმართ“

საფრანგეთის ელჩი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მოქმედ საწარმო „ატლანტიკ საქართველოს“ ეწვია, რომელიც ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის „Groupe Atlantic“-ის შვილობილი კომპანიაა. დიეგო კოლასმა და ნათია თურნავამ პირადად დაათვალიერეს საწარმოში მიმდინარე სამუშაოები და მისი სამომავლო გემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

 

„ვფიქრობ, საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იდგეს ჩვენი ქართველი პარტნიორის გვერდით ეკონომიკის აღდგენის ამ პროცესში. ვგრძნობთ, რომ საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა, მთავრობის ადმინისტრაცია და მოსახლეობა ძალიან კეთილგანწყობილია ბიზნესის მიმართ“, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა. საფრანგეთის ელჩმა ისაუბრა საქართველოს, როგორც კარგი ეკონომიკური პარტნიორის როლის შესახებ პანდემიის გამო არსებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის პროცესში. „გადასახადების თვალსაზრისით, ჩვენ მთავრობასთან ძალიან კარგი დიალოგი გვქონდა ისეთი კომპანიების საჭიროებების შესახებ, როგორიცაა მაგალითად, „ატლანტიკ საქართველო“, რათა რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ გახსნის გზები. კომპანიამ გამოაცხადა, რომ დაუყონებლივ ზრდის სამუშაო ადგილებს - 50 სამუშაო ადგილით, რაც წლის განმავლობაში კიდევ გაიზრდება. ასე რომ, ეს ძალიან კარგი პერსპექტივაა. ზოგადად ძალიან კარგი პერსპექტივებია ამ კომპანიაში. ვფიქრობთ, რომ საქართველო  ჩვენთვის ძალიან კარგი პარტნიორია განვითარების გასაგრძელებლად და ბოლოდროინდელი ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად“, - აღნიშნა დიეგო კოლასმა.

აღნიშნულ კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge