დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ეს პროექტი სიმბოლურია, რადგან იწყება მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანაში სასტუმროები იხურება - ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო“ 31.05.2020 17:50

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ციხისძირში, დეველოპერული კომპანიის „რედკოს“ ახალი პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობ 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს. პროექტი 521 პრემიუმ კლასის აპარტამენტსა და Marriott International-ის საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო aloft-ის 119 სასტუმრო ნომერს მოიცავს. სასტუმრო კომპლექსის პრეზენტაციაში ასევე მონაწილეობდა აჭარის მთავრობის მეთაური. ნათია თურნავას განცხადებით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 70 მლნ ლარია, ხოლო უშუალოდ კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებზე 200 ადამიანი დასაქმდება. მისი თქმით, Marriott International-ის საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო aloft-ი მსოფლიოს 25 ქვეყანაშია წარმოდგენილი და მათ რიცხვს საქართველოც შეემატება.

 

„ეს პროექტი სიმბოლურია, რადგან იწყება მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანაში სასტუმროები იხურება. ჩვენთვის ესაა იმის სიმბოლო, რომ მიუხედავად ყველა გამოწვევისა - პანდემიისა, გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და ა.შ., ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე უფრო მეტად ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ ამ პერიოდში შევიძინეთ ახალი, უნიკალური კონკურენტული უპირატესობა. ჩვენმა ტურისტულმა ინდუსტრიამ ყველაფერს გაუძლო. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორია, რომ დღეს ჩვენ ახალ სასტუმროებს უნდა ჩავუყაროთ საფუძველი.

 

საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც დაზარალებული ტურისტული სექტორის მხარდაჭერისკენაა მიმართული, საკმაოდ ეფექტურია და ამ ფონზე შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ არსებული სასტუმროების შენარჩუნება, არამედ ახალი კომპლექსების მშენებლობის დაწყებაც. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საწინდარი კიდევ უფრო ძლიერი ტურისტული სექტორისა საქართველოში. ამ კრიზისიდან ჩვენ უფრო ძლიერები გამოვდივართ, ვიდრე ვიყავით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

კომპლექსი „ბამბუ ბიჩ ციხისძირის“ ინფრასტრუქტურა მოიცავს: ნავსადგომს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, აკვაპარკს, ზიპლაინს, საბავშვო გასართობ მოედანს, სპა და ფიტნეს ცენტრს, საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურულ ავტოსადგომებს, რესტორნებსა და ბარებს. კომპლექსი განთავსდება სანაპიროს პირველ ზოლში, რომელიც შემოფარგლულია ბამბუკის ტყით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ