12:52 01.06.2020
"ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება, ეს გლობალური გამოწვევაა და მასთან გამარჯვება მსოფლიომ ერთად უნდა იზეიმოს"

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ვერც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური გამოწვევა და მასთან გამარჯვება უნდა იზეიმოს მსოფლიომ ერთად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა, ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი.

 

„დღეს მთავრობის გადაწყვეტილებით ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება, რეალურად მას შემდგომ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამოქმედდა, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები, ყველა სახის ბაზრობები არის გახსნილი, რეალურად ფაქტია ის, რომ ეს ყველაფერი იწვევს ჩვენს ქვეყანაში, ქალაქში მოქალაქეების მობილობის ზრდას, რაც რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების უფრო მეტ რისკს ზრდის. მოგეხსენებათ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, დღეს გვაქვს 11 ახალი ინფიცირების შემთხვევა, გუშინ გვქონდა 26, გუშინწინ - 9, ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ მე აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი რამ, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, საერთოდ შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში ვირუსის დამარცხება, ყველას კარგად გვესმის,რომ ეს არის გლობალური პანდემია, ვერც ერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს, ეს არის გლობალური გამოწვევა და მასთან გამარჯვება უნდა იზეიმოს მსფლიომ ერთად, ამიტომ ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი როგორც დროში, ასევე სივრცეში”, - განაცხადა გახარიამ.




ავტორ(ებ)ი : geotime.ge