15:04 01.06.2020
"არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს"- ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გამორიცხავს, რომ სწავლა სკოლებში დაგეგმილ დროს, სექტემბრის შუა რიცხვებში არ დაიწყოს.

 

შესაბამისი შეკითხვით მედიამ მინისტრს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მიმართა.

 

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ვთვლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს, თუმცა, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროსთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და აბიტურიენტებისთვის გამოცდების ჩაბარება უსაფრთხო პროცესი იქნება.

 

„ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც გავცემთ და ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge