12:40 02.06.2020
"დღეს, იტალიის რესპუბლიკის ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ"- ენრიკო ვალვო

დღეს იტალია რესპუბლიკის ეროვნულ დღეს აღნიშნავს. 

 

"ჩემი დიდი სურვილი იყო, თქვენთვის მასპინძლობა გამეწია და ტრადიციისამებრ ერთად აღგვენიშნა ეს დღესასწაული,"- აცხადებს იტალიის ელჩი საქართველოში,- ენრიკო ვალვო.

 

მისი თქმით,  რთული პერიოდი დაძლეულია  და რომ ნაბიჯ-ნაბიჯ და სიფრთხილით მიმდინარეობს სოციალური და სამეწარმეო საქმიანობის აღდგენის პროცესი

 

"ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ დღევანდელ დღეს, 2 ივნისს, როცა იტალიის რესპუბლიკის ეროვნულ დღეს აღვნიშნავთ. ზუსტად 74 წლის წინ, 1946 წლის 2 ივნისს, საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგად ჩვენი რესპუბლიკის დაარსებას ჩაეყარა საფუძველი. 


ჩემი დიდი სურვილი იყო, თქვენთვის მასპინძლობა გამეწია და ტრადიციისამებრ ერთად აღგვენიშნა ეს დღესასწაული. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ამ დღის აღნიშვნას მოვახერხებთ,  მაგრამ სამწუხაროდ წელს ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. 2 ივნისს იტალიის საელჩოები სახალხო ღონისძიებებს არ გამართავენ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია, როგორც ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ასევე Covid-19 პანდემიის შედეგად დაღუპულებისადმი პატივის მიგების ნიშნად.   


ჩემთვის ნუგეშის მომცემია ის გარემოება, რომ რთული პერიოდი დაძლეულია  და რომ ნაბიჯ-ნაბიჯ და სიფრთხილით მიმდინარეობს სოციალური და სამეწარმეო საქმიანობის აღდგენის პროცესი. რასაკვირველია, პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები თავს იჩენს, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ ბნელ ღამეებს ყოველთვის ნათელი დღე მოსდევს ხოლმე. გარიჟრაჟი კი უკვე დადგა. 


ვსარგებლობ შემთხვევით და გიგზავნით  იტალიელი ფოტოგრაფის, მარკო დელოგუს მიერ რედაქტირებულ e-book-ს სახელად „უხილავი მოედნები". იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო სამინისტროს მიერ დაფინანსებული ეს პროექტი მიზნად ისახავს იტალიის ქალაქების ტურისტული სეზონის გახსნამდე წარმოსახვით გამოგზაუროთ იტალიის ულამაზეს 20 მოედანზე. იტალიური მოედნები - ჩვენი კოლექტიური იდენტობის, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის სიმბოლოა, რითაც ასე ძალიან ვამაყობთ.


ამ გზავნილს თან ერთვის ზემოხსენებული e-book-ს პოსტერი, რომელიც ეროვნული დღესასწაულისათვის საგანგებოდ გამოიცა იტალიურ და ინგლისურ ენებზე. ნაშრომის სრული ვერსიის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგ ლინკზე: https://www.esteri.it/mae/resource/doc/piazze_in_visibili/piazze_in_visibili.pdf.


ჩვენი ქართველი მეგობრებისათვის საჩუქრად ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტი მოვამზადეთ, რომელიც შეგიძლიათ e-book-თან ერთად იხილოთ.


იმედი მაქვს, პროექტი მოგეწონებათ  და მალე ყველას პირადად გიხილავთ.  


გილოცავთ იტალიის რესპუბლიკის ეროვნულ დღეს!

 

ენრიკო ვალვო - იტალიის ელჩი  საქართველოში , "- ნათქვამია იტალიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge