21:20 03.06.2020
„იმის მტკიცება, რომ ამერიკაში რასიზმი ყვავის, ისეთივე სისულელეა, რომ ვამტკიცოთ, საქართველოში გენდერული ომია და კაცებს ისე სძულთ ქალები, მზად არიან ყელები გამოღადრონ“

მალხაზ რამიშვილის ბლოგი:

 

არის თუ არა რასიზმი ამერიკაში? უამრავი ქართველის კომენტარი წავიკითხე ამ თემაზე. გამიკვირდა. რას აღარ წერენ, რას აღარ იგონებენ. 9 წელიწადი ხდება რაც შტატებში ვცხოვრობ ჩემს დიდ ოჯახთან ერთად. დიდ ოჯახს იმიტომ ვუსმევ ხაზს, რომ ოჯახის ყველა წევრს ყავს თავისი სამეგობრო, დადის კოლეჯში, სკოლაში, მუშაობს. მეც ძალიან აქტიური ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს უამრავ ადამიანთან. ათასობით ადამიანთან მქონია ურთიერთობა, რასისტულად მოაზროვნე ადამიანი ამ 9 წლის განმავლობაში ერთხელ შემხვდა. დეველოპერული კომპანიის პატრონი იყო და ძალიან წუხდა როგორ უშლიდნენ შავები რაღაც პროექტის განხორციელებაში. სადაც ამას აშენება უნდოდა იმ ადგილიდან რამდენიმე შავი ოჯხის გასახლება უწევდა. თან მე ვცხოვრობ ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის საზღვარზე. ეს ორივე ისეთი შტატია, სადაც დიდია შავი მოსახლეობა ანდა ახალი ემიგრანტები სხვადასხვა ფერის კანითა და კულტურით. სადმე თუ პრობლემა უნდა იყოს, აქ უნდა იყოს. საყოფაცხოვრებო დონეზე რასიზმი არ არის, მითუმეტეს რასიზმი დაგმობილია. რასისტობა და ასეთი აზროვნება ჩამორჩენილობის სინონიმია. სირცხვილია კანის ფერის შემჩნევა და მითუმეტეს ამის გამო რაიმე დასკვნის გაკეთება ან მითუმეტეს ქმედება. მე თვითონ მშვენიერი ურთიერთობა მაქვს უამრავ სხვადასხვა ეროვნების და კანის ფერის ადამიანთან. ჩემი შვილები მეგობრობენ უამრავ შავკანიან ახალგაზრდასთან და ვერავინ ვერ ხედავს ამაში პრობლემას. ქუჩაშიც ყოველდღე ვხედავ თეთრებისა და შავების მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას. ეს საყოფაცხოვრებო დონეზე.

 

უფრო მაღალ დონეზე, აბა ვინმეს სიტყვებში ან ქმედებებში დაინახონ რასიზმის რაიმე ნიშანი. ნებისმიერი პოლიტიკოსის, თუნდაც მომღერლის თუ სპორტსმენის კარიერაც იქვე დასრულდება. რასიზმის შესახებ კონსენსუსია ორივე პარტიაში და მთელ საზოგადოებაში. რაც შეეხება ინსტიტუციების დონეზე რასიზმს. ეს საერთოდ აბსურდია და დიდი სისულელე. შავკანიანებს ყველა გზა ხსნილი აქვთ დღეს. მათ შვილებს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვთ დღეს, ვიდრე ვთქვათ ახალი ემიგრანტებისას. წამყვანი უნივერსიტეტებში მოქმედებს ქვოტები შავკანიანი სტუდენტების და ინდიელების მისაღებად.ვიცნობ არაბების ოჯახს, რომელიც მთლად თეთრები არ არიან. მათმა ქალიშვილმა ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის მისაღებ განაცხადში ჩაწერა რომ შავი იყო. მიიღეს და რომ ჩავიდა, ცოტა არ იყოს აღშფოთდნენ, განაცხადში რასა "შავი" რატომ მიუთითეო. ამანაც მოიშიშვლა მკლავი და ახლოაღმოსავლური კანი აჩვენა, ვინ იტყვის ამაზე რომ თეთრიაო. დღესაც იქ სწავლობს. პირადად ვიცნობ ადამიანს, რომელიც ერთ-ერთი დიდი კორპორაციის HR-ში მუშაობს და ევალება კადრების დივერსიფიკაცია. ანუ ყველა განყოფილებას ამოწმებს და ზრუნავს იმაზე, რომ ამ გამყოფილებებში ყველგან იყვნენ შავები, ჰისპანიკები, ქალები. ანუ მარტო თეთრი მამაკაცები არ მუშაობდნენ. თუ გამოავლენს ასეთ განყოფილებას, ზრუნავენ რომ იქ სხვებიც მოხვდნენ. სხვადასხვა რასისა და სქესის ადამიანები. იჩაგრება ამით ვინმე? თეორიულად შესაძლოა ისევ თეთრი მამაკაცები.

 

რაც შეეხება სკოლას და განათლებას. სკოლაში ჩემს შვილებს კარგად ასწავლეს და დაანახეს, რომ კანის ფერის განსხვავება ჩამორჩენილობა და გაუნათლებლობაა. ჩემი 8 წლის ქალიშვილს ვეღარ მიახვედრებ რაზეა ლაპარაკი, რატომ შეიძლება დამიანები სხვანაირად მოექცნენ სხვა ფერის კანიან ადამიანს. რაც შეეხება პოლიციას. მე პოლიციის დიდი მადლიერი ვარ. სადაც კი დახმარება დამჭირვებია, ყველგან დამხმარებიან. სადაც დასაჯარიმებელი ვყოფილვარ დავუჯარიმებივარ და ბევრიც უპატიებიათ. ახალი ჩამოსულები ვიყავით და პოლიციელმა დარეკა ჩვენს კარზე. ქალი იყო. იქვე გაჩნდა ჩემი რიჟა მეზობელი. აინტერესებდა რატომ მომადგა პოლიცია. ამ რიჟას სადაც შევხვდები დღესაც Ass holl-ს ვეძახი პირში. არიან ეგეთი მეზობლები ხოლმე. ამ ქალმა წამომყევიო. წავყევი. გზაში მითხრა, რომ ჩემი ერთ-ერთი შვილი მომხვდარა საავადმყოფოში. მდგომარეობა ამან კარგად არ იცოდა. დამამშვიდა და მითხრა, რომ სკოლის მერე ახალგაზრდებს დაულევიათ და ჩემმა შვილმა სასმელი ვერ აიტანა. პოლიციელებმა მიიყვანეს საავადმყოფოში, ექიმებს ჩააბარეს და მერე ამ ქალმა მთელი ქალაქი გადმოკვეთა, სახლში მომაკითხა და თავისი მანქანით მიმიყვანა საავადმყოფოში. იქ კიდევ რამდენიმე პოლიციელი დამხვდა, რომლებმაც სიცილით მომიყვნენ თუ როგორ აგინებდა მათ ჩემი მთვრალი შვილი და ცდილობდა ბეჯები ჩამოეგლიჯა. ამის მიუხედავად აგრესია არ ქონიათ. ბევრი ბოდიშის მოხდა კი მომიწია. ასეთი უამრავი რამ გადამხდენია და მსმენია.

 

მაშ რაშია პრობლემა? პრობლემა ჩემი აზრით ისტორიაშია. წარმოიდგინეთ სულ რაღაც 50 წლის წინ სეგრეგაცია იყო. შავი ახალგაზრდები ალბათ ისევე არიან გაზრდილი თავიანთი ბებია-ბაბუების მონათხრობებზე, როგორც ჩვენ. წარმოდგენაც არ მინდა იმისი, რომ მათ შეიძლება ისეთივე ზიზღი ჰქონდეთ თეთრკანიანების, როგორც მე მეზიზღება ბოლშევიკები, ენ-კა-ვე-დე, ჩეკისტები, და ზოგიერთი მათი შთამომავალი და საქმის გამგრძელებელი და ყველაფერი კომუნისტური. ამას ემატება სიღარიბე, განათლების ხარვეზები. ყველაფერი ეს იწვევს იმას, რომ მათ შორის კრიმინალი უფრო მაღალია. კრიმინალის მაღალი დონე იწვევს იმას, რომ მათთან მობყრობისას პოლიცია უფრო ფრთხილია. მე ვიტყოდი შეშინებულიც კი. უამრავჯერ მინახავს, როგორ ყავთ გაჩერებული შავების მანქანა და ჩხრეკენ. დარწმუნებული ვარ, რომ შავკანიანის ბევრი მკვლელობა სწორედ ამ შიშის გამო მოხდა. შეშინებული ადამიანის ხელში იარაღი გაცილებით უფრო საშიშია. ეს ჩემი თვალთ ბევრჯერ მინახავს. პოლიცია კიდე წინა ხაზზეა და ალბათ აქვთ ამ შიშის საფუძველი. ისინიც ბევრ შემთხვევაში თავს იცავენ, არავის უნდა სახლში მიასვენონ და მერე პატივით გაასვენონ.

 

მე არ ვლაპარაკობ ამ ბოლო, ცივსისხლიან მკვლელობაზე, თუმცა განზრახ მკვლელობაზე ამ შემთხვევაშიც ვერავინ საუბრობს. თავად ამ საქმისთვის სპეციალურად შერჩეული შავკანიანი პროკურორი. ამ მკვლელობამ მართლა გადარია საზოგადოება. ამ ერთი მკვლელი პოლიციელის ქმედებას შეეძლო დაენგრია ამერიკის გლობალური პოზიციები და მშვიდობა თვითონ შტატებში. მეც რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ მკვლელების ადგილი ციხეშია. ამით კარგად ისარგებლა უამრავმა მოროდიორმა და სვავმა ორი ბოტასის ქურდობით თუ ვიღაცის საკუთრების დარბევით. სხვათა შორის მოროდიორებს შორის ბევრი თეთრიც იყო. ისინი სასტიკად უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. პირველ რიგში ვითომ აღშფოთებული თეთრები. რასაც ვხედავ, ამაზეც ორპარტიული კონსენსუსია. საბოლოოდ ეს პრობლემა მოგვარებადია. ამერიკა რამდენიმე დღეში დაწყნარდება. პოლიციაც აღადგენს წესრიგს. Never bet against America! - არ არსებობს ამაზე კარგი რჩევა. გრძელ ვადაში ეს უნდობლობა და ზიზღიც დაიძლევა. ასეთია ისტორიული დინამიკა.

 

იმის მტკიცება, რომ ამერიკაში რასიზმი ყვავის, ისეთივე სისულელეა, რომ ვამტკიცოთ, რომ საქართველოში გენდერული ომია. კაცებს ისე სძულთ ქალები, რომ მზად არიან ყელები გამოღადრონ მათ. ასეა არაა ? სტატისტიკას ვერ მოვიყვან? ფემიციდის ფაქტები გაცილებით უფრო მეტია საქართველოში, ვიდრე შავკანიანი მოქალაქეების მკვლელობა პოლიციელებისგან ამერიკაში. ამერიკაში კი საქართველოზე 110-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge