ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"პანდემიის პირობებში „შვედური მოდელის“ სპეციფიურობა, ჩემი აზრით - შვედური სოციალიზმის გამორჩეულობიდან გამომდინარეობს. შვედებმა „საგანგებო მდგომარეობა“, არ შემოიღეს, მხოლოდ „რბილი“ შეზღუდვებით შემოიფარგლენ, რადგან ზოგადადაც - შვედური ზომიერებისთვის „განსაკუთრებული რეჟიმები“, წესები თუ ზომები საერთოდ არ არის დამახასიათებელი, უჩვეულოა და მეტიც: შვედური ზომიერება თავაშვებულობასა და მკაცრ, საგანგებო შეზღუდვებს, ერთნაირად ვერ ჰგუობს; რასაკვირველია, შვედები უდიდეს პატივს სცემენ მოქალაქეთა თავისუფლებას, მაგრამ ხაზგასასმელია - მათი ეს თავისუფლება თითქოსდა მოწოდებულია, რაც შეიძლება მეტი თანასწორობა "შექმნას"; სწორედ ეს - თანასოწორობაზე ორიენტირებული თავისუფლება და ამგვარი მიმართებით შექმნილი წესრიგი, რასაც იძულება და შეზღუდვები კი არა, არამედ თვითდისციპლინა და სოლიდარობა, მაღალი სოციალური კაპიტალი უდევს საფუძვლად, ქმნის კიდეც შვედური სოციალიზმის უნიკალურობას.
2000-იანი წლების დასაწყისში მერგო პატივი საკუთარი თვალით მენახა და ახლოდან გავცნობოდი ამ შესანიშნავ ქვეყანას და მართლაც შთამბეჭდავ „შვედურ სოციალიზმს“; სტოკჰოლმის უცხოელ სტუმრებს შვედები პირველ რიგში „ვაზას“, უნიკალურ ისტორიულ მუზეუმს დაათვალიერებინებენ, რაც შვედეთის გამორჩეულობას ხაზს უსვამს;
„ვაზა“ გახლავთ მე-17 საუკუნეში ჩაძირული შვედური სამხედრო გემი; ეს გემი შვედმა მეფემ გუსტავ მეორე ადოლფმა ააგო და იმ დროისთვის მთელს მსოფლიოში ყველაზე გრანდიოზულ სამხედრო ხომალდს წარმოადგენდა; გუსტავ მეორეს სურდა ამ ხომალდის დემონსტრირებით ფურორი მოეხდინა მაშინდელ ევროპაში და დარწმუნებული იყო, როგორც კი ეს გამაოგნებელად მასშტაბური სამხედრო გემი ბალტიის ზღვისა და ატლანტის ოკეანის სანაპიროებთან გამოჩნდებოდა, ყველას შიშის ზარს დასცემდა და ყველა იოლად გაიგებდა შვედეთის სამეფოს სიდიადესა და სტრატეგიულ უპირატესობებს; მაგრამ, მეფეს, როგორც იტყვიან - კოვზი ნაცარში ჩაუვარდა: კონსტრუქციული შეცდომის გამო, ვინაიდან გემის სიმაღლე და სიგრძე არასწორედ იყო გათვლილი, იგი ზღვაში გაშვებისთანავე სანაპიროდან 200 მეტრში ამოყირავდა და ჩაიძირა; გასული საუკუნის 70-იან წლებში „ვაზა“ ამოიღეს, რადგან კარგად შენახული აღმოჩნდა არც მისი რესტავრაცია გაუჭირდათ და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ისტორიული მუზეუმი გამართეს სტოკჰოლმის სანაპიროზე; ამ მუზეუმით ისინი ღირსეულ პატივს მიაგებენ საკუთარი სამეფოს დიდ ისტორიას და უცხოელებთანაც სამართლიანად ამაყობენ;
რაც მთავარია, „ვაზას“ ისტორიიდან შვედებმა სწორი დასკვნები გამოიტანეს: მშვიდობისა და მიუმხრობლობის საერთაშორისო პოლიტიკას სტაბილურად ატარებენ და 200 წელზე მეტია, შვეიცარიასთან ერთად მუდმივი ნეიტრალიტეტი აქვთ გამოცხადებული; შვედეთის ტერიტორიას არც ორი მსოფლიო ომი არ შეხებია და მეტიც, როცა მსოფლიო ერთმანეთს დაუნდობლად ჟლეტდა და ინგრეოდა, განსაკუთრებით - ევროპა, შვედები საკუთარ ქვეყანას აშენებდნენ და უდიდეს სიმდიდრეს, მათ შორის - სხვათა ომების ხარჯზეც, აგროვებდნენ; ესეც - ნეიტრალიტეტით მოტანილი ხანგრძლივი მშვიდობა და შეუქცევადი აყვავება, არის „შვედური სოციალიზმის“ ერთ-ერთი მძლავრი საფუძველი და ფაქტორი;
რაც შეეხება „სოციალურ კაპიტალს“, ორ მაგალითს მოვიყვან, რაც შვედეთის ძველ დედაქალაქ სიგტუნაში (ჩვენი მცხეთის ანალოგიურად, სტოკჰოლმთან ძალზე ახლოსაა და დღეს ცნობილი ტურისტულ-რეკრეაციული და სააგარაკე ზონაა) ვნახე და დამამახსოვრდა.
პირველ რიგში - სიგტუნას აგარაკები: ყველა აგარაკი რარაცით ტიპიურია, მაგრამ მაინც ინდივიდულურად გამორჩეული; თვალშისაცემია ტიპიური უბრალოება, არაპრეტენზიულობა და ამავდრულად, გემოვნებაც; იქ საკმაოზე მეტადაც შეძლებული ხალხია, მაგრამ საერთოდ არც ერთი აგარაკი არ მინახია, სიმდიდრის დემონსტრირების ფორმა და პრეტენზიული, მყვირალა სახე ჰქონოდა; რაც მთავარია - გამაოგნებელი იყო, რომ სააგარაკე ნაკვეთებს შორის არავითარი ფიზიკური ღობე, მით უმეტეს მსგავსი უზარმაზარი კედლები, როგორც ჩვენშია, საერთოდ არ არსებობდა. სიმბოლურად მხოლოდ თეთრი ზოლი იყო გავლებული და ტყის, რაშიც ჩაფლულია სიგტუნა, ლამაზი ლანდშაფტი და ბუნერიობა არაფრით ირღვეოდა; დისტანცირებას, კერძო საკუთრებისა თუ ზოგადად - სივრცის საზღვრების აღნიშვნასა და დაცვას შვედეთში - ფიზიკურ ბარიერებად რაიმე ნაგებობების აღმართვა არა სჭირდება!
მეორე - აგრარული ბაზარი, რომელშიც არც ერთი გამყიდველი ფიზიკურად არ არის; ჩვეულებრივ დახლებზე თუ მაცივრებში ლამაზად დალაგებული სასოფლო-სამურნეო პროდუქტია: ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული, რძის პროდუქტები, კვერცხი და სხვ. თითოეულ დახლთან დგას სასწორი, ფასების სადემონსტრაციო ტაბლო და სალარო აპარატი; მყიდველი თავად არჩევს, წონის და იხდის საფასურს ისე, რომ არც ერთ გამყიდველს ვერ შენიშნავს. გამაოგნებელია! რომ ვიკითხეთ - კი მაგრამ, ვინმემ რომ არ გადაიხადოს, რა ხდება-თქო, მშვიდად მოგვიგეს: „თუ ვინმეს, მაგალითად რომელიმე მოხეტიალე სტუდენტს, ფული არა აქვს, არადა შია და რამდენიმე კარტოფილს, კვერცხს ან პომიდორს უფასოდ აიღებს, ღმერთმა შეარგოსო!“ ვერც კი წარმოუდგენიათ, ადამიანს ფული ჰქონდეს და ასეთ ბაზარში შეგნებულად არ გადაიხადოს.
სწორედ ამიტომ, რა გასაკვირია, რომ შვედეთის მთავრობა „საგანგებო ზომებს“ მოერიდა? გასაკვირი პირიქიით, ის იქნებოდა მკაცრი შემზღუდავი ზომები და იძულების საშუალებები შემოეღოთ. დიახ, ეპიდსიტუაცია იქ უფრო მწვავეა, ვიდრე თუნდაც მეზობელ დანიაში, მაგრამ ღვთის მადლით, გაუძლებენ და გადაიტანენ,"- წერს ის.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge