დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

დევნილი და ამაღლებული პატრიარქი 09.06.2020 13:00

სერგო ვარდოსანიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

დევნილი და ამაღლებული პატრიარქი

"ჩემთვის მარად საღმრთო იქნება ის ლტოლვილება, რომელსაც მივისწრაფოდი. ჩემს სიცოცხლეში ჩემი წარმატებისათვის არ მიზრუნია: არც ოქრო იზიდავდა ჩემს გულს და არც ჯილდო, პირადი ჩემი ინტერესები დიდი ხანია უარვყავ... დავიდგი თავზედ "ბაბილონის გოდოლი", შევუდექ საქმეს და საარაკო თავგადასავალი გადამხდა...

მონობისთანა მწარე ხვედრი დედამიწამ არ იცის. თავისუფლებას ბინა აქვს თავისუფალი კაცის გულში. იგი დამაგვირგვინებელია ჩვენი ცხოვრებისა, თავისუფლება ღვთიური ნიჭია...

სამშობლოზედ მზრუნველი მამულიშვილი უშიშრად ეგებება სიკვდილს".

 

( კირიონ ll)

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის შეუპოვარი მებრძოლი გიორგი საძაგლიშვილის - ეპისკოპოს კირიონის ცხოვრების დევიზი იყო: "მამულიშვილის გვირგვინი სამშობლოს სამსხვერპლოზე ჰკიდია, ხალხის სიყვარული უანგარო მოღვაწეობით დაიმსახურება."54 იგი უანგაროდ ემსახურებოდა სამშობლოს და უანგარო იყო იმ ახალგაზრდების მატერიალურ მხარდაჭერაშიც, რომელთა განათლებასაც საქართველოს მომავლისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მისი შემწეობით 400-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება რუსეთისა და ევროპის საგანმანათლებლო ცენტრებში. იგი ხელმძღვანელობდა ნესტორ ლეჟავას, სამუელ ცომაიას, ალექსი გორგაძის, კორნელი კეკელიძის სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოებს. აი, რას წერდა მადლიერი კორნელი კეკელიძე 1902 წლის 28 ოქტომბერს კიევიდან ეპისკოპოს კირიონს: "მე გახლავარ ის ადამიანი, რომელიც დღეს თქვენი მოწყალებით კიევის სასულიერო აკადემიაში ვსწავლობ. არ დამავიწყდება ის კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებოდი მე სემინარიის კურსის დასრულების შემდეგ. სურვილი მქონდა და სემინარიის მხრით საშუალებაც, სწავლა გამეგრძელებინა, მაგრამ ამ ჩემს სურვილს წინ ეღობებოდა ოჯახური გარემოებანი, სწორედ ამ დროს მოვმართე თქვენს მეუფებას მატერიალურ და ზნეობრივ დახმარებისათვის, რასაც შედეგად ის მოჰყვა, რომ დღეს, კიდევ ვიმეორებ, უმაღლეს სასწავლებელში ვარ". კორნელი კეკელიძემ ეპისკოპოს კირიონის რჩევით შეარჩია თავისი საკანდიდატო დისერტაციის თემა. "ძველ ებრაელებს ჩვეულებათ ჰქონდათ, ყოველნაირ ახალს ანუ პირველ ნაყოფს მადლობის ნიშნად სწირავდნენ ხოლმე ამ ნაყოფის მომცემელ ღმერთს. ამის და მიხედვით, ნება მიბოძეთ, მეც უმორჩილესად გიძღვნათ პირველი ნიმუში იმ შრომისა, რომელსაც მე ხელი მივყავი თქვენი შთაგონებითა და რჩევით,"  წერდა კორნელი კეკელიძე ეპისკოპოს კირიონს. სამწუხაროდ, 1917-1918 წლებში დეკანოზი კორნელი კეკელიძე კირიონის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდა, მაგრამ მან ყველაზე უკეთ იცოდა, ვინ იყო კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი და რა დამსახურება ჰქონდა მას საქართველოს ეკლესიის, ქართველი ერის წინაშე. კირიონს, როგორც მეცნიერს და დიდ საეკლესიო მოღვაწეს, განსაკუთრებულად აფასებდა პროფესორი ნიკო მარი, რომელიც აღფრთოვანებული იყო მისი გამოსვლებით 1906 წელს პეტერბურგში სინოდის წინარე სხდომებზე, ასევე გამორჩეული იყო მისი დამოკიდებულება ეპისკოპოს კირიონის პოლემიკური ნაშრომის "ქართველების კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში" მიმართ. კირიონის მეცნიერულ ღვაწლს დიდად აფასებდნენ ივანე ჯავახიშვილი, ალექსანდრე ცაგარელი, ალექსანდრე ხახანაშვილი, თედო ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი, პავლე ინგოროყვა, მოსე ჯანაშვილი. ივანე ჯავახიშვილმა 1918 წლის 26 იანვარს წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, როდესაც თბილისის უნივერსიტეტი გახსნა, საგანგებო პარაკლისი გადაახდევინა უწმიდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კირიონ II-ს, რომელმაც ბრძანა: "მომეც ჩვენ უფალო გული ბრძენი და გონიერი (მესამე მეფეთა, 3.12). ცოდნისა და მეცნიერების მიმდევარნო! დღეს შევიკრიბენით ამ წმიდა ტაძარში, რათა გამოვითხოვოთ ღვთისაგან კურთხევა ქართული უნივერსიტეტის გახსნისათვის. ამ ძვრა-რყევისა და სიყმილის დროს ჩვენ შესაძლოთდავინახეთ, საძირკველი ჩავუყაროთ ქართულ მაღალ კულტურულ დაწესებულებას, რომელაც უნდა შეიტანოს მეცნიერების შუქი ჩვენი ხალხის ცხოვრებაში და რომელიც შეადგენს ჩვენი ხალხის სიამაყეს. ახლა თქვენს ხელშია, ბატონო პროფესორნო,ბედ-იღბალი ამ მაღალი სამეცნიერო ტაძრისა. ჩვენი გული ივსება სიხარულით,რომ სიბრძნეს,რომელიც დაუსრულებელია, ვნერგავთ ამიერიდან ჩვენს ხალხში, ამ დღესაც მოვესწარით, რომ ქართულ უნივერსიტეტს ვხსნით... ლტოლვილებამ სინათლისადმი, ცოდნის წყურვილმა და ჭეშმარიტმა სიყვარულმა შეჰკრიბა დღეს აქ აუარებელი ხალხი. კაცი შექმნილია სინათლისათვის და თვით ბუნებისაგან ჩანერგილია მასში ღვთიური ნიჭი - ძიება ჭეშმარიტებისა, რომელიც ქმნის კაცს თავისუფლად. გილოცავთ, ჩვენი პირველი უნივერსიტეტის ხელმძღვანელნო, და ვისურვებ ჩვენი საზოგადო საქმის წარმატებას საკეთილდღეოდ ჩვენი ერისა. განათლებით ირჩევა კაცი კაცისაგან, იგი ფასდაუდებელი საუნჯეა, რომლის შეძენას ბევრი დრო, მოთმინება და ცდა უნდა."

 

უწმიდესი და უნეტარესი კირიონ II აფასებდა მიხეილ თამარაშვილის გამოკვლევებს, მაგრამ საგანგებოდ მიუთითებდა ავტორის თავისებურ მიდგომაზე იმ წყაროების მიმართ, რომელიც კათოლიკობას ეხებოდა. კირიონი მეგობრობდა ცნობილ რუს სლავოფილ ნიკოლოზ დურნოვოსთან, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. როგორც მეუფე კირიონი აღნიშნავდა, თავდაპირველად დურნოვოს ფსევდონიმს ამოფარებული კირიონი ეგონათ, როდესაც მის წერილებს კითხულობდნენ, რომლებშიც მხილებული იყო რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლების უკანონობანი საქართველოს ეკლესიის მიმართ. განსაკუთრებით მკაცრად იყო მხილებული რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება ნ. დურნოვოს წიგნში "ქართული ეკლესიის ბედი." ეპისკოპოსი კირიონი დიდ პატივს სცემდა ნ. დურნოვოს,მის არქივში ინახება აკაკი წერეთლის ნაკლებცნობილი ლექსი ნ. დურნოვოსადმი, რომელიც რუსული თარგმანითურთ უნდა გადაეცა მისთვის კირიონს მოსკოვში.

ნ. დურნოვოს

"ცოლიც რუსი მყავს, შვილიც რუსი მყავს

და მეც რუსეთში დავჭაღარავდი,

მიყვარდა რუსი, მაგრამ მის ნაკლს კი

აღვიარებდი, ვერა ვფარავდი.

ვუქებდი წარსულს, მაგრამ აწყმოში

მძულდა მთავრობა ბიუროკრატი

და მე რომ რუსად წარმოვიდგენდი,

სხვაგვარი იყო იმისი ხატი.

ქრისტეს მოყვარე, სულით მაღალი,

გაჭირვებულთა ხელის შემწყობი,

უსამართლოთა და უკუღმართთა

აღვირამსხმელი და დამამხობი.

ვით ჩვენ წინაპრებს, მეც ისე მყავდა

მაშინ რუსობა წარმოდგენილი 

მთელ საქართველოს დამხსნელ-მფარველად

და სასოებით მიცემდა გული.

მაგრამ რა ვნახე, ჩემ სამშობლოში

როცა დავბრუნდი, ღმერთო ძლიერო!

ერთგულების და სიყვარულისთვის

გადასახადი სამაგიერო!

ზიზღი და მტრობა! სხვა არაფერი

დევნა სასტიკი ხორცის და სულის,

ვითომ მტყუანი იყოს ქართველი

და მართალი კი სულ ის და სულ ის.

რუსებს ეჭირათ სუყოველგვარი

ჩვენი ცხოვრების ასპარეზები,

გვაჯდენ კისერზედ, როგორც სახედრებს

და გვერდებს გვჭრიდა მათი დეზები.

სამღვდელოებას და მის ეგზარხოსს

აებნათ ქრისტეს ნამოძღვრი კვალი,

შეჰქონდათ ხალხში უსჯულოება,

საქრისტიანო უარჰყვეს ვალი.

გარეგნად მღვდლები, შინაგნად მგლები

თავს არ იტეხდნენ ქრისტეს მცნებაზე

და გამაძღრები ფიქრობდნენ მხოლოდ

როგორც ჟანდრები, გარუსებაზე.

სამსჯავროებში აღარსად იყო

აღარც კანონი, არც სამართალი

და თვითოეულ მსაჯულთაგანსაც

გარუსებისკენ ეჭირა თვალი.

აღმზრდელებიცა ჩვენი შვილების

მხოლოდ ჰფიქრობდნენ გარუსებაზე

და არა მათის მოწაფეების

გრძნობა-გონების ამაღლებაზე.

მე კი ვამბობდი, რომ მოვლინება

ეს დროებითი მხოლოდ მეხია...

მომავლისაგან ველოდი სულ სხვას

და მაინც გული არ გამტეხია.

ვფიქრობდი, მოვა აწ ახალი დრო,

ის გაგვინათლებს დღევანდელ ბნელსა

და მოველოდი მე გაზაფხულის

წინამორბედს და მახარობელსა.

და აი, მართლაც დღეს გამოგვიჩნდი...

კურთხეულ იყოს შენი ჭაღარა!..

და შენთან ერთად ძმობა-ერთობას

უმღერს, უგალობს ჩემი ნაღარა."

 

ეპისკოპოს კირიონს, როგორც აღიარებულ მეცნიერს და თეოლოგს, დიდ პატივს სცემდნენ როგორც რუსეთში, ასევე უცხოეთში. საკმარისია ჩამოვთვალოთ ისინი, რომ ნათელი გახდეს, თუ რა მასშტაბის პიროვნებასთან გვქონდა საქმე. კირიონთან მეცნიერული მიმოწერა ჰქონდათ ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის პროფესორ ალექსანდრე ალაზოვს, ხერსონის მუზეუმის დირექტორს ვიქტორ გოშკევიჩს, პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორს ლეონიდ დიმიტრიევს, პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორს ნიკოლოზ პალმოვს, ივანე სოკოლოვს. პროფ. ივ. სოკოლოვი ღიად უჭერდა მხარს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, მას 1914 წელს საქართველოში უმოგზაურია და აღტაცებული დარჩე-ნილა მრავალრიცხოვანი უნიკალური ქართული ხელნაწერ-ებით. არქიმანდრიტ ტარასისათვის გამოგზავნილ წერილში კირიონი წერს: "წუხელ ვიყავი პროფ. ი. სოკოლოვთან მიწვეული, ბევრი მელაპარაკა შესახებ ჩვენი საეკლესიო ისტორიისა, ბევრი ახალი ცნობა აღმოუჩენია ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიაზე." ეპისკოპოსი კირიონი სადაც არ უნდა ყოფილიყო ყველგან შემოქმედებით და სულიერ ატმოსფეროს ქმნიდა. ამას გრძნობდა ყველა, ვინც მას იცნობდა. როდესაც 1903 წელს იგი კამენეც-პოდოლსკიდან გადაიყვანეს, იქაური მრევლი გულისტკივილით წერდა: "ღრმა მწუხარებით გაცილებთ ჩვენ კამენეციდან და დღევანდლამდე არ შეგვიძლია შევურიგდეთ იმ აზრს, რომ ჩვენგან გაფრინდა ერთადერთი იმედი, გვეცხოვრა გააზრებული და იდეური ცხოვრებით."

 

ეპისკოპოს კირიონს დიდ პატივს სცემდა პროფესორი ნიკოლოზ პალმოვი, რომელიც მუშაობდა ასტრახანის მთავარეპისკოპოს გაიოზისა და ლიხთ-იმერეთისა და აფხაზთა კათოლიკოსის მაქსიმე აბაშიძის ბიოგრაფიებზე, კირიონი მას კონსულტაციებს უწევდა. 1917 წლის 17 თებერვალს ნიკოლოზ პალმოვი კირიონს ასეთი შინაარსის წერილს უგზავნის: "გთხოვთ, შემიერთოთ მეც თქვენს სიხარულს, რადგან ვმუშაობდი რა კავკასიის სიძველეებზე,მე თვით თვალნათლივ დავრწმუნდი, რომ საქართველოს სრული ავტოკეფალიის უფლება ჰქონდა და ვუმტკიცებდი ამას მრავალ სხვა გავლენიან პირს."59 პალმოვი იმედს გამოთქვამდა, რომ უწმიდესი კირიონი თავის გარშემო შემოიკრებდა ყველა ენთუზიასტ ახალგაზრდას, რომელნიც მოისურვებდნენ მეცნიერულ მუშაობას და საქართველოს ეკლესიაში სულიერი ცხოვრების გასპეტაკებასთან ერთად ინტელექტუალური მუშაობაც სათანადო სიმაღლეზე ავიდოდა. ეპისკოპოსი კირიონი უანგაროდ ეხმარებოდა ყველას, ვინც დაინტერესებას­გამოხატავდა საქართველოს ისტორიით, საქართველოს ეკლესიის ისტორიის პრობლემებით. მის არქივში რუსი და ევროპელი მეცნიერების მიერ გამოგზავნილი მრავალი სამადლობელი წერილია დაცული. სანიმუშოდ მოვიყვანთ პროფესორ ლ. დმიტრიევის 1912 წლის 23 ნოემბრით დათარიღებულ წერილს: - "უღრმესი და გულითადი მადლობა თქვენ,დიდად პატივცემულო მეუფეო, თქვენი თავაზიანი, მოწყალე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მამური დამოკიდებულებისათვის ჩემს მიმართ. თქვენი ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის მით უფრო ძვირფასია, რომ გამოტეხით უნდა ვთქვა, არაფრით არ დამიმსახურებია ეს თქვენს წინაშე, იმის ბედნიერებაც კი არ მაქვს, რომ პირადად მიცნობდეთ, მიუხედავად ამისა, თქვენ მეუფეო, არ მტოვებთ ყურადღების გარეშე და დროდადრო მასაჩუქრებთ მეცნიერული ღირებულებით ძალზე ძვირფასი ცნობებით".

 

ეპისკოპოს კირიონს დიდი დახმარება გაუწევია თბილისში მცხოვრები გერმანელი ლუთერანული ეკლესიის ბერის გუსტავ­ ბერმანისათვის მეცნიერებაში მანამდე ნაკლებად ცნობილი ბერძნული სახარების ხელნაწერის დამუშავებაში. მისი ზეგავლენით მეორე გერმანელ პროფესორს გრეგორს დაუწყია­ "კორიდეთის ოთხთავზე" მუშაობა. გუსტავ ბერმანი­ კირიონს წერდა: "ხელნაწერი უკვე ცნობილია რუსეთსა და საზღვარგარეთის მეცნიერებს შორის და ყველა მონაწილეობს მის დამუშავებაში."

 

ეპისკოპოსი კირიონი ასევე ეხმარებოდა იტალიელ კათოლიკე ბერს აურელიო პალმიერს საქართველოს ისტორიის საკითხების შესწავლაში. მისთვის გაუგზავნია როგორც თავისი, ასევე სხვა მეცნიერთა შრომებიც. მას იოსებ ჩიჯავაძისათვის ასეთი წერილი გამოუგზავნია: "წერა-კითხვის წიგნების მაღაზიაში გამოართვი ჩემ ანგარიშში შემდეგი წიგნები: 1. Вестник Кавказа, 2. ქართლის ცხოვრება - ჭიჭინაძის გამოცემა, 3. ტიმოთეს მოგზაურობა, 4. ქართული გრამატიკა ჟორდანიასი და ბენაშვილისა, 5. ქართული გრამატიკა მოსე ჯანაშვილისა, 6. ბაქრაძის ისტორია." ყველა ეს წიგნები გაუგზავნე პროფესორ პალმიერს.61 პალმიერი გაეცნო რა ეპისკოპოს კირიონის ნაშრომებს, აღტაცებული ასეთ წერილს უგზავნის მას: "თქვენი ეკლესიის ისტორია იმდენად შესანიშნავია, რომ ჩემთვის დიდ სიამოვნებას წარმოადგენს მისი შესწავლა. ჩქარა გავუკეთებ რეზიუმეს თქვენს საუცხოო თხზულებას, რომელიც შეეხება ქართული ეკლესიის ისტორიას XIX საუკუნეში და დავიწყებ შრომის წერას ბიბლიის ქართული ვერსიების შესახებ." აურელიო პალმიერი აღფრთოვანებული იყო საქართველოს ეკლესიის ისტორიით, ეპისკოპოს კირიონის პიროვნებით და მიმართავდა მას: "გთხოვთ დამეხმაროთ ჩემს განზრახვაში: გავხადო ცნობილი საზღვარგარეთ საქართველოს დიდება, ქართული ეკლესიის ისტორია, რომელიც არანაკლებადაა დიდების ღირსი."

 

იგი მეუფე კირიონს წერს: "თაყვანს გცემთ, როგორც ქართული ეკლესიის ყველაზე უფრო სახელოვან და სწავლულ წარმომადგენელს და მწამს, რომ თქვენ მუდამ კეთილად იქნებით განწყობილი ჩემს მიმართ."64 საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელი მებრძოლი მღვდელმთავრის ბედით დაინტერესებული იყვნენ ცნობილი ინგლისელი მოღვაწეები და-ძმა ოლივერ და მარჯორი უორდროპები. როგორც შორენა შტოიენის წერილი "ჭეშმარიტების მაძიებელი!" გვამცნობს: მარჯორი უორდროპს უთარგმნია ეპისკოპოს კირიონის ის წერილები და გამოკვლევები, რომელნიც შეეხებოდა რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მხილებას. მან ევროპის განათლებულ საზოგადოებას გააცნო ეპისკოპოს კირიონის პიროვნება,რომელიც უსამართლოდ იყო დევნილი რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლებისაგან. მარჯორიმ ინგლისურად თარგმნა კირიონის თანაშემწის გიორგი მოუსვენარაძის (შესაძლოა ტარასი კანდელაკის) წერილი "კირიონ ეპისკოპოსი." აი ისიც: "გაზეთებიდან უკვე იცით კირიონ ეპისკოპოსის ხელახალი და ხარკოვის გუბერნიიდან ერთ მიყრუებულ და მივარდნილ მონასტერში გადასახლება. წარმოუდგენელია ის ტანჯვა-წვალება, რომელიც მოხუცმა ეპისკოპოსმა ამ დროს განიცადა. მერე არ იკითხეთ, რაზედ აწამებენ და სდევნიან ამ კაცს?

 

კირიონ ეპისკოპოსი ჭეშმარიტი გულშემატკივარია თავისი ერისა. იგი გულწრფელის სიყვარულით არის განმსჭვალული, ამასთან იგი ნამდვილი ქრისტიანია, ჭეშმარიტი მოსარჩლე ტანჯულ-წამებულისა, რა ერსაც უნდა ეკუთვნოდნენ ეს ტანჯულ-წამებულნი. აი, სწორედ ამისთვის განიცდის უწყალო დევნა-რბევას, ამიტომაცაა, რომ შეუმჩნევლად იტანს ყველაფერს.

 

პირველად კირიონ ეპისკოპოსი იმით დასაჯეს,რომ რუსეთში უმნიშვნელო ადგილზე დანიშნეს. რამდენიმე წლის შემდეგ საქმის ვითარება გამოიცვალა და იგი პირველხარისხოვან ორლოვის ეპარქიაში გაამწესეს. პატარა ხანს უკან ორლოვის ეპარქია კირიონმა სოხუმისაში გაუცვალა ეპ. დიმიტრის. აქედან ეპ. კირიონი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გამო სინოდში გაიწვიეს, სადაც იგი მედგრად იცავდა ავტოკეფალიას და დიდი ცოდნაც გამოიჩინა ისტორიაში როგორც ეს შემდეგში, ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორმა ბუტკევიჩმა გადმოგვცა; პროფ. ბუტკევიჩიც იმ დროს ეპ. კირიონის საწინააღმდეგო პოზიციაში მხურვალე მონაწილეობას იღებდა. ამის შემდეგ სოხუმიდან ეპ. კირიონი ისევ მცირე ადგილზე გაამწესეს, კოვნოში. არც აქ დაჰყო დიდხანს: შეატყო, რომ უმაღლეს სასულიერო წრეებში ცუდი თვალით უყურებდნენ, თვითონვე თავი გაანება სამსახურს და ძველ ათონზე ცხოვრების ნება ითხოვა. ამაზე ცნობილ ვოსტორგოვს ეთქვა: "მაგას იმიტომ უნდა ძველ ათონზე ცხოვრება, რომ ოსმალებთან დაიჭიროს კავშირი და საქართველო რუსეთს ჩამოაშოროსო." სინოდმა მართლა აუკრძალა ძველ ათონზე ცხოვრება. ხარკოვის მახლობლად, კურიაჟის მონასტერში გამოგზავნა საცხოვრებლად, სადაც შარშან 25 აპრილს დაბინავდა. დიდად ანუგეშა კირიონ ეპისკოპოსი ხარკოვის ქართველ სტუდენტების დეპუტაციამ, რომელიც ამ მონასტერში მივიდა მის სანახავად და რომელსაც ეპისკოპოსმა მშვენიერის სიტყვით მიმართა და მადლობა უძღვნა თანაგრძნობისათვის.

 

აქ ეპისკოპოს კირიონის სადგომს შეადგენდა სამი ძირის ოთახი,რომელთაც ნესტისაგან კედლებიდან წყალი გამოსდიოდათ. პენსია არა ჰქონდა დანიშნული და მონასტრის უბრალო ბერის ხარჯით კმაყოფილდებოდა. მიუხედავად ამნაირი გაჭირვებისა, კირიონ ეპისკოპოსი მაინც სულით არ ეცემოდა და მხოლოდ იმითღა ინუგეშებდა თავს, რომ ახლოს იყო საუნივერსიტეტო ქალაქთან და თავის ბიბლიოთეკის გარდა, რომელიც 5000 წიგნს შეიცავდა, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით ისარგებლებდა. აქ მან შვიდი თვის განმავლობაში განაგრძო და კიდეც დაამთავრა თავისი ახალი თხზულება რუსულ ენაზე ამ სათაურით "Культурная роль Иверии вь истории Руси". აქვე გაიცნო რამოდენიმე პროფესორი, რომელნიც ძალიან დააინტერესა თავისი ახალი თხზულებით. პროფესორები აჩქარებდნენ, მალე გამოეცა ეს თხზულება...

 

ამნაირად გაატარა ეპისკოპოსმა კირიონმა სრული შვიდი თვე კურიაჟის მონასტერში, მხოლოდ მერვე თვის დეკემბრის 10-ს, როგორც ვიცით, დეპ. პურიშკევიჩმა სახელმწიფო სათათბიროში საჯაროდ გამოაცხადა ცრუ ამბავი, ვითომ ეპისკოპოსი კირიონი დასწრებოდეს მღვდელ ჩიჯავაძესთან მომხდარ კრებებს 22 თებერვალს და 18 მაისს და ვითომ ამ მოგონილ კრებებს მოჰყოლოდეს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობა და სხვა. არ გაგიკვირდება მკითხველო, ამნაირი უცნაური ტყუილი?! ჯერ ეს კრებების ამბავი ვისა სმენია და მერე ეპისკოპოს კირიონს რა უნდოდა ტფილისში 22 თებერვალს, როდესაც იგი მხოლოდ 9 მარტს გამოემშვიდობა თავის კოვნოს ეპარქიას და 18 მაისს კი, მე თვითონ მოწამე ვარ, კურიაჟის მონასტერში მწირველი იყო და კიდეც ვიღაცა აკურთხა იღუმენად!!! მაშ საიდან შეხანხლა ასეთი სიცრუე პურიშკევიჩმა?!

 

მაგრამ პურიშკევიჩის სიცრუემ მაინც გასჭრა და მისი სიტყვის სწორედ ორი კვირის შემდეგ, 26 ქრისტეშობისთვეს, მოვიდა სინოდიდან ბრძანება, ეპისკოპოს კირიონის კურიაჟის მონასტრიდან ტამბოვის ეპარქიის სანაქსარის მონასტერში გადასახლების შესახებ. "რისთვის, რა მიზეზია, რომ ამ ცივ ზამთარში უფრო ცივ, ყინვიან, უდაბურ მონასტერში მასახლებენ, რომელსაც რკინის გზაც არ უდგება და 80 ვერსი ეტლით არის გასავლელიო", - ჰკვირობდა კირიონი. კირიონმა გაუგზავნა სინოდს საპასუხო დეპეშა. სთხოვა, ნება მიეცათ პეტერბურგში მისვლისა, რომ გაეგო რაში იყო საქმე. ხელმეორედ მოვიდა დეპეშა: "სინოდს საჭიროდ მიაჩნია, რომ დაუყონებლივ გაემგზავროთ სანაქსარის მონასტერში". პეტერბურგში მისვლის ნება არ მისცეს.

 

ამ დეპეშის მიღების მეორე დღესვე ჩააყენეს სტრაჟნიკი საყარაულოდ, ირგვლივაც ეტყობოდა, რომ პოლიცია თვალყურს ადევნებდა ყველაფერს. ამან ცუდად იმოქმედა კირიონის გატეხილ ჯანზე და ძალიან დასუსტდა. სტუდენტების რჩევით, ხელმეორედ გაუგზავნა დეპეშა სინოდს, სთხოვდა: "რადგან ამ ჟამად შეუძლოდა ვგრძნობ თავს, მაისამდე მაცალეთ დანიშნულ ადგილას წასვლა ან არა და რომელიმე სამხრეთის მონასტერში მომეცით ბინაო." ამაზე უფრო მკაცრი პასუხი მოუვიდა: "ნაბრძანებია, დაუყონებლივ წახვიდეთ დანიშნულ მონასტერშიო." მეტი ჯანი აღარ იყო, დამორჩილდა ბედს და 10 იანვარს გაუდგა გზას. რადგან სუსტადა გრძნობდა თავს, გავყევი მეც მოსკოვამდის გასაცილებლად. ვამჩნევდი, რომ ყველგან, საცა კი წავიდოდით, უცხო პირები თვალს გვადევნებდნენ და კატორღელებსავით უკან დაგვდევდნენ.

 

მოსკოვში ვნახეთ პროფესორი ხახანაშვილი, რომელსაც ეპისკოპოსმა კირიონმა გააცნო თავისი ნაწარმოები. პროფესორი ხახანაშვილი კიდეც შეჰპირდა მის გამოცემას. ვინახულეთ აგრეთვე ცნობილი ნ. ნ. დურნოვო, რომელიც ძალიან სწუხდა იმის უდანაშაულოდ დასჯას და სხვადასხვა რჩევას აძლევდა. რაც დრო გადიოდა, კირიონი მით უფრო სუსტდბოდა, რისთვისაც 16 იანვარს, ნაშუადღევს, პირველ საათზე იგი გოლიცინის საავადმყოფოში დაწვა. 17 იანვარს საავადმყოფოში მისვლისთანავე შემატყობინეს, რომ ეპისკოპოსი წაიყვანესო. "ვინ, რად, სად?" განცვიფრებულმა ზედიზედ მივაყარე კითხვები მორიგე ექიმს, რომელმაც გადმომცა შემდეგი: "წუხელის, ღამის ორ საათზე, უნდოდათ წაეყვანათ ეპისკოპოსი პოლიციელებს, მაგრამ სამკურნალოს სამმართველომ არ შემოუშვა, ამიტომ დღეს, დილის რვა საათზე, მოვიდა ბოქაული თავისი ამალით და შეეკითხა ექიმს: შეუძლიან თუ არა ეპისკოპოსს გამგზავრებაო. ამაზე ექიმმა მიუგო, თუმცა ძალიან სუსტად არის, მაგრამ იქნებ შესძლოს მგზავრობაო". ამის შემდეგ ბოქაულმა უბრძანა ეპისკოპოსს, საჩქაროდ ჩაიცვით ტანისამოსი და ჩემთან ერთად წამოდითო. ჩასვეს კარეტაში და სად წაიყვანეს ან რისთვის, ჩვენ თვითონაც არ ვიცითო".

 

ჯერ პროფესორ ხახანაშვილს შევატყობინე ეს ამბავი და შემდეგ ნ. ნ. დურნოვოს, რომელიც მაშინვე გაექანა ამბის გასაგებად. პატარა ხანს უკან გავიგეთ, რომ სამკურნალოდან კირიონი პირდაპირ სადგურზე წაეყვანათ და ორი დარაჯით გაესტუმრებინათ სანაქსარის მონასტერში.

 

მესამე დღეს ხელმეორედ მივედით ნ. ნ. დურნოვოსთან. მოხუცი თითქმის სტიროდა ეპისკოპოს კირიონის ამნაირი სასტიკი მოპყრობის გამო, ამტყუნებდა ქართულ საზოგადოებას, რომ იგი არა ზრუნავს და რამე საშუალებას არა ხმარობს მის დასახსნელადაო. საჭიროა, ამბობდა ნ. ნ. დურნოვო, რომ ყველა ქართველი ეპისკოპოსი შეეკითხოს უმაღლეს მთავრობას, რათა სჯიან ასე სასტიკად ეპისკოპოს კირიონს და ან როდის მოეღება ბოლო ამ დევნასაო. აქვე გადმომცა, რომ დღეს მოსკოვის უნივერსიტეტის ინსპექტორის თანაშემწეს ბოგოიავლენსკის ელაპარაკნა ვოსტორგოვთან კირიონის უსაფუძვლო დევნაზე, და ვოსტორგოვს პასუხად უთქვამს: "я его утоплю и всю Грузию кровью залю". ამაზე მოსკოვის გაზეთის რომელიღაც თანამშრომელს ბ-ნ ბალაშოვს, რომელიც იმ დროს იქა ყოფილა, ეთქვა: "ეპისკოპოსმა კირიონმა ამ სიტყვებზე უჩივლოს ვოსტორგოვს და მე მოწმედ დამნიშნოსო".

 

ამის შემდეგ, უკან დაბრუნებისას, კურსკის სადგურზედ ჟანდარმებმა მეც დამიჭირეს, აქ პოლიციის მოხელემ ჩამომითვალა ჩვენი მგზავრობა და თან მუქარით მკითხა - "სთქვი, სადა და სად იყავით, თორემ დაგიჭერთო. სულ ერთია ჩვენ ყველაფერი ვიცითო". თუ იცით, მე მივუგე, მაშ რაღა საჭიროა ჩემი თქმა მეთქი. ჩვენება ჩამომართვეს და ბოლოს როგორც იყო გამიშვეს. ასე და ამნაირად დაბოლოვდა ეპისკოპოს კირიონის მგზავრობა.

 

კირიონის დასაცავად აქტიურად იბრძოდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა. ეპისკოპოს კირიონის სანაქსარის უდაბნოში გადასახლების გამო აკაკი წერეთელი გულისტკივილით აღნიშნავდა: "კირიონის ამბავმა ლახვარი გამიყარა! რაც იმედები მქონდა, სულ გამიქარწყლდა, მაგრამ ახლა ამაზედ გლოვის დრო არ არის! კაცმა უნდა წამხდარი საქმე კიდევ უკეთ მოაგვაროს. მაგ საქმის მოგვარება სასიკეთოდ ადვილად შეიძლება, მხოლოდ ცდა უნდა და ცოტაოდენი გამჭრიახობა. თავს არ დავზოგავ, წავალ პეტერბურგში და თუ ჩემი არ გავიტანე, ცოცხალი აღარ დავბრუნდები და მტრებს კი არ გავახარებ. მე ვიცი, როგორც უნდა გამოტრიალება საქმის. აქ საჭიროა მარჯვე კაცი". აკაკი წერეთელმა თავის დროზე მაღალი შეფასება მისცა კირიონისა და გრ. ყიფშიძის ავტორობით გამოქვეყნებულ ქართული სიტყვიერების თეორიის სახელმძღვანელოს. "ეს სახელმძღვანელო წიგნი შესანიშნავი მოვლენაა და ქართულ ოჯახებში აუცილებლად განძად შესატანი. ამის შემდგენებს არ ჰკლებიათ არც ცოდნა და არც ბეჯითობა, არც სხვა რამ, რაც კი საჭიროა ამგვარი სახელმძღვანელოს შესადგენად". საყურადღებოა ალექსანდრე ხახანაშვილის წერილი კირიონისადმი­. "არ ვიცი, როგორ მოგმართო: ძველებურად, თუ იმ სახელით, რომელიც დაირქვი, ძმაო გიორგი და მამაო კირილე! წმინდა საქმეა ბერობა და მორწმუნე კაცის გულს სასოებით ავსებს. მე ამ შენს სარწმუნოებრივ საქციელს ვუყურებ ქვეყნიური თვალსაზრისითაც. მე მწამს, რომ შენ, როგორც მამულის მოყვარეს, გაგიძრახავს თავი შესწირო სასულიერო სამსახურს ქართველი ტომის სადიდებლად და შეიმოსე ბერად იმ დროს, როდესაც შენი ასაკის კაცი კიდევ ღელავს და სწყურის სიამოვნება, ტრფიალება, თავისუფლება. თაყვანს ვსცემ ყოველ ნაბიჯს ჩემი თანამემამულისას, რომელიც გამსჭვალულია სამსახურის აზრით სამშობლო ნიადაგზედ და ამიტომ გილოცავ ახალს ასპარეზზედ გამოსვლას და გისურვებ პირნათლად ღვთისა და კაცთა წინაშე შეგესრულებინოს შენი მოვალეობა".68 მართლაც პირნათლად შეასრულა მან თავისი მოვალეობა.

 

ეპისკოპოს კირიონს, უწმიდესსა და უნეტარეს კირიონ II-ს თავისი თავგანწირული მოღვაწეობის გამო ბევრი პატივისმცემელი ჰყავდა როგორც რუსეთში, ევროპაში, ისე თავის მშობლიურ საქართველოში, მაგრამ არც მტრები აკლდა...

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ