დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„არაფორმალური დასაქმება სულ უფო მეტად უნდა მოექცეს ფორმალური რეგულირების ელემენტარულ რეჟიმში - საქმიანობაზე მინიმალური სარეგისტრაციო მოსაკრებლის დაწესებით“ 13.06.2020 00:13

გიორგი ცუცქირიძის ბლოგი:

 

დღეს ერთ-ერთ პრობლემად თვითდასაქმების და ზოგადად, არაფორმალური დასაქმების საკითხი უნდა მივიჩნიოთ. დიდწილად სწორედ ამ პრობლემის გამო, ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ვერ მოხერხდა თვითდასაქმებულთა ცალკეულ კატეგორიებზე (სოფლად დასაქმებული ადამიანები, ძიძები, ოჯახის მძღოლები, ხელოსნები, მუსიკოსები თუ დამლაგებლები), უფრო მოქნილი დახმარების მექანიზმების გამოყენება. ბუნებრივია, არაფორმალურად დასაქმებულ პირებს, რომლებიც არ არიან მოქცეული საგადასახადო რეჟიმში, შესაბამისი სამეწარმეო სტატუსის არ ქონის გამო, უჭირთ რაიმე ფორმალური საბუთის წარდგენა სახელმწიფოსაგან ერთჯერადი ფინანსური დახმარების მისაღებად კონიუნქტურის გაუარესების გამო, შემცირებული სამეწარმეო შემოსავლის კომპენსაციისათვის. თვითდასაქმებულების პრობლემას ისიც აძლიერებს, რომ ხშირ შემთხვევაში დამსაქმებელსა და დასაქმებელს შორის ურთიერთობა არ არის კონტრაქტით დარეგულირებული, რაც თავისებური გარანტია იქნებოდა ასეთ სიტუაციაში. ბუნებრივია, საკონტრაქტო ურთიერთობის პირობებში, ეს ყველაფერი ასახვას ჰპოვებდა საგადასახადო ანგარიშებზეც პირდაპირი თუ ირიბი სახით.ამასთან ერთად აისახებოდა პიროვნების სამუშაო სტაჟზეც ,რომელიც მას დაეხმარებოდა უმუშევრად დარჩენისას უმუშევრობის დახმარების მისაღებად და შემდგომში საპენსიო უზრუნველყოფისათვისაც.

 

მაგალითად, როცა მოყავთ აშშ და ევროპის ქვეყნები, როდესაც შედარებით დაბალ შემოსავლიან ფენებს გაეწიათ ერთჯერადი დახმარების პაკეტები იგივე აშშ-ში, ან საბერძნეთში, რატომღაც არ ითვალისიწინებენ, ჩვენთან შედარებით, ამ ქვეყნების ეკონომიკის სიძლიერეს და მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებს მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით. რაც მთავარია, ამ ქვეყნებთან შედარება, არც იმ გარემოებას ითვალისწინებს, რომ აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში მოქმედებს არა ჩვენსავით საარსებო შემწეობა სოციალურად დაუცველი ფენებისათვის, არამედ უმუშევრობის დაზღვევა და უმუშევრობის შემწეობა. უმუშევრობის შემწეობა, როგორც წესი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქის მინიმალურ მოთხოვნილებებს უზრუნველყოფს. ე.ი. სამსახურის არ ქონის გამო ფინანსურ დახმარებას გულისხმობს და უმუშევარი პირისა და მასზე დამოკიდებული ოჯახის წევრების სიღარიბისგან დაცვის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. უმუშევრობის დაზღვევა კი დამოკიდებულია ხელფასის ოდენობასა და სადაზღვევო შენატანების მოცულობაზე. ის უმუშევრობით გამოწვეული შემოსავლის ერთგვარი ჩანაცვლების მექანიზმია ახალი სამსახურის დაწყებამდე, ერთგვარი დაზღვევაა ერთი სამუშაოდან მეორეზე გადასვლის, ხელფასის არქონის პერიოდში, ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

 

ნიშანდობლივია ისიც რომ, ხანგრძლივი უმუშევრობის შემთხვევაში საერთაშორისო პრაქტიკით სახელმწიფომ უმუშევრობის შემწეობის გაცემა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 6 თვისა. ეს პერიოდი კი გამომდინარეობს იქიდან, რომ ყველა სამუშაოს მაძიებელს უნდა ჰქონდეს საშუალება ახალი სამსახურის მოძიებასთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს პროფესიული გადამზადების პროგრამებში. ჩვენთან უმუშევრობის დახმარების და არც დაზღვევის პრაქტიკა ჯერ არ გვაქვს თუ არ ჩავთვლით სოციალური შემწეობას, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და შინამეურნეობების უკიდურესი სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტია და დამოკიდებულია შინამეურნეობის წევრების რაოდენობასა და სტატუსზეა (ასაკი, შშმ პირები, სხვა). აქედან გამომდინარე, ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში უმუშევრობის პერიოდში შემწეობის მიმღებ პირს ისედაც აქვს მინიმალური საარსებო წყარო, ანუ ამ ერთჯერადი დახმარების მიღების შემდეგაც აქვს შემოსავალი, რაც მის სიღარიბისაგან მოწყვლადობას აზღვევს.

 

ამიტომ, გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რომ არაფორმალური დასაქმება სულ უფო მეტად მოექცეს ფორმალური რეგულირების ელემენტარულ რეჟიმში - საქმიანობაზე მინიმალური სარეგისტრაციო მოსაკრებლის დაწესებით, რაც მათ საქმიანობას სახელმწიფო სოციალური დაცვის ქოლგის ქვეშ მოაქცევს. თავის მხრივ, სახელმწიფო, მიიღებს რა უფრო სრულ ინფორმაციას ამ კატეგორიის პირთა ეკონომიკურ საქმიანობასა და გეოგრაფიულ-რეგიონულ ჭრილში, შეძლებს უფრო აქტიური და ეფექტიანი მიზნობრივი სოციალურ-ეკონომიკური, მათ შორის დასაქმების პოლიტიკის გატარებას, და შესაბამისად, ამ კატეგორიის პირთა დახმარების მასშტაბების გაზრდასაც.

 

კოვიდ 19 -ის პანდემიურმა მაშტაბებმა დაგვანახა, რომ კრიზისები ხვალაც შეიძლება მოხდეს, და სამწუხაროდ, ამის ალბათობა მცირე ნამდვილად არ არის. სიმბოლური სარეგისტრაციო გადასახადის შემთხვევაში ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნებოდა ის ვნებათღელვა, რომლებიც უკავშირდება ხელისუფლების მიერ სოციალური დახმარების პაკეტების რეალიზაციას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ