ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
პოლიტიკური უზრდელობა
"დამატებით, არსებული სანქციები არასაკმარისად არის მიმართული პუტინის უცხოელი მეგობრების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს. ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში," - წერია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრ რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში სახელწოდებით – „ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“.
ანგარიშის ავტორები არიან კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი და კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ჯო უილსონი.
დოკუმენტს ხელს აწერს 13 რესპუბლიკელი კონგრესმენი: რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ჯონსონი, სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ჯო უილსონი, ასევე, კონგრესმენები რობ უიტმანი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეიკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, კლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ ვო.
მიაქციეთ ყურადღება ამ ფრაგმენტს. უნდა დავშალოთ:
"ბიძინა ივანიშვილი, უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში."
ანგარიშის ავტორები და ხელმომწერები ბიძინა ივანიშვილს "უმდიდრეს ადამიანად" მოიხსენიებენ, რაც ფაქტია. და იქვე ამ "სიმდიდრეს" მოაყოლეს, რომ "პუტინის ახლო მოკავშირეა".
ჰოდა, აბა, რა, - თუ "უმდიდრესი ადამიანი" და თან "პუტინის ახლო მოკავშირე" ხარ, ეს "სიმდიდრე" და "მოკავშირეობა" რამეში ხომ უნდა გამოგადგეს?!
თუ ვერ მოიფიქრებ, ეს "სიკეთეები" როგორ მოიხმარო, აგერ არიან ამერიკელი კონგრესმენები და დაგეხმარებიან, რა პრობლემაა?!
თხოვნაც არ სჭირდებათ. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა (უფრო სწორედ, ბევრს მოუსმინეს თუ ცოტას, ანდა ბევრი "დანოსი" წაიკითხეს, თუ ცოტა), ჩამოაგვირისტეს: უნდა ჩაერთო "რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში."
ახლა რა ხდება:
პუტინი ხომ იცით, ვინც არის?
ამერიკელმა კონგრესმენებმაც იციან!
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია!
ივანიშვილი ვინ არის!
კონგრესმენებმა იციან, რომ "უმდიდრესი ადამიანია"!
ისიც იციან, რომ "საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა"!
ჰოდა, ერთმანეთს დააკავშირეს ეს "უმდიდრესი ადამიანი" და რუსეთის პრეზიდენტი!
რატომ უნდა დაუკავშირდეს ეს ორი ადამიანი ერთმანეთს?!
ამერიკელ კონგრესმენებს ბევრი ფიქრი არ დაუწყიათ (არ სჭირდებათ!) და უცბად დაასკვნეს:
ეს ორი ადამიანი უნდა გააერთიანოს ერთმა ინტერესმა: "რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციამ"!
აბა, როგორ?!
ჰოდა, ამ კონგრესმენებს არ უთხრეს, ან იციან, მაგრამ ვითომ არ იციან, რომ ბიძინა ივანიშვილი, გარდა იმისა, რომ "უმდიდრესი ადამიანია", ამავდროულად არის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე!
ანუ ბიძინა ივანიშვილი იმ პარტიის თავმჯდომარეა, რომელიც უმრავლესობით არის წარმოდგენილი პარლამენტში, ეს უმრავლესობა კი ამტკიცებს მთავრობას - აღმასრულებელ ხელისუფლებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, გენერალურ პროკურორს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს, ცესკოს თავმჯდომარეს და ა. შ. ანუ ყველა შტოსა და სტრუქტურას ლეგიტიმაციას აძლევს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი, სადაც უმრავლესობა აქვს იმ პარტიას, რომლის თავმჯდომარეც არის ბიძინა ივანიშვილი!
ამერიკელი კონგრესმენები ამაზე არაფერს წერენ, - მათთვის ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ "უმდიდრესი ადამიანია"!
ახლა მეორე მხრიდან შევხედოთ.
მხოლოდ ორი პროექტი გავიხსენოთ (სხვათა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, იმდენია!) და დავასახელოთ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი და ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი!
ამ ორს იმიტომ ვწერ, რომ ახლაა დასრულების ეტაპზე.
ჰოდა, ადამიანი, რომელიც უზარმაზარ ფულს ხარჯავს ამ (და სხვა უამრავ!) საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პროექტებზე, რატომ მოინდომებს "რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციას"?!
დესტაბილიზაცია ხომ, ათწლეულების განმავლობაში რაც გიკეთებია, ყველაფერ იმის მოსპობას და განადგურებას გამოიწვევს ხელისუფლების დაკარგვასთან ერთად?!
რატომ უნდა მოუნდეს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, უმდიდრეს ადამიანს მილიარდების დახარჯვა უამრავი პროექტის განსახორციელებლად, თუკი "ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში"?!
და თუ მაინც ხარჯავს, რატომ მოუნდება "რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაცია"?!
ამაზე ამერიკელ კონგრესმენებს არ უფიქრიათ.
ანდა ფიქრობენ, რომ ჩვენ ფიქრისა და აზროვნების უნარი არ გვაქვს და ელემენტარული შეკითხვები არ გაგვიჩნდება!
ასეთი წარმოდგენა აქვთ, - ჩვენ ხომ განვითარებადი ქვეყნის მოქალაქეები ვართ მესამე სამყაროდან!
აი, ამ აზრის განმტკიცებაში ეხმარება ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი, როცა კონგრესმენების ამ ანგარიშს ისე წარმოგვიდგენენ, როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტს, როგორც თავის დროზე ბოლშევიკებს და შემდეგ უკვე კომუნისტებს ჰქონდათ ლენინის "აპრილის თეზისები"!
ეს არის მონური ფსიქოლოგია!
ამერიკელმა კონგრესმენებმაც და ევროპელმა დეპუტატებმაც უნდა იცოდნენ:
ჩვენ პატივს ვცემთ მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს და მათგან რჩევებსაც მივიღებთ, ოღონდ არა ისეთ ტყუილს, როგორიც ამ ანგარიშშია, თითქოს საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე "ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში"!
ძვირფასო კონგრესმენებო!
ეს აღარც სუვერენიტეტის ხელყოფა და ზეწოლის მცდელობაა და აღარც ტყუილის ტირაჟირება!
ეს ელემენტარული უზრდელობაა!
პოლიტიკური უზრდელობა!
ნურც იკადრებთ და ნურც გვაკადრებთ!"- წერს ის.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge