დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"აბიტურიენტები ერთმანეთს ეჯიბრებიან და არა - წინა წლის გამოსაცდელებს, რომლებმაც პირბადის გარეშე წერეს“ 22.06.2020 17:25

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, წელს სრულიად განსხვავებული  ფორმატით ჩატარდება. გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრიერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია მოიტანოს საკუთარი პირბადე). აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგსგამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით: 

 

§   მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;

§   მუდმივად ეკეთოთ  პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;

§   მითითების შემთხვევაში  დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;

§   თან  იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (. . ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

 

მისაღები გამოცდების სპეციფიკისა და საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების საპასუხოდ, „ჯორჯიან თაიმსი“  გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა:

 

-         რამდენად ეფექტურად იმუშავა განათლების სამინისტრომ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა და ჯანდაცვის სამინისტორომ წლევანდელი მისაღები გამოცდებისათვის? შესაძლებელი იყო თუ არა აბიტურიენტებისათვის ალტერნატიული, უფრო კომფორტული საგამოცდო გარემოს შექმნა, მაგალითად, ღია სივრცის მოწყობა და მათი 2 მეტრიანი დისტანციით განთავსება?

 

სამივე უწყებამ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გამოსაცდელთათვის, უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხო, ხოლო შემდეგ, რამდენადაც შესაძლებელია ამ მოცემულობაში, კომფორტული საგამოცდო პირობები შეექმნა. ცხადია, განვიხილეთ არაერთი ვერსია და  გავეცანით სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც.

 

ჩვენს შემთხვევაში საგამოცდო ღია სივრცის მოწყობა გაუმართლებელი იქნებოდა, რადგანაც მოგეხსენებათ, გამოცდები ზაფხულში ტარდება. ღია ცის ქვეშ კი გამოსაცდელებს ვერ ჩავუტარებთ გამოცდებს ზაფხულის  სიცხის გათვალისწინებით.

 

რაც შეეხება სხვა ვერსიებს, მაგალითად, დარჩენილ რამდენიმე თვეში საგამოცდო სისტემის შეცვლას, გამოცდების ონლაინ ჩატარებას, ერთიანი ტესტით ჩაბარებას და ა.შ. - ცხადია, ყოველ მათგანზე ვიმსჯელეთ, თუმცა ამ მსჯელობის შედეგად არცერთი არ მივიჩნიეთ ამ ეტაპისათვის გონივრულ და საუკეთესო ალტერნატივად.

 

კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში და შესაძლებლობის ფარგლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ პროცესმა ხელი ნაკლებად შეუშალოს გამოცდაში მონაწილეებს ცოდნისა და უნარების გამოვლენაში. გვესმის, რომ ეს არავისთვისაა კომფორტული - არც გამოსაცდელებისთვის, არც საგამოცდო ცენტრებში მომუშავე პირებისთვის, მაგრამ, არ გვაქვს უფლება, რომ არ დავემორჩილოთ ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებს, როცა საქმე ათიათასობით გამოსაცდელისა და პროცესში ჩართული ადამიანების ჯანმრთელობას ეხება.

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ შემთხვევაში ყველა გამოსაცდელი თანაბარ პირობებში  იქნება- ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან და არა, მაგალითად, წინა წლის გამოსაცდელებს, რომლებმაც გამოცდები პირბადის გარეშე წერეს. 




-   აბიტურიენტებს მეორე სემესტრიდან მოუხდათ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება, რაც, სპეციალისტების განმარტებით, არც თუ ისე ეფექტურია. აქედან გამომდინარე, საუბარი იყო იმაზე, რომ მეორე სემესტრის მასალა გამოცდებიდან უნდა მოხსნილიყო. რატომ არ მოხერხდა ეს?


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ტესტები უფრო მეტად ორიენტირებულია აბიტურიენტების სააზროვნო უნარების შემოწმებაზე, ვიდრე კონკრეტული მასალის ზედმიწევნით ცოდნის გამოვლენაზე, შესაბამისად, საგამოცდო პროგრამის შემცირება სრულიად აზრს მოკლებული იქნებოდა.



-   დახვდებათ თუ არა აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებში საწერი კალმები? გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გამოცდებზე საკუთარი კალმებით უნდა გამოცხადდნენ.

უსაფრთხოებისათვის აბიტურიენტებს ჩვენ ვურჩევთ ადგილზე იქონიონ საკუთარი გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით, თუმცა, თუ არ ექნებათ, ცხადია ,კალმებს მათ დავახვედრებთ, როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხოების წესებს დაშესაბამისად, სხვა ნივთებთან ერთად (ლეპტოპები, ფარი და ა.შ.) მოხდება ყოველი სესიის დაწყებამდე და მის შემდგომ  კალმების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით გაწმენდაც.

 

-    უნდა ველოდეთ თუ არა კიდევ რაიმე სიახლეს 2020 წლის მისაღებ გამოცდებზე? თუ იგეგმება რაიმე, რომ დავაანონსოთ.

სიახლეები, რომლებიც საგამოცდო ტესტების შინაარსობრივ ნაწილს ეხებოდა, უკვე როგორც უკვე გითხარით, უცვლელი რჩება  ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატი.


/თამუნა დუღაშვილი/

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ