და მაინც რა მოხდა მცხეთში, რას ემსხვერპლა 19 წლის ბიჭი? - როგორც ამბობენ, ის უკონფლიქტო და წესიერი ადამიანი იყო. კლუბ "საბურთალოს" ფეხბურთელი ბევრს ვარჯიშობდა და დიდი გეგმები ჰქონდა.
იმ დღეს გიორგის მეგობარი გოგონას დაბადების დღის აღსანიშნავად, ახალგაზრდებმა სახლი ქალაქთან ახლოს, მცხეთაში იქირავეს და დღესასწაულის მოწყობა ასე გადაწყვიტეს. როგორც ამბობენ, გიორგი სუფრაზე მოგვიანებით მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, წვეულებაზე კონფლიქტი მოხდა. ამ საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის ადვოკატი, მზია ქასრაშვილიც ადასტურებს, რომ წვეულებაზე, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი და გიორგი შაქარაშვილი იმყოფებოდნენ, ჩხუბი მოხდა. როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ახსოვს გიორგი შაქარაშვილი ჩხუბში მონაწილეობდა თუ არა.
"ერთ-ერთ გოგონას დაბადების დღე ჰქონდა და მან კერძო, ნაქირავებ სახლში, დაახლოებით, 35-40 კაცი დაპატიჟა. მათგან ზოგი ერთმანეთს იცნობდა, ზოგი - არა. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა რამდენიმე ადამიანი საერთოდ პირველად ნახა. როგორც ის ამბობს, ადამიანები, რომლებიც მას იქ დახვდნენ როცა მივიდა, მთვრალები იყვნენ. ის დაახლოებით 5-10 კაცთან ერთად მივიდა. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნავს, მხიარულობის პროცესში მათ გარედან ჩხუბის ხმა გაიგონეს და გარეთ გავიდნენ. რატომ მოხდა ეს კონფლიქტი და ვის შორის მოხდა, არ ვიცით. ამის შემდგომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მასთან ერთად წვეულებაზე მისული პირები წამოვიდნენ. ჩხუბი მორჩენილი იყო. შემდეგ სხვა მანქანა მისულა და ამ ავტომობილიდან გადმოსულმა პირებმა იქ დარჩენილი ბიჭები სცემეს. ვინ არიან მეორე მანქანით მისული პირები, რა შურისძიების წყურვილი ჰქონდათ ან რა გარჩევა იყო, როდესაც მივიდნენ, არ ვიცი. როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვკითხე, ჩხუბის დროს იყო თუ არა იქ გიორგი, მან მიპასუხა, რომ მას შაქარაშვილი არ დაუნახავს", - განაცხადა მზია ქასრაშვილმა...
გიორგის გაუჩინარების შესახებ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა, იყო ლაპარაკი, რომ თითქოს ის მცხეთში შეყვარებულის სანახავად ჩავიდა, რასაც თითქოს კონფლიქტი მოჰყვა, თუმცა ახლობლების თქმით, ეს მხოლოდ ჭორებია და რეალობასთან კავშირი არ აქვს. გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის თქმით, საქმეში მონაწილე პირების ძირითადი ნაწილი უკვე დაკითხულია. ჩვენი ინფორმაციით, ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება 3 არასრულწლოვანი, რომელთა მიმართ გამოძიებას განსაკუთრებული ინტერესი აქვს. გიორგის ახლობლები და მეგობრები კი სოციალურ ქსელში უკვე წერენ, რომ დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. იმედია, სამართლადამცავები დროულად გაარკვევენ რა მოხდა და რას ემსხვერპლა ახალგაზრდა.
"კვირის პალიტრა"
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge