დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„გიორგის არ მიუღია მონაწილეობა დაპირისპირებაში, მეტიც, ცდილობდა, გარიდებოდა ამ დაპირისპირებას და ამ მცდელობის ჟამს მოხდა ის უბედური შემთხვევა“ 22.06.2020 21:52

დაპირისპირებული მხარეებიც აღნიშნავენ, რომ გიორგი შაქარაშვილს არ მიუღია მონაწილეობა დაპირისპირებაში, - ამის შესახებ “პალიტრანიუსს” "საბურთალოს" გუნდის ხელმძღვანელმა, ტარიელ ხიჩიკაშვილმა გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ის ცდილობდა, რომ კონფლიქტს გარიდებოდა, რაც ვერ შეძლო.

 

“გიორგი იყო, მიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი, საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი, ძალიან კარგი აღზრდილი, ამიტომ გამოვრიცხავ, რომ გიორგის ეთავა ან მიეღო მონაწილეობა ამ დაპირისპირებაში. ამას დაპირისპირებული მხარეებიც აღნიშნავენ, რომ გიორგის არ მიუღია მონაწილეობა, მეტიც, სწორედ ჰქონდა მცდელობა, რომ გარიდებოდა ამ დაპირისპირებას, ამ მცდელობის ჟამს მოუწია ისე, რომ მოხდა ის უბედური შემთხვევა, როგორც ხსნიან და ეს არის ძალიან ცუდი, რომ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბავშვი გამოგვეცალა, რომელსაც შეეძლო, საქართველო, თავისი ოჯახი ესახელებინა, ყველა დაგვამწუხრა. ჩვენ "საბურთალო" ერთი დიდი ოჯახი ვართ.

 

პირველი არ არის ეს შემთხვევა და იმედია, დაგვაფიქრებს ეს უფროს თაობას და მე მაინც მგონია, რომ თითოეულ ჩვენგანს მცირე წვლილი მაინც მიგვიძღვის იმ სავალალო მდგომარეობაში, რაც ახალგაზრდა თაობაში არის ამ სახით, რომ არის აგრესია და ეს აგრესია მოდის ჩვენს ყოველდღიურობაში. იქნებ დავფიქრდეთ და ერთმანეთის გაუთავებელ ლანძღვას, ქიშპობას შევეშვათ, რომ ბავშვებს სწორი მაგალითი მივცეთ და ერთმანეთის გაფრთხილება მათაც ისწავლონ. ფაქტობრივად არაფრის გამო ხდება დაპირისპირება და შემდეგ ეს ყველაფერი როგორ მთავრდება, კარგად ხედავთ”, - განაცხადა გუნდის ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, ექსპერტიზა დაადგენს რეალურად რა და როგორ მოხდა. რაც შეეხება თვითმკვლელობის ვერსიას, ხიჩიკაშვილი ამას გამორიცხავს, რადგან, მისივე თქმით, გიორგი მორწმუნე იყო და ასეთ რამეს არ გააკეთებდა.

 

ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში დღეს იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ