დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ევროკავშირი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, მდგრადი ენერგიის კვირეულს იწყებს 22.06.2020 22:08

„კრიზისის მიღმა: სუფთა ენერგია მწვანე აღდგენისა და ზრდისათვის“ - ევროკავშირი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, მდგრადი ენერგიის კვირეულს იწყებს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, საინფორმაციო კამპანია „ევროკავშირის მდგრადი ენერგიის კვირეული“ 26 ივნისის ჩათვლით გაიმართება . მათივე ინფორმაცით, COVID-19-თან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეკომენდაციებიდან გამომდინარე, კამპანიის აქტივობების უმეტესობა ჩატარდება სოციალური, სამაუწყებლო და ონლაინ მედია პლატფორმების მეშვეობით. „მდგრადი ენერგიის კვირეულისთვის“ მომზადებული საინფორმაციო აქტივობები მოიცავს სხვადასხვა ფაქტებსა და ციფრებს, ვიდეორგოლებს განხორციელებული პროექტების შესახებ, სასარგებლო რჩევებსა და სხვა საინფორმაციო მასალებს. „ევროკავშირის მდგრადი ენერგიის კვირეული“ სექტორის ყველა მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას, წარმოაჩინოს განხორციელებული სამუშაოები და ხელი შეუწყოს პოზიტიურ ცვლილებებს. 

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მიერ ენერგიის მარაგის, უსაფრთხოებისა და კავშირების გაუმჯობესებას. “აშკარაა, რომ აღარ გვაქვს იმის ფუფუნება განვაგრძოთ ცხოვრება გარემოს ხარჯზე - ბუნებრივი რესურსების ამოწურვით, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებით. ევროკავშირი ყოველწლიურად ატარებს მდგრადი ენერგიის კვირეულს, რათა აამაღლოს ცნობიერება და ხაზი გაუსვას იმ ცენტრალურ როლს, რომელსაც ენერგია ასრულებს. აქ ორი ძირითადი გზავნილია: შემცირდეს ენერგიის მოხმარება და წიაღისეული საწვავი „მწვანე“ ენერგიით ჩანაცვლდეს. ორივე გზას აქვს როგორც გარემოსდაცვითი, ასევე ფინანსური დადებითი მხარეები. საქართველოს გააჩნია სუფთა ენერგიის აუთვისებელი რესურსები, რომელთაც აქვთ პოტენციალი, რომ ჰაერი უფრო სუფთა და უსაფრთხო გახადოს, შეაჩეროს გლობალური დათბობა, გააუმჯობესოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას.

 

ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მიერ ენერგიის მარაგის, უსაფრთხოებისა და კავშირების გაუმჯობესებას, ისევე როგორც ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის განვითარებას. ჩვენ ვეხმარებით ქვეყანას მისი ენერგეტიკული სექტორის რეფორმაში, რათა ენერგიის მარაგი უფრო საიმედო, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი გახდეს, როგორც თითოეული ოჯახისთვის, ასევე ბიზნესისთვის. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და მივულოცო საქართველოს ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უფრო მდგრადი და მწვანე საქართველოსკენ!“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მდგრადი ენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად. „ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირისა და საერთაშორისო დონორების მხარდაჭერას საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის გზით საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით მდგრადი განვითარება, ენერგოეფექტურობის დანერგვა საყოფაცხოვრებო და კომერციულ სექტორებში, ენერგობაზრის ლიბერალიზაცია, სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა და სხვ. 2006 წელს ევროკომისიის მიერ დაფუძნებულ მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს საქართველო მალევე შეუერთდა და მას შემდეგ ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ მას სხვადასხვა აქტივობებით. კვირეული კარგი საკომუნიკაციო პლატფორმაა ხალხთან ეფექტური დიალოგის წარმოებისთვის, რათა მოვუთხროთ, რას ვაკეთებთ ქვეყნის უსაფრთხო ენერგეტიკული მომავლისთვის და მოვისმინოთ მათი შეფასებები და შეხედულებები. წელს მას კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა იმყოფება ზემოხსენებული რეფორმების აქტიურ ფაზაში, რაც გულისხმობს ენერგეტიკის სექტორში უკვე მიღებული ახალი კანონებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა თუ ღონისძიებების დანერგვის პროცესს.

 

მდგრადი ენერგეტიკის განვითარება უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მისაღწევად. ჩვენი ქვეყანა, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ლიდერია განახლებადი ენერგეტიკული რესურსების სიჭარბით, მის მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს. ჩვენ ვახორციელებთ დაბალანსებულ ენერგეტიკულ პოლიტიკას, რომლის ფარგლებში ახალი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელურად, გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობისა და ენერგოდაზოგვის ღონისძიებების მხარდაჭერა და ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება და ამ კუთხით ახალი ევროპული ტექნოლოგიების დანერგვა.

 

ენერგოეფექტურობისა და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გამოყენების წახალისების კუთხით მიღებული კანონმდებლობა, ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რათა ქვეყნის ენერგეტიკა უფრო კონკურენტული და მიმზიდველი გახდეს. ენერგიის განახლებადი წყაროების მაქსიმალური ათვისება და ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა გარემოზე ზემოქმედების შემცირებასთან ერთად ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინაპირობაცაა. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული საქმიანობა უმნიშვნელოვანესია არამხოლოდ ენერგეტიკული დარგის არამედ ზოგადად ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის" , - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მათივე ინფორმაციით, 2006 წელს ევროკომისიის ინიციატივით წამოწყებული ევროკავშირის მდგრადი ენერგიის კვირეული, ყოველწლიურად კრებს ასობით ორგანიზაციას და ადამიანს, როგორც ევროპაში, ასევე მის ფარგლებს მიღმა, რათა ხელი შეუწყოს გამოცდილების გაცვლას და ახალი იდეების წახალისებას სათბურის აირების გაფრქვევის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის საკითხებთან დაკავშირებით, ევროკავშირის კლიმატისა და ენერგიის მიზნების მისაღწევად.

 

საქართველო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ენერგოეფექტურობის განვითარების, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით. საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილის (INDC) დოკუმენტის მიხედვით ქვეყანას დაგეგმილი აქვს 2030 წლისათვის, 15%-ით შეამციროს სათბურის აირების გაფრქვევა ჩვეულებრივი ბიზნესის განვითარების სცენართან შედარებით. საქართველოს ენერგეტიკის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა განახლებადი ენერგიის რესურსების განვითარებას, მდგრადი ენერგიის წარმოებასა და გამოყენებას, ასევე ენერგოეფექტურობის მიდგომების დანერგვას. ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად, საქართველოს უწყებები მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც მნიშვნელოვანია როგორც სათბურის აირების გაფრქვევისა და გარემოს დაბინძურების შემცირების , ასევე ქვეყანაში იაფი, უსაფრთხო და მდგრადი ენერგიის წარმოების თვალსაზრისით. ამ ყველაფრის სარგებელი კი საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდაა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ