დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"პუტინის ისტორიულ მინიშნებებს რუსეთის მეზობელი სახელმწიფოები მთელი სერიოზულობით უნდა მიუდგნენ" 24.06.2020 11:59

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"პუტინის მორიგ განცხადებებთან დაკავშირებით ისტორიის დამახინჯების და გადახედვის შესახებ


პირველად ჩვენი/ჩემი ყურადღება პუტინის მხრიდან ისტორიის მიზანმიმართულმა დამახინჯებამ შარშან მიიქცია, როცა გაბუნიას გამოხტომის შემდეგ, ერთი მხრივ საავიაციო ემბარგო გამოგვიცხადა, მეორე მხრივ "შეგვიწყალა" ქართველი ხალხი და ეკონომიკურ სანქციებზე უარის თქმის მიზეზი ახსნა.


თუმცა, აქვე, ისტორია დაამახინჯა აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებაში (იხ. ვიდეო https://youtu.be/1AbGWL2BIsY ). მაშინ დავწერე, რომ პუტინმა ისტორიული ნაღმი გვესროლა, რაც ეკონომიკურ სანქციებზე უარესია.


ასევე შარშან, კრემლის მწვავე რეაქცია მოჰყვა ტრამპის განცხადებას მეორე მსოფლიო ომთან მიმართებაში, როცა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მე-2 მსოფლიო ომში დიდ ბრიტანეთთან ერთად გაიმარჯვეს.


რუსეთში კარგად იციან, რომ მსგავსი პოზიციების დაფიქსირება ამ 7 ათეული წლის მანძილზე პირველი არ იყო. სასკოლო თუ სხვა საძელმძღვანელოებშიც, ყველა ქვეყანაში, მე-2 მსოფლიო ომის შეფასებებთან დაკავშირებით, განსხვავებული მიდგომები არსებობდა.


თუმცა, კრემლის გაღიზიანება გაზვიადებულად მწვავე იყო და მუდმივად აცხადებდნენ, რომ ისტორიის გადაწერა მათთვის მიუღებელია.


მე-2 მსოფლიო ომის თემა რუსეთისთვის ორი მთავარი მიზნით გამოიყენება:


1. პროპაგანდა, როგორც შიდა, ასევე საგარეო მოხმარებისთვის, გამარჯვების თემის ირგვლივ საზოგადოების, ასევე სხვა ქვეყნების შეკვრა.


2. მე-2 მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიოს მოწყობის/წესყობილების, როგორც ეძახიან, იალტა-პოტსდამის საერთაშორისო სისტემის შენარჩუნება, ან მისი გადახედვის შემთხვევაში, მაქსიმალური დივიდენდების მიღება.


ბოლო 2 საუკუნის მანძილზე, ამ სისტემამ ყველა მანამდელ მოდელებზე დიდხანს იმუშავა. მუდმივი არაფერია და, ალბათ, მსოფლიოს მსხვილი მოთამაშეები, ოდესმე, დასხდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან.


სანამ ეს მოხდება, რუსეთი საფუძველს იმზადებს. თუ გაანალიზებთ ბოლო თვეების წამყვან ტოკ-შოუებს, ისტორიის თემა აშკარად გააქტიურებულია.


ზუსტად ამ ტენდენციაში ჯდება პუტინის ახალი სტატია "გამარჯვების 75 წლისთავი: საერთო პასუხისმგებლობა წარსულის და მომავლის წინაშე".


არ შევუდგები სტატიის განხილვას. დაინტერესებულებს შეგიძლიათ წაიკითხოთ (იხ. ბმული http://kremlin.ru/events/president/news/63527 ). სტატია ზუსტად მე-2 მსოფლიო ომის წინა პერიოდს და მის შედეგებს ეხება.


ამავე, ანუ ისტორიულ ჭრილში იყო მნიშვნელოვანი პუტინის ინტერვიუ რადიო თავისუფლებასთან, სადაც უკვე საბჭოთა კავშირის შექმნასა და მის დაშლაზე ისაუბრა.


ამ ინტერვიუში ახსენა მან, რომ გასვლისას ბევრმა რესპუბლიკამ, იმის გამო რომ არ არსებობდა გასვლის მექანიზმი, საჩუქრად რუსეთის ტერიტორიები გაიყოლა (იხ. ბმული https://www.google.ru/a…/s/www.svoboda.org/amp/30682965.html ).


თუ გავითვალისწინებთ პუტინის შარშანდელ განცხადებას, თუ ვინ როგორ შევიდა საბჭოთა კავშირში, შევადარებთ მის წლევანდელ სტატიასა და ინტერვიუს, მისი ეს მოსაზრებები საფრთხის შემცველია რუსეთის მთლიანი სამეზობლოსთვის.


არ ვგულისხმობ მაინცდამაინც პირდაპირ სამხედრო აგრესიებს. თუმცა პუტინის თეზისები საფუძვლად დაედება რუსეთის სამეზობლო პოლიტიკას.


რამდენიმე დღეა ყველა არხზე, ყველა ტოკ-შოუ პუტინის სტატიისა და ინტერვიუს დეტალურ განხილვებს ეთმობა


გამახსენდა 27-ე და წინა ყრილობების, ასევე გენმდივნების წერილების, გამისვლების განხილვები.


ყველაზე ნათლად ახალი (ძველი ცნობილია, როგორც ჩვენთან, ისე უკრაინასთან მიმართებაში) საფრთხე უკრაინისთვის იკვეთება.


წამყვან ტოკ-შოუებში სახელისუფლებო "რუპორებმა" უკრაინელ ექსპერტებთან კამათისას ღიად დააფიქსირეს, რომ თუ დონბასში შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება, ე.წ. ნოვოროსიის თემა არ მომკვდარა, რეალურია და, ადრე თუ გვიან, ისევ წამოიწევა. ვერც დიდხანს გაიწელებაო. პარალელურად აჩვენებდნენ უკრაინის რუკას, რომელ წელს, რომელი ტერიტორია დაემატა.


განსაკუთრებით გააქტიურდნენ აშშ-ში მინდინარე პროცესების ფონზე, სადაც, ყველაფერთან ერთად, ისტორიის გადახედვა თუ გადაწერა მიმდინარეობს, რაც რუსეთის პოლიტ-ტექნოლოგებისა და ტელეწამყვანების აზრით, მათ ხელ-ფეხს უხსნის.


ასე რომ, პუტინის ისტორიულ მინიშნებებს რუსეთის მეზობელი სახელმწიფოები მთელი სერიოზულობით უნდა მიუდგნენ და, როგორც მინიმუმ, გამიწვევად აღიქვან. რა თქმა უნდა გამოწვევა იქნება, შესაძლოა საფრთხეც იყოს ჩვენთვისაც.


რაც შეეხება გაბუნიას გამოხტომას, შარშანაც დავწერე, ახლაც ვიმეორებ, - პროვოკაციული იყო, თავიდან ბოლომდე.


გარკვეულ ძალებს პრივატიზებული აქვთ პატრიოტიზმი, ოკუპაციის თემა, რუსეთის ოკუპანტობა. ფიქრობენ და ცდილობენ თავზე მოახვიონ საზოგადოებას, თითქოს, ვინც ყველაზე ხმამაღლა იგინება ან ყვირის, ისაა ყველაზე მაგარი პატრიოტი, გმირი და ვაჟკაცი. თავად ამის არ სჯერათ, სხვებს არწმუნებენ. ვის და რას ემსახურებიან, საკითხავია. ხელისუფლებაში ყოფნისას სხვაგვარად იქცეოდნენ, კონტაქტებს ეძებდნენ, ბოლო დღემდე სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს ავითარებდნენ. ოპოზიციაში ყოფნისას, სხვა სტრატეგია აქვთ.


დედის გინებით რომ საქმე კეთდებოდეს, ან დეოკუპაცია იყოს შესაძლებელი, მსოფლიოს სამხედრო ინდუსტრია გაკოტრდებოდა.


აი ეს იყო, რისი დაწერაც მსურდა პუტინის ისტორიულ, მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით," - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ