დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„კლინიკების მხოლოდ მცირე ჯგუფია, ვისთვისაც ეს კანონპროექტი რატომღაც რისკს წარმოადგენს - დარწმუნებული ვარ, ეს კლინიკები გარკვეული პოლიტიკური ძალების მძევლები არიან“ 25.06.2020 20:25

კლინიკების მხოლოდ მცირე ჯგუფია, რომლისთვისაც ეს კანონპროექტი რატომღაც რისკს წარმოადგენს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კლინიკებიც გარკვეული პოლიტიკური ძალების მძევლები არიან , - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა კითხვას, ჰქონდა თუ არა სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან კონსულტაციები იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაფართოებას ითვალისწინებს. ტიკარაძემ კლინიკებს მოუწოდა, ითანამშრომლონ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა შეთანხმებას მიაღწიონ.

 

„საქართველოში 400-მდე სტაციონარი გვაქვს. რა თქმა უნდა ჩვენ მათთან კონსულტაციები გვაქვს არამხოლოდ ამ საკითხთან, არამედ ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებითაც. კლინიკების მხოლოდ მცირე ჯგუფია, რომლისთვისაც ეს კანონპროექტი რატომღაც რისკს წარმოადგენს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კლინიკებიც გარკვეული პოლიტიკური ძალების მძევლები არიან. აქედან გამომდინარე, მე მათ თხოვნით მივმართავ, რომ ითანამშრომლონ სამინისტროსთან, რათა ისეთ შეთანხმებას მივაღწიოთ, რომელიც მომგებიანი იქნება როგორც კლინიკებისთვის, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ ვართ ის რგოლი, რომლისთვისაც ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ჰოსპიტალური სექტორის ხარისხობრივი და ძლიერი სტრუქტურული ერთეულის არსებობა, ასევე პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო სამედიცინო სერვისების მიწოდება. დღეს დარგობრივმა კომიტეტმა მოიწონა კანონპროექტი, მოხდა გარკვეული ნიუანსების შეთანხმება, სადაც მოხდება დეტალური ჩაშლა, თუ როგორ ხედავს რეგულირების სააგენტო თავისი საქმიანობის ამ კანონის მოქმედების ქვეშ განხორციელებას იმისათვის, რომ ის უსაფრთხო იყოს როგორც პაციენტისთვის, ასევე ჰოსპიტალური სექტორისთვის,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

 

ცნობისთვის, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად,რეგულირების სააგენტო უფლებამოსილი ხდება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პირდაპირი რეაგირება ჰქონდეს პაციენტის საჩივარზე და დაუყოვნებლივ შეისწავლოს შემთხვევა. გარდა ამისა, ცვლილებები შედის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონშიც, რომლის თანახმად, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილი ხდება, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს შეუჩეროს საქმიანობის უფლება, თუკი ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმების პროცესში დარღვევები გამოვლინდება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით კი მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე სამედიცინო საქმიანობის წარმოებისთვის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ