დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ღრმად დარწმუნებული ვიყავი, რომ მსგავი სისულელე, მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებას თუ მოუვიდოდა თავში" 26.06.2020 11:58

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"ყველას მოგეხსენებათ, რომ არსებული ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი ვარ და გული რომ შემტკივა ამ ხელისუფლებაზე, იმიტომ ვწერ ამ სტატუსს. ასეთი რამ ვერც კი წარმომედგინა.


"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს" 29 მაისს, რბილად რომ ვთქვათ, "უცნაური" ნორმა დაემატა. კანონის გარდამავალ დებულებებში შეიტანეს ახალი მუხლი და მიიღეს "მუნიციპალიტეტის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების დროებითი წესი".


არა, ქვეყნა არ დაქცეულა, მაგრამ ისედაც სუსტი ადგილობრივი თვითმმართველობა, რომლის გადასარჩენადაც, როგორც რიგითი რაიანისა, შარშან ქვეყნამ დეცენტრალიზაციის სტრატეგია მიიღო, ამ დროებითი წესით სულ მთლად "გამოასიპეს".


ამ ნორმით შესაძლებელი ხდება, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტოს, რომელი მუნიციპალიტეტის და კონკრეტულად რომელი დასახლებები/მათი გაერთიანებები/დასახლების ნაწილები და შესაძლოა, მთლიანად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაც კი, გაიყვანოს ადგილობრივი ხელისუფლების "იურისდიქციიდან" და ცალკე სიპი შეიქმნას მათ სამართავად!


ღრმად დარწმუნებული ვიყავი, რომ მსგავი სისულელე, მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებას თუ მოუვიდოდა თავში, როცა, მაგ. გუდაური გაიყვანა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის იურისდიქციიდან და მისი მართვა მერ უგულავას ჩააბარა; და იმანაც, იცოცხლე -გუდაურშიც იგულავა და სხვებიც აგულავა. მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ეს მხოლოდ გუდაურში საგულაოდ მოხდა, ახლა კი ასეთი რამ პოტენციურად ნებისმიერ დასახლებაში, სადაც ან ამ, ანდაც რომელიმე მომავალ მთავრობას, ვიდრე ეს დროებითი წესი ძალაში იქნება, გულაობის ცდუნება გაუჩნდება, შეიძლება მოხდეს!


რასაკვირველია, ეს ნორმა არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ფუძემდებლურ პრინციპებს, რაც კონსტიტუციით და ევროპული ქარტიით გვაქვს დადგენილი, არამედ სამართლის ინსტიტუტის, როგორც ლოგიკური სისტემის, არსს - საერთოდაც საღ აზრს ეწინააღმდეგება:


წარმოუდგენელია, რომ სიპი შეიქმნას ისეთი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, რაც ორგანული კანონით უშუალოდ და პირდაპირ არის განსაზღვრული, როგორც ხელისუფლების ორგანოს (ამ შემთხვევაში - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების) უფლებამოსილება. ეს დროებითი წესი, ცხადია, წინააღმდეგობაში მოდის "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" კანონთანაც (სხვათა შორის, ამ კანონით სსიპ-ის დაფუძნება მხოლოდ თბილისს და არა რომელიმე სხვა მუნიციპალიტეტს შეუძლია, რაც ასევე არასწორია).


კურიოზია - მუნიციპალიტეტი თავადვე არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სადაც მოქალაქეთა ინტერესების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით, მათ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე იღებენ მმართველობით გადაწყვეტილებებს. ახლა, ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მუნიციპალიტეტის ტერიტორიიის ნაწილი, ხოლო თეორიულად - მთელი ტერიტორიაც კი, შეიძლება გამოცხადდეს სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საგამგებლო ტერიტორიად!


საუბედუროდ, ამ დროებითი წესის "იმპლიმენტაცია", როგორც გავიგე, უკვე მომხდარა დაბა ბაკურიანში: იქ შეიქმნა ასეთი სსიპი და ბაკურიანი ბორჯომის მუნიციპალიტეტის იურისდიქციიდან პრაქტიკულად გაიყვანეს; ბაკურიანში პრაქტიკულად გაუქმდა თვითმმართველობა და იგი გველეშაპივით რაღაცა სსიპპმა გადაყლაპა. აღარაფერს ვიტყვი, რომ ამ სსიპის დირექტორს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერზე ბევრად მეტი ხელფასი აქვს, ხოლო მისი თანამშრომლების საშტატო ნუსხა და ხელფასები აღარ ექვემდებარება კანონით რეგულირებას; ეს არ არის მთავარი - მთავარი ისაა, რომ თვითმმართველობის ორგანოები ბაკურიანში "აფსაიტში" გავიდნენ და აღარც პასუხს აღარ აგებენ მოსახლეობის წინაშე;


იმის მაგივრად, სისტემურად მოწესრიგებულიყო მუნიციპალიტეტების მიერ როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების საკითხი, რაც დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანადაც განისაზღვრა, მოხდა სრულიად საპირისპირო რამ: შემოღებული იქნა დროებითი წესი, რამაც ისედაც უსისტემო და სპორადული მიდგომა ამ საჭირბოროტო პრობლემისადმი უკვე საბედისწეროდ სახიფათოც კი გახადა, იმდენად, რომ, როგორც აღვნიშნე - სააკაშვილის ხელისუფლებასთან ზღვარიც კი შეიძლება წაიშალოს.


მაინც დიდი იმედი მაქვს, ეს პრობლემა გამოსწორდება და რაც მალე, მით უკეთესი!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ