დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მორაგბეები, ძიუდოისტი, ფეხბურთელი - ვინ არიან 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები? 26.06.2020 21:49

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირის დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად უკვე დაადასტურა, მეტიც, უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს და დანაშაულის კვალიფიკაციაც დამძიმდეს
მაგისტრალზე დამონტაჟებულმა ვიდეო-კამერამაც დააფიქსირა დაპირისპირების კადრები. ჩანაწერებში ჩანს დაპირისპირება გზაზე ფეხით მყოფ პირებსა და მანქანიდან გადმოსულებს შორის რომ მოხდა. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ბრალდებული, ძიუდოისტი, ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი გიგა ტატიაშვილია, ის ჯერ აგარაკზე მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდა, ამის შემდეგ ავტომაგისტრალზე სწორედ გიგა ტატიაშვილი კუთვნილი "მერსედესის" მარკის ავტომობილით მივიდა. როგორც ჩანს, სწორედ ტატიაშვილია ის პირი, რომელსაც ძალოვნები დანაშაულის ორგანიზებას ედავებიან, რადგან ჯერ კიდევ მათ დაკავებამდე ტატიაშვილის მეგობრის თენგო ბარბაქაძის მამა, ხვიჩა ბარბაქაძე ამბობდა, რომ ტატიაშვილი და მისი შვილი გამოერიდნენ სიტუაციას და თბილისში ტატიაშვილის კუთვნილი "მერსედესის" მარკის ავტომობილით დაბრუნდნენ, რომელიც ამ დრომდე პოლიციაში დალუქულ მდგომარეობაშია. ცოტა ხანში კი, კვლავ უკან დაბრუნდნენ, მეგობრების წამოსაყვანადო. იმასაც ამბობენ, ტატიაშვილმა ჯერ კიდევ სუფრიდან დარეკა თავის უბნელებთან და დახმარება ითხოვა, მერე კი თბილისიდან სპეციალურად საქმის გასარჩევად ჩასულ ჯგუფს ისევ უკან გაყვა.

 

ცნობილია, რომ საქმის გასარჩევად სამი ავტომანქანა ჩავიდა მცხეთაში თბილისიდან და მათ შორის იყო ამ სპორტსმენის მერსედერსი, ამის შემდეგ გაგრძელდა ჩხუბი ავტომაგისტრალზე. დაკავებულთა უმრავლესობა "ნახალოვკაში" მცხოვრები ახალგაზრდები არიან, მათ შორის ისინი, რომლებიც თბილისიდან საგანგებოდ მცხეთაში საქმის გასარჩევად ჩავიდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, მათთვის წაყენებული ბრალი 4-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან იმ პირებსაც, რომლებიც "ტოიოტა ქამრით" გადაადგილდებოდნენ და რომლებმაც შაქარაშვილის მეგობარი, გუკა ამირხანაშვილი თბილისში წაიყვანეს. ამ ბრალდებით დაკავებულთა შორის არიან თბილისიდან საქმის გასარჩევად ჩასული მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე, მართალია ბოლო დღეების განმავლობაში, მათი ადვოკატი კონფლიქტში მისი დაცვის ქვეშ მყოფების მონაწილეობას უარყოფდა, თუმცა, ფაქტია, ისინი დღეს განსასჯელის სკამზე სხედან და მოუწევთ იმის ახსნა, მანქანაში, რომელშიც 6 ადამიანი იჯდა, რატომ ჩასვეს გუკა ამირხანაშვილი და ჰყავდათ თუ არა ფსიქოლოგიურ ზეწოლის ქვეშ. ისიც გაირკვევა, მის სხეულზე არსებული დაზიანებები ამ ადამიანებმა ხომ არ მიაყენეს. რაგბისტების ერთ-ერთი ადვოკატი ვასილ მამულაშვილი ადასტურებს გაგნიძის და მახარაძის დაკავების ფაქტს და ამბობს, რომ ისინი სხვადასხვა ადგილზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს. რაც შეეხება ჩვენს კითხვას, ცნობენ თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ, ადვოკატი ამბობს, რომ ისინი ბრალს არ აღიარებენ.

 

"ჩვენ მოვითხოვეთ შესაძლო მტკიცებულებების გადმოცემა, რომლის წარდგენასაც სასამართლოში აპირებენ და იმედია, გონივრულ ვადაში მოგვცემენ ამ მასალებს. არ ცნობენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები თავს დამნაშავედ არანაირ ბრალდებაში", - ამბობს რაგბისტების ადვოკატი მამულაშვილი. ერთ-ერთი დაკავებულის თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატ გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, აგარაკის ინციდენტში გიორგი შაქარაშვილი არ მონაწილეობდა, ხიდთან დაპირისპირებაში კი მისი დაცვის ქვეშ მყოფს გიორგი შაქარაშვილი საერთოდ არ შეუმჩნევია.

 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა. "თენგო ბარბაქაძე დააკავეს დღეს დილით. საუბარია ძალადობის მუხლზე, ვინაიდან სხვა დანარჩენთან შემხებლობა არ ჰქონია. მონაწილეობდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, ჯერ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, შემდგომ ხიდის ეპიზოდში, როდესაც დაინახა მოძალადეები, რომლებმაც გააჩერეს მანქანა და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ხიდის ინციდენტი შესაძლოა დავყოთ რამდენიმე ეტაპად იმიტომ, რომ იქ რამდენიმე მანქანა მონაწილეობდა. როდესაც ის ინციდენტი მოხდა, სადაც თენგო ბარბაქაძე მონაწილეობდა, იყო თუ არა ადგილზე გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი, უცნობია, ვინაიდან, თვითონ ბარბაქაძეს არ უნახავს და რომც დაენახა, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა, ვინაიდან ის არ იყო იმ მოძალადეების რიცხვში, რომელმაც იძალადა თენგო ბარბაქაძესა და მის მეგობრებზე. არავის არაფერი არ ეჭირა, ეს იყო "მერსედესის" მარკის მანქანა, რომელიც იყო ძიუდოისტის მფლობელობაში და თვითონ ტატიაშვილი არ მონაწილეობდა არცერთ დაპირისპირებაში. ვიდეოჩანაწერებზეც ჩანს, რომ გადმოვიდა და მანქანას არ სცილდება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ მიიღო მონაწილეობა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მის მიმართ იძალადეს, აქვს დაზიანებები ფეხზე და ხელზე. შემდგომ თქვა, რომ მეგობრების წამოსაყვანად წასვლისას დაინახეს მოძალადეები და ისევ შევიდნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში," - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ და დასძინა ჩანაწერებში ხელკეტების გამოყენების ფაქტი არ არის ასახულიო.

 

კიდევ ერთი ადვოკატი, დავით ჭიკაიძე ადასტურებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საბა ჩხარტიშვილის დაკავებას. როგორც ჭიკაიძე ამბობს, იგი დღეს დილით, 8 საათზე დააკავეს. მას ძალადობა ედება ბრალად. წარდგენილ ბრალდებაში ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, ამაზე ჯერჯერობით ის არ საუბრობს. "დაკავება საცხოვრებელ სახლში მოხდა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ბრალი 126-ე მუხლით აქვს - ძალადობა. ერთი მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - შაქარაშვილის მკვლელობასთან თუ ამ უბედურებასთან დაკავშირებით ბრალში არაფერია მითითებული, ეს არის ძალადობა, რომელიც სხვისი სხეულის განზრახ მსუბუქი ხარისხით დაზიანებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას გამოვიყენებთ და გამოძიებასთან ამ უფლებით უნდა ვისარგებლოთ. ბუნებრივია, ჩვენ საჯაროდაც განცხადებას ვერ გავაკეთებთ," - აცხადებს ადვოკატი დავით ჭიკაიძე.

 

როგორც ცნობილია, დაკავებულებს შორის არიან მორაგბეები: ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, ნიკა ჟვანია, ასევე "ვიტ ჯორჯიას" 19 წლის ფეხბურთელი, ირაკლი წაქაძე, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი და სხვები. საქმეზე გამოძიება გრძელდება, მალე წარსდგებიან სასამართლოს წინაშე დაკავებული ახალგაზრდები და სასამართლო იმსჯელებს მათთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე, სწორედ ამ სასამართლო პროცესზე გამოჩნდება რომელი ბრალდებული ცნობს მომხდარში თავს დამნაშავედ და განიცდიან თუ არა ისინი ამ უმძიმეს ტრაგედიას.





წყარო: „კვირის პალიტრა“ 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ